ახალი ამბები

აპატურაი: ‘საქართველო ტესტს აბარებს’

საპარლამენტო არჩევნები ლაკმუსის ტესტი იყო საქართველოს დემოკრატიისთვის და „ამ ტესტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაბარებულია“, განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ 18 ოქტომბერს თბილისში.

მისი თქმით, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები სავარაუდოდ აღიარებენ ამას, როცა დეკემბერში შეიკრიბებიან, თუმცა ნატოს ჯერ კიდევ გადასაწყვეტი აქვს, როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოსთან ურთიერთობებში.

აპატურაი 18 ოქტომბერს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას და საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს შეხვედრა.

მან განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემის მიმდინარე პროცესი „იმის ნიშანი და დემონსტრირებაა, რომ საქართველო ნორმალური ქვეყანა ხდება“. აპატურაიმ ასევე აღნიშნა, რომ ეს ცვლილება საქართველოში წლების მანძილზე მიმდინარე რეფორმების წყალობითაც  გახდა შესაძლებელი.

„გენერალურმა მდივანმა როგორც პრეზიდენტ სააკაშვილს, ისე ბატონ ივანიშვილს    განუცხადა, რომ არჩევნები იყო და არის ლაკმუსის ტესტი და რომ ამ ტესტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაბარებულია“, – განაცხადა აპატურაიმ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ პროცესი ჯერ არ დაგვისრულებია“, – განაგრძო მან, „ახლა ტრანზიციის პროცესში ვიმყოფებით და ეს არის ის, რასაც სიფრთხილით და პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ, და როგორც უკვე განვაცხადე, კანონებთან და კონსტიტუციასთან დაკავშირებით, სწორედ ეს არის, რაც ახლა ხდება და ეს ძალიან, ძალიან კარგია“.

„მაგრამ ჩვენ, ისევე როგორც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, კვლავაც დავაკვირდებით როგორ განვითარდება ტრანზიციის პროცესი“, – განაცხადა აპატურაიმ.

მისი თქმით, ნატო არა მხოლოდ მაღალ დონეებზე დააკვირდება ტრანზიციის პროცესს, ახალი მინისტრების დანიშვნის ჭრილში, არამედ იმასაც, თუ როგორ განხორციელდება ტრანზიცია სამინისტროების შიგნით, თუ როგორ „შეინარჩუნებენ ისინი პროფესიონალებს, რომელთაც შეუძლიათ იმ საქმის კეთება, რომელიც რეფორმებისთვის და დანარჩენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობისთვისაა საჭირო“.

„მივესალმებით იმ გზას, რა გზითაც ეს განხორციელდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვნახავთ იმას, თუ რას მოუტანს ეს საქართველოს ნატოსთან ურთიერთობას. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან მუშაობას, რათა მხარი დავუჭიროთ იმ რეფორმებს და ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს ნატოსთან დაახლოებისთვის და საბოლოოდ, ნატოში გაწევრიანებისთვისაა საჭირო“, – განაცხადა მან. 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა გასულ კვირას, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიული ჩატარება საქართველოს ნატოს წევრობასთან დაახლოებაში დაეხმარება. მან ასევე განაცხადა, რომ დეკემბერში ნატოს მინისტერიალზე „შესაძლებელი იქნება, რომ მიიღონ ახალი გადაწყვეტილებები“.

კითხვაზე, თუ რას უნდა ელოდეს საქართველო ამ მინისტერიალისგან, აპატურაიმ უპასუხა, რომ ნატოს მოკავშირეებს ჯერ არ განუხილავთ, თუ რა უნდა მოხდეს შემდეგ.

აპატურაიმ არ გამორიცხა ნატო–საქართველოს კომისიის სხდომის ჩატარება დეკემბერში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში; თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ნატოს ჯერ არ განუხილავს, თუ რა სახის შეხვედრები შეიძლება გაიმართოს ნატოს მინისტერიალის დროს.

„მოკავშირეებს ჯერ არ განუხილავთ, თუ როგორ უნდა დაახასიათონ ან ეს არჩევნები, ან ის, თუ რა იქნება შემდეგ… მოკავშირეებმა ნამდვილად განაცხადეს, რომ ეს არჩევნები მნიშვნელოვანი ტესტი იყო; ეს არის ტესტი, რომელიც ჩემი აზრით და ვიცი, რომ გენერალური მდივნის აზრითაც, ბარდება; მათ ენდომებათ ამის აღიარება და შემდეგ ჩვენ დავინახავთ, თუ როგორ შეაფასებენ, რა ნაბიჯები უნდა დავსახოთ ურთიერთობაში“, – განაცხადა მან.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების და ხელისუფლების გადაცემის შედეგად ტესტის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლდეს დისკუსია საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესის თაობაზე და განახლდეს ეს დისკუსია ძალიან სწრაფად“.

„ამიტომ, ეს ვიზიტი არის ძალიან დროული“, – განაცხადა ბოკერიამ, „მე იმედი მაქვს, რომ ის გზავნილი, რომელიც ჯეიმს აპატურაიმ მიიღო ჩვენგან, გზავნილი იმის თაობაზე, რომ ეს კურსი არის ურყევი და უნდა შენარჩუნდეს, იგივე გზავნილს მიიღებს მომავალი პრემიერისგან“.

აპატურაიმ განაცხადა, რომ მან მომავალი მთავრობისგან იმედისმომცემი განცხადებები მოისმინა, რომლებიც საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე ხალხის ფართო ნებას ასახავენ.

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ ასევე გამოხატა მზადყოფნა ავღანეთში ISAF–ის მისიაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ირაკლი ალასანიამ, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ განაცხადა, რომ საქართველო ავღანეთიდან თავისი ძალების გამოყვანაზე ზრუნვას 2014 წლისათვის დაიწყებს.

საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა ავღანეთში ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების მომზადების გზით თავისი წვლილი 2014 წლის შემდეგაც შეიტანოს მას მერე, რაც ალიანსის ძალები დატოვებენ ქვეყანას.

აპატურაიმ განაცხადა, რომ მართალია მომავალი მთავრობის საჯარო განცხადებებიდან ნათელია, რომ ისინი განაგრძობენ ISAF–ის მისიაში მონაწილეობას, ბიძინა ივანიშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე იგი შეეცდება გაარკვიოს მომავალი პრემიერ–მინისტრის პოზიცია მისიის 2014 წლის შემდეგ გაგრძელებასთან დაკავშირებით. 

მისი თქმით, საქართველო უკვე ფიგურირებს ავღანეთში ნატოს 2014 წლის შემდგომი მისიის დაგეგმარებაში.

„საქართველო ჩვენთვის მთავარი პარტნიორია და არც გვინდა, რომ გეგმები საქართველოს გარეშე დავსახოთ; ისინი ჩართულები არიან; ამ დაგეგმარების ნაწილს ქვეყნების მცირე ჯგუფი წარმოადგენს“, – განაცხადა მან. „იმედზე და გარკვეულწილად ვარაუდზეა დაფუძნებული, რომ საქართველოს ენდომება არსებითი და კონკრეტული წვლილი შეიტანოს 2014 წლის შემდგომ მისიაში“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button