skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი ფილიპ გორდონს შეხვდა

სავარაუდო დანაშაულები გამოსაძიებელია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნას აცილებული "აღქმა ან რეალობა" რომ ამით შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური ოპონენტების დევნა ხორციელდება, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა თბილისში 16 ნოემბერს. 

„თუ ეს ისე გამოჩნდება ან იქნება მხოლოდ იმისთვის გაკეთებული, რომ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე დევნა მოხდეს, ან თუ ეს მოხდება გაუმჭირვალედ, მაშინ ამისთვის მთელ ქვეყანას მოუწევს ფასის გადახდა,“ – განაცხადა მან.

გორდონმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებზე „შთაბეჭდილება მოახდინა“ საქართველოს დემოკრატიულმა განვითარებამ, მათ შორის „თავისუფალმა და სამართლიანმა“ არჩევნებმა და „ხელისუფლების დემოკრატიულმა და მშვიდობიანმა გადაცემამ“. მისი თქმით, „ეს გარკვეულწილად მაგალითია რეგიონისთვის და მის ფარგლებს მიღმაც“.

„მე ასევე ხაზი გავუსვი რამდენად მნიშვნელოვანია და იქნება მნიშვნელოვანი გაგრძელება, რომ ორივე მხარემ [მთავრობამ და პრეზიდენტმა] ერთად იმუშაონ. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის ადვილი მწვავე საარჩევნო კამპანიის შემდეგ“, – განაცხადა გორდონმა, „ყოველთვის ადვილი არ არის პოლიტიკურ ოპონენტებთან მუშაობა, თუმცა დემოკრატიის აყვავებისთვის ეს აუცილებელია“.

მან ასევე განაცხადა, რომ ამ კონტექტსში პრემიერ–მინისტრ ივანიშვილთან ბოლოდროინდელი დაპატიმრებების საკითხიც განიხილა.

„მე ხაზი გავუსვი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს აბსოლუტურად გამჭირვალე; ყველას სურს, რომ აღსრულდეს კანონის უზენაესობა და ნებისმიერი ადამიანი, ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხისგებაში მიეცეს. მაგრამ ამავე დროს აუცილებელია, რომ თავიდან იქნას აცილებული შერჩევითი დევნის რაიმე აღქმა ან რეალობა და სწორედ ამას გავუსვი ხაზი, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანია საქართველოს რეპუტაციისთვის მსოფლიოში  და ეს არის გზა ევრო–ატლანტიკური ინსტიტუტებისკენ“, – განაცხადა გორდონმა.

მისი თქმით, მწვავე საარჩევნო კამპანიის შემდეგ ორ პოლიტიკურ მხარეს შორის დაძაბულობა გარდაუვალია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ „ამ დაძაბულობამ ხელი არ შეუშალოს კანონის უზენაესობას“.

გორდონმა განაცხადა, რომ საქართველოს ინტერესში არ შედის, რომ ეს დაძაბულობა „რეალურ ბრძოლაში და პოლიტიკური ანგარიშსწორების ქმედებებსა და ბრალდებებში“ გადაიზარდოს.

„მე ნათლად განვაცხადე პრემიერ–მინისტრთან, რომ არავის სურს იხილოს კანონის უზენაესობის არარსებობა და თუ ადამიანებს დანაშაულში ედებათ ბრალი, ეს დანაშაულები გამოძიებულ უნდა იქნას და ადამიანები პასუხისგებაში მიეცენ“, – განაცხადა მან, „მაგრამ მე ასევე ნათლად განვაცხადე, რომ ამ კონტექსში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს სრული სიცხადე, როგორც აღქმის თვალსაზრისით, ასევე რეალობაში, თუ როგორ კეთდება ეს. თუ ეს ისე გამოჩნდება ან იქნება მხოლოდ იმისთვის გაკეთებული, რომ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე დევნა მოხდეს, ან თუ ეს მოხდება გაუმჭირვალედ, მაშინ ამისთვის მთელ ქვეყანას მოუწევს ფასის გადახდა. ეს იყო ჩემი გზავნილი პრემიერ–მინისტრის მიმართ. ყველას უნდა, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, მაგრამ ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ სრულად იქნას აღიარებული შესაბამისი  სამართლებრივი პროცედურის და გამჭირვალობის საჭიროება და ვიმედოვნებთ, რომ ამას ვნახავთ საქართველოს წინსვლის გზაზე“.

გორდონთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი სრულად იზიარებს მოწოდებებს, რომ მაქსიმალური გამჭირვალობა იქნას უზრუნველყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ პროცედურებში.  
  
„ვიზიარებ მათ წუხილს და კარგად მესმის, რომ როდესაც ახალი ძალა მოდის და ასეთი დაჭერები ხორციელდება, ბევრი კითხვა აღიძვრის ყოველთვის, განსაკუთრებით დემოკრატიული ქვეყნებიდან, რომლებიც შეჩვეულნი არ არიან ასეთ პროცესებს, რომ ახალი ხელისუფლება ძველი ხელისუფლების მინისტრებს იჭერს. აბსოლუტურად გასაგებია მათი შეშფოთება ამ მხრივ. ჩვენ ვცდილობთ და მომავალშიც შევეცდებით, რომ მაქსიმალური განმარტებები გავაკეთოთ და მაქსიმალურად ავუხსნათ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს და პირველ რიგში აშშ-ს, რომ ჩვენი ყველა ქმედება ამ მხრივ არის დემოკრატიული,  ეს არ არის არცერთ შემთხვევაში პოლიტიკური დევნა, ეს არ არის შერჩევითი სამართალი. ჩვენ მომავალშიც მოვახერხებთ და მაქსიმალურ განმარტებებს გავაკეთებთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის განცხადებით, პრემიერ–მინისტრმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ „მისი სურვილია აშშ–საქართველოს ურთიერთობა კვლავ ისეთივე ძალიან ძლიერი იყოს, როგორც ის ახლაა“.  

„პრემიერ–მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ინტერესს და მის ინტერესს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობის გაგრძელებაში, რაც ნამდვილად წარმოადგენს იმ პრიორიტეტს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ“, – განაცხადა გორდონმა და დასძინა, რომ აშშ კვლავაც მზად არის დაეხმაროს საქართველოს. 

„მან კიდევ ერთხელ გამოხატა ინტერესი ნატოს წევრობის და დასავლეთში ინტეგრაციის მიმართ და საქართველოში თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მხარდაჭერის მიმართ. და ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ მას ვაშინგტონში ვუმასპინძლოთ დიალოგის გასაგრძელებლად. ამ მთავრობასთან ჩვენი ურთიერთობები ძლიერია“, – განაცხადა გორდონმა. 
 
პრემიერმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ყველაფერს გავაკეთებთ“ იმისათვის, რომ შეერთებული შტატების საქართველოს ახალ მთავრობასთან ურთიერთობა  „მოხერხებული“ იყოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button