
პარლამენტმა 13 წევრს „ქართული ოცნებიდან“ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა
პარლამენტმა „ქართული ოცნების“ 13 დეპუტატს, რომელთაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობები დაიკავეს, უფლებამოსილება შეუწყვიტა.
თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ: თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას; შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს; იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს; სასჯელაღსრულების მინისტრს სოზარ სუბარს; საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს; ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს კახი კალაძეს; ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს; კულტურის მინისტრს გურამ ოდიშარიას; სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილს; სახელმწიფო მინისტრს ევროპის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილს; მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს; შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებს ლაშა ნაცვლიშვილისა და გელა ხვედელიძეს.
გამოკლებული წევრების ნაცვლად ახალი დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე კოალიციას, რომელმაც არჩევნების შედეგად 85 მანდატი მოიპოვა, დროებით 72 დეპუტატი ეყოლება საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა უახლოეს პერიოდში ეს ოდენობა 82–მდე შეივსება.
„ქართული ოცნების“ ყოფილი 13 დეპუტატიდან ათს იმის გამო, რომ ისინი პროპორციული სისტემით იქნენ არჩეული პარლამენტში, საარჩევნო ბლოკის სიაში მომდევნო მათივე თანაპარტიელები ჩაანაცვლებენ.
კერძოდ, პარლამენტმა უახლოეს ხანებში უნდა ცნოს ბიძინა ივანიშვილის პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს 7 ახალი წევრის; ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატების – 2; რესპუბლიკელების 1 წარმომადგენლის სადეპუტატო უფლებამოსილება.
13–დან სამი ყოფილი დეპუტატი მაჟორიტარული წესით იყო არჩეული. სამტრედიის ოლქში კახი კალაძის, ნაძალადევში – თეა წულუკიანის, ხოლო ბაღდათში არჩილ კბილაშვილის ადგილმონაცვლეები ამ ერთმანდატიან ოლქებში შუალედური არჩევნების შედეგად უნდა იქნან არჩეულნი.
ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით შუალედური არჩევნები მხოლოდ ოქტომბრის თვეში იმართება.
თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ უკვე შეიმუშავა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც, მაჟორიტართა ვაკანსიების შევსება, დაახლოებით, 2-ჯერ ნაკლებ დროში გახდება შესაძლებელი.
საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, შუალედური არჩევნები შეიძლება გაიმართოს წელიწადში ორჯერ – აპრილსა და ოქტომბერში. კერძოდ, თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე, შუალედური არჩევნები გაიმართება იმავე წლის ოქტომბერში, წინააღმდეგ შემთხვევაში – უახლოეს აპრილში, ნათქვამია კანონპროექტში, რომელსაც პარლამენტი განიხილავს.