ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრი: „კრიმინოგენული სიტუაცია არ გაუარესებულა“

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა 28 ნოემბერს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაცია არ გაუარესებულა.

„ბოლო დღეების განმავლობაში მე მესმის აქტიურად, თითქოს ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაცია გართულდა, გაუარესდა – ეს არ შეესაბამება სიმართლეს“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ. „დასამალი არაფერი არ არის, წვრილმანი ქურდობები შეიძლება იქნა მომატებული და ამას აქვს გარკვეული ობიექტური მიზეზები; კერძოდ, როდესაც ოქტომბერში მოხდა მთავრობის გადაბარება… შეიქმნა გარკვეული ვაკუუმი, პოლიცია იყო აბსოლუტურად დემორალიზებული, არავითარ ინსტრუქციებს არ ღებულობდნენ მოქმედი ხელმძღვანელობისგან“.

„უკვე ათი დღეა, ჩვენ პრაქტიკულად დავასრულეთ საკადრო ცვლილებები ძირითად სტრუქტურებში და პოლიცია სრული დატვირთვით მუშაობს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

შეშფოთება კრიმინოგენული სიტუაციის შესაძლო გაუარესებაზე კიდევ უფრო გაამწვავა ინიციატივამ პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა ფართო ამნისტიის თაობაზე.

პარლამენტმა დაიწყო განხილვები კანონპროექტზე ამნისტიის შესახებ, რომლის ერთ–ერთი ინიციატორიც დეპუტატი ეკა ბესელიაა ქართული ოცნებიდან. ბესელია პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეა.

მართალია მთავრობა მხარს უჭერს ამნისტიას, მაგრამ იგი სიფრთხილეს იჩენს და მოუწოდებს პარლამენტს ისეთი ვარიანტი მიიღოს, რომლითაც ამნისტია უფრო ნაკლებ პატიმარს შეეხება, ვიდრე ამას შემოთავაზებული კანონპროექტი ითვალისწინებს.

შემოთავაზებული კანონპროექტით, მისი არსებული ფორმით დამტკიცების შემთხვევაში, ამნისტია შეეხება სხვადასხვა დანაშაულების ჩამდენ პირებს. კანონპროექტი ამნისტიის რამდენიმე ფორმას ითვალისწინებს, მათ შორის სასჯელისგან შესაძლოა გათავისუფლდნენ პირობით მსჯავრდებული პირები; თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ვადის მიუხედავად პირები, რომლებიც ამ კანონის ძალაში შესვლის დროისათვის მსჯავრდებულნი არიან გაუფრთხიელებელი დანაშაულისათვის; თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ვადის მიუხედავად პირები, რომლებიც ამ კანონის ძალაში შესვლის დროისათვის მსჯავრდებულნი არიან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის; თუმცა, კანონპროექტში ჩამოთვლილია რამდენიმე „ნაკლებად მძიმე დანაშაული“, რომლის ჩამდენებსაც ამნისტია არ შეეხება (მათ შორისაა, სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება; ამომრჩევლის მოსყიდვა და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა დანაშაულები; შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების ხელყოფა და სხვა).

კანონპროექტის თანახმად, სასჯელი უნახევრდებათ იმ არასრულწლოვნებს, ქალებს და პირველად ნასამართლევ პირებს, რომლებიც ბრალდებულნი ან მსჯავრდებულნი არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის; კანონპროექტში დანაშაულის 80–ზე მეტი კატეგორიაა ჩამოთვლილი, რომლებშიც სასჯელის განახევრება მოხდება კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში (მათ შორისაა ტრეფიკინგი, ქურდობა, ძარცვა, გამოძალვა,  ბირთვულ მასალებთან და რადიოაქტიური ნარჩენებთან დაკავშირებული დანაშაულები, ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული დანაშაულები, სამხედრო ხელმძღვანელობის დაუმორჩილებლობა, ამბოხება და ა.შ.).  გარდა ამისა, მოსახდელი (დარჩენილი) სასჯელის ვადა ერთი მესამედით უმცირდებათ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტის არსებული ფორმით დამტკიცების შემთხვევაში, დაახლოებით 3 000 პატიმარი დატოვებს ციხეებს, ხოლო დაახლოებით 5 000–ს საშუალება მიეცემა ვადამდელი გათავისუფლება მოითხოვოს, რადგანაც მათი სასჯელები ან განახევრდება, ან ერთი მესამედით შემცირდება.

27 ნოემბერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოსმენაზე პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სასჯელაღსრულების სამინისტრომ დანაშაულთა იმ კატეგორიების ვრცელი სია წარმოადგინეს, რომელთაც მათი აზრით, ამნისტია არ უნდა შეეხოს. თუ დეპუტატები ამ რეკომენდაციას გაითვალისწინებენ, იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც ამნისტია შეეხებათ, შემცირდება.

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ ამნისტიამ შესაძლოა „რაღაც ეტაპზე“ კრიმინალის გაზრდა გამოიწვიოს, თუმცა დასძინა, რომ „საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს“.

დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ კობა დავითაშვილი საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივით გამოვიდა, რომლითაც ამნისტირებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება.      

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button