სოხუმი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლას ითხოვს
სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იგი კვლავაც დაჟინებით მოითხოვს ჟენევის დისკუსიების არსებული ფორმატის შეცვლას, რათა მონაწილეები დელეგაციების დონეზე იყვნენ წარმოდგენილი მოლაპარაკებებზე.
„მიგვაჩნია, რომ ჟენევის დისკუსიები მნიშვნელოვანი ფორუმია იმისათვის, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის პოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობამდე მივიტანოთ. ამავე დროს, ჟენევის დისკუსიების არსებული ფორმატი აღარ გვაწყობს“, – ნათქვამია სეპარატისტული რეგიონის საგარეო უწყების მიერ 19 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
„აფხაზეთი დაჟინებით ითხოვს დისკუსიების ფორმატის შეცვლას, რათა მონაწილეები დელეგაციების დონეზე იყვნენ წარმოდგენილი. ჩვენი პოზიცია ჟენევის დისკუსიების 21–ე რაუნდზე გახმოვანდა 2012 წლის ოქტომბერში და ვაპირებთ კვლავაც დაჟინებით მოვითხოვოთ ფორმატის შეცვლა შემდგომ რაუნდებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჟენევის დისკუსიების მონაწილეები საქართველოდან, რუსეთიდან, აშშ–დან და ასევე სეპარატისტული სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან მოლაპარაკებებში იმ სუბიექტების დაკონკრეტების გარეშე მონაწილეობენ, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. ფორმალურად ისინი ჟენევის დისკუსიების „მონაწილეებად“ მოიხსენებიან.
ამგვარი ფორმატი 2008 წლის ნოემბერში გამართული მეორე რაუნდის შემდეგ შეთანხმდა სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენელთა სტატუსზე უთანხმოების თავიდან აცილების მიზნით.
იმავე განცხადებაში სეპარატისტული რეგიონის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ მას „არანაირი ილუზია“ არ გააჩნია საქართველოს ახალ მთავრობასთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებაში 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა.
„აფხაზეთის ხელმძღვანელობას არანაირი ილუზია არ აქვს საქართველოს და აფხაზეთის სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტის მოგვარების თითქოსდა „ახალი მიდგომების“ მიმართ, რომელსაც ასეთ ინტენსიურ რეკლამას უკეთებენ საქართველოს მთავრობის ახლად დანიშნული მინისტრები“, – ნათქვამია განცხადებაში.
„როგორიც არ უნდა იყოს დაპირებები „აფხაზეთის დეიზოლაციის შესახებ“, „აღიარების გარდა ჩვენთვის ყველაფრის მოცემის შესახებ“, „აფხაზეთთან პირდაპირი კომუნიკაციის შესახებ“, „აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის შესახებ“, ქართველი სტრატეგების მიზანი ერთია – ნებისმიერი გზით დააბრუნონ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში. ჩვენ ძალიან კარგად ვართ ინფორმირებული იმისათვის, რომ არ აღმოვჩნდეთ რაიმე შესაძლო პოლიტიკურ–დიპლომატიურ ხაფანგში, რომლის დაგებაც ვიღაცას სურს აფხაზეთის ირგვლივ“, – ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)