skip to content
ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის საკუთარ კანდიდატს ასახელებს

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ ნინა ხატისკაცი სახალხო დამცველის ვაკანტურ პოსტზე საკუთარ კანდიდატად დაასახელა.

ხატისკაცი, რომლის კანდიდატურაც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ბოლო რვა წლის განმავლობაში უფლებადამცველ ორგანიზაციაში „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ მუშაობდა. 2012 წლის ივლისამდე იგი პროგრამის დირექტორი იყო, სანამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო მას სამსახურიდან დაითხოვდნენ. ხატისკაცმა მაშინ აცხადებდა, რომ სამსახურიდან უსაფუძვლოდ გაანთავისუფლეს.

პრეზიდენტს, საპარლამენტო ფრაქციას ან ექვსი დეპუტატისგან შემდგარ ჯგუფს, რომელიც არც ერთ ფრაქციაში არ არის გაერთიანებული, უფლება აქვს დაასახელოს კანდიდატი სახალხო დამცველის პოსტზე. რამდენიმე კანდიდატის არსებობის შემთხვევაში, პარლამენტმა თითოეულ მათგანს უნდა უყაროს კენჭი და ის კანდიდატი, რომელიც დეპუტატების ყველაზე მეტ, თუმცა არანაკლებ 76 ხმას მოიპოვებს, დამტკიცდება ამ პოსტზე.  

სახალხო დამცველის პოსტზე რამდენიმე შესაძლო კანდიდატი განიხილებოდა, რომლებიც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაასახელეს. მათ შორის იყვნენ იურისტი თამარ გურჩიანი; უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი; ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე; ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი; ნათია იმნაძე, სახალხო დამცველის აპარატთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ხელმძღვანელი; და ლია მუხაშავრია ორგანიზაციიდან „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“.   

თავად ხატისკაცი თავდაპირველად მხარს უჭერდა თამარ გურჩიანის კანდიდატურას, თუმცა როგორც მან თავად განაცხადა, გადაწყვიტა მიეღო „ქართული ოცნების“ შემოთავაზება კანდიდატად დასახელების თაობაზე მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ გურჩიანის კანდიდატურა საერთოდ არ განიხილებოდა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ.

დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ „ქართული ოცნებიდან“ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შეთანხმდა, რომ ხატისკაცის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი.
 
ხატისკაცის მეუღლე ქართული ოცნების აქტივისტი იყო, რომელიც მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წინასაარჩევნო კამპანიაში ეხმარებოდა. ხატისკაცი აცხადებს, რომ მისი მეუღლე არასდროს ყოფილა მაღალი რანგის წარმომადგენელი „ქართულ ოცნებაში“ და ეს ვერ გახდება საფუძველი იმის თქმისა, რომ იგი, როგორც სახალხო დამცველი, მიკერძოებული იქნება.
   
„ჩემი მეუღლე არ არის ქართული ოცნების წევრიც კი“, – განუცხადა ხატისკაცმა საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“–ს 7 ნოემბერს. „ის იყო „ქართული ოცნების“ აქტივისტი, რომელიც ეხმარებოდა და მხარს უჭერდა და წინასაარჩევნო კამპანიაში იყო ჩაბმული თავისი მეგობრის სასარგებლოდ, რომელიც იყო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი [მესტიაში] და შემდგომში ის გახდა დეპუტატი. ის, რა თქმა უნდა, იზიარებს მათ პრინციპებს და სწორედ ამიტომ ედგა გვერდში [ქართულ ოცნებას]…. თუმცა ეს ვერანაირად ვერ გახდება საფუძველი იმისათვის, რომ სახალხო დამცველს ხელი შეეშალოს თავისი საქმიანობის განხორციელებაში და ის იყოს მიკერძოებული“. 

სახალხო დამცველის პოსტი 20 სექტემბრის შემდეგ ვაკანტურია მას შემდეგ, რაც მაშინდელი ომბუდსმენი გიორგი ტუღუში პრეზიდენტმა სააკაშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშნა, ციხის სკანდალის შემდეგ. ტუღუშმა მინისტრად ხუთი კვირა იმუშავა, რის შემდეგაც იგი ამ პოსტზე ასევე ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა შეცვალა მას შემდეგ, რაც ახალი მთავრობა პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით თავისი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. 

თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა ტუღუშს სახალხო დამცველის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება არ ჰქონდა დაწერილი, რის გამოც პარლამენტი გეგმავს მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button