
პრეზიდენტის ადმინისტრაცია სასახლის მიმდებარე ტერიტორიის განათების გამორთვას ხარჯების მოსალოდნელ შემცირებას უკავშირებს
პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში. ფოტო: Civil.ge
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა 6 ნოემბერს, რომ იძულებულია გამორთოს პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის განათება მომავალი წლისთვის ადმინისტრაციის ხარჯების 4.93 მლნ ლარით დაგეგმილი შემცირების გამო.
„იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ახალი ბიუჯეტის მიხედვით დაფინანსება შეუმცირდა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მიგვემართა იძულებითი ღონისძიებებისათვის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე განათება, გარდა დაცვისათვის განკუთვნილი პერიმეტრისა, რომელიც უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებლობას წარმოადგენს, გამოგვერთო“, – ნათქვამია პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებაში.
პრესსპიკერი აქვე განმარტავს, რომ ადმინისტრაციის „ძირითადი ხარჯები ეხება გარე განათებას, რაც თავის მხრივ ჩვენი დედაქალაქის გალამაზებას ემსახურებოდა“.
„მაგრამ ახალი ბიუჯეტის გამო, რაც ითვალისწინებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის ხარჯების შემცირებას, იძულებულები ვართ, განათება გამოვრთოთ“, – აცხადებს პრესსპიკერი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის არც მიმდინარე და არც მომავალი წლის დაფინანსება ჯერ არ შემცირებულა, თუმცა ახალი წლიდან ამ ხარჯების შეკვეცა იგეგმება.
2013 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რომელიც მთავრობამ პარლამენტს განსახილველად წარუდგინა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება წელს არსებული 14.16 მლნ ლარიდან მომავალ წელს 9.23 მლნ ლარამდე შემცირდება.
პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 2 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი მთავრობა შეამცირებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებას და დასძინა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი 800 000 ლარს ხარჯავს ყოველწლიურად პრეზიდენტის სასახლის ელექტროენერგიით მომსახურებაზე.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია სახელმწიფო კანცელარიაში იყო განთავსებული, სადაც ის ამ შენობას პრემიერ–მინისტრთან ერთად იყენებდა, ამავე შენობაში ამჟამადაც ფუნქციონირებს ეროვნული უშიშროების საბჭო და რამდენიმე სხვა სახელმწიფო სტრუქტურა. 2009 წლის ივლისში პრეზიდენტი სააკაშვილი 2004–2009 წლებში აშენებულ პრეზიდენტის სასახლეში გადავიდა.
მომავალი წლისთვის დაგეგმილი 9.23 მილიონი ლარი ყველაზე დაბალი დაფინანსება იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციისთვის ბოლო რვა წლის მანძილზე.
2004 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 8.45 მილიონ ლარს შეადგენდა; 2005 წელს ის 10.3 მილიონ ლარამდე, ხოლო 2007 წელს 22.2 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რის შემდეგაც კლების ტენდენცია დაიწყო და 2008 წელს დაფინანსებამ 21.6 მილიონ ლარამდე იკლო; 2009 წელს იყო 20.2 მილიონი ლარი; 2010 წელს – 17 მილიონი, ხოლო 2011 წელს 14 მილიონი ლარი შეადგინა.
გარდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების შემცირებისა, ახალი მთავრობა ასევე გეგმავს 2013 წელს ხუთჯერ შეამციროს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა.
2012 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსება 50 მილიონ ლარს შეადგენს; ეს მაჩვენებელი 10 მილიონ ლარამდე შემცირდება, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად.