რასმუსენი „უკიდურესად შეშფოთებულია“ დაკავებებით
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა 12 ნოემბერს, რომ იგი „უკიდურესად შეშფოთებულია“ ბოლო დროს საქართველოს ახალი მთავრობის „პოლიტიკური ოპონენტების“ დაკავებების გამო.
ყოფილი თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია, ასევე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე და მე–4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა გასულ კვირას დააკავეს და ერთი წლის წინ ჯარისკაცების ცუდ მოპყრობაში დასდეს ბრალი. მოგვიანებით კალანდაძე და შამათავა გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხოლო ახალაიას, რომელსაც თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლითაც წაუყენეს ბრალი, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გაერთიანებული შტაბის უფროსს გიორგი კალანდაძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდა.
პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ დაგმო დაკავებები და წინა მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ ახალი ხელისუფლების პოლიტიკური რეპრესიების დაწყებად შეაფასა. თუმცა, ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ დაკავებები „სამართლიანობის აღდგენის“ კამპანიის ნაწილია, რაც ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ, სავარაუდოდ, ჩადენილი კანონდარღვევების გამოძიებას გულისხმობს.
პრაღაში 12 ნოემბერს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა მას შემდეგ, რაც მას საქართველოს შესახებ ჰკითხეს, რომ იგი დადებითად აფასებს იმ გზას, რომლითაც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და დასძინა, რომ საქართველომ „ლაკმუსის ტესტი ჩააბარა დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით“.
მისი თქმით, იგი ასევე დადებითად აფასებს იმას, თუ როგორ მოხდა ხელისუფლების გადაცემა არჩევნების შემდეგ. „ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა“, – განაცხადა მან.
თუმცა რასმუსენმა ასევე დასძინა: „არ არსებობს არანაირი საფუძველი დავმალო, რომ მე უკიდურესად შეშფოთებული ვარ იმ განვითარებით, რომელიც მას შემდეგ ვიხილეთ [არჩევნების და ხელისუფლების გადაცემის შემდეგ], რაც უკავშირდება საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დაკავებებს“.
„მე არ ვაპირებ საქართველოს სასამართლო სისტემაში ჩარევას. ამ საკითხების გადაწყვეტა საქართველოს სასამართლო სისტემის საქმეა. მაგრამ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ამ საქმეების ძირის გამოთხრა პოლიტიკური ჩარევით“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ნატო „ძალიან ყურადღებით“ დააკვირდება მიმდინარე მოვლენებს.
იმავდროულად, 12 ნოემბერს ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „დემოკრატიის მომავალი აღმოსავლეთ სამეზობლოში“, რომლის ნაწილი საქართველოსაც ეხება. ეხმიანება რა პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის განცხადებებს, რეზოლუცია შეშფოთებას გამოხატავს „გავრცელებულ ინფორმაციაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტებზე და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე განხორციელებული ზეწოლის გამო და მოუწოდებს საქართველოს ახალ მთავრობას თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისგან“.
იურიდიულად არასავალდებულო რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ნატოს წევრ სახელმწიფოებს საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხი განიხილონ, რათა „უზრუნველყოფილ იქნას უფრო ყოვლისმომცველი დაკვირვება მის პოლიტიკურ და ინსტიტუციონალურ რეფორმებზე“.
12 ნოემბერს ნატოს გენერალური მდივანი პრაღაში პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა, რომელიც ასევე მონაწილეობს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში.
სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ძალიან სამწუხაროა“ გენერალური მდივნის „ძალიან კრიტიკული ტონი“.
„პრაქტიკულად არ მახსოვს კრიტიკული ტონი ნატოს მხრიდან მთელ ამ წლებში საქართველოს მიმართ და ასეთი კრიტიკული ტონი რომელიმე ქვეყნის მიმართ იშვითად მახსოვს“, – განაცხადა მან, „მე ვფიქრობ, ეს იძლევა დაფიქრების საფუძველს“.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბოლო დროინდელმა დაკავებებმა ნატოს სამხედრო კომიტეტის „ძალიან მნიშვნელოვანი“ ვიზიტი, რაზეც „ამდენი წელია ვმუშაობდით“, ჩაშალა.
„ახლა მე ნატოს გენერალურ მდივანს ველაპარაკებოდი, რომ იქნებ გაზაფხულზე მაინც გავაკეთოთ [ვიზიტი]“, – განაცხადა მან და იმედი გამოთქვა, რომ დეკემბერში ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მაინც არ ჩაიშლება.
მისი თქმით, არჩვნების შემდეგ ხელისუფლების „უხავერდოვანესი“ გადაბარებით ქვეყანას ქონდა შანსი „დეკემბერში მართლაც ნახტომი გაგვეკეთებინა წინ“ ნატოში ინტეგრაციის გზაზე.
„თუ ახლა MAP-ს არა, ამ სიტუაციაში არ ვიცი როგორ შეიძლება ეს გამოვიდეს, მაგრამ რაღაც პროგრესი მაინც, რაღაც სიგნალი წამოვიდეს [საქართველოსკენ მინისტერიალიდან]“, – აღნიშნა მან.
„გენერალური მდივნისთვის ჩემი გზავნილი იყო, რომ მას შემდეგ, რაც მან შეშფოთება გამოთქვა, ამან არ უნდა შეაჩეროს საქართველოს წინსვლა ნატოში“, – განაცხადა სააკაშვილმა, „მთავრობები საქართველოში მოვლენ და წავლენ, პრეზიდენტები საქართველოში მოვლენ და წავლენ და ჩვენ აუცილებლად უნდა შევიდეთ ნატოში“.
მისი თქმით, ალიანსთან დაკავშირებული საკითხები მასსა და ახალ მთავრობას შორის „კინკლაობის თემა არ უნდა იყოს“ და ქვეყნის ინტერესები არ უნდა „დაზარალდეს გამოუცდელობის ან ვიღაცის თუნდაც სხვა ზრახვების გამო“.
„მე მაგალითად, როცა გენშტაბის უფროსი გარეთ გამოუშვეს, მოვიწვიე და კიდევ ერთხელ მივეცი შანსი ახალ მთავრობას, რომ ეს ინციდენტი გვერდზე მოგვეტოვებინა, დაენებებინათ თავი და იქნებ არ ჩაშლილიყო ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, მათ ეს შანსი არ გამოიყენეს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„ცოტა მაინც მოეთმინათ, რამდენიმე კვირა მაინც მოეთმინათ, მართლა არ მესმის რა საჭირო იყო ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მიებას ნატოს.
„არ შეიძლება ეს გადავიყვანოთ პოლიტიკური დაპირისპირების ასპექტში. ჩვენ ქვეყანას დავაზარალებთ ამით“, – აღნიშნა მან.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, „იმედია, ეს ახალ მთავრობას განგებ კი არ მოსდის, არამედ მოსდის გამოუცდელობით“.
„ალბათ შეიძენენ ახალ გამოცდილებას უცხოური ვიზიტებით“, – განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ მიესალმება პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიმდინარე ვიზიტს ბრიუსელში.
"მე ვფიქრობ, მისთვისაც ეს ბევრ რაღაცაზე ინფორმაციის მომცემი და სასარგებლო გამოდგება და საქართველოს ინტერესებს უფრო ნათლად დაინახავს ამ მთავრობის თითოეული წევრი", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)