ახალი ამბები

ივანიშვილის მომავალი მთავრობა



"ქართული ოცნების" ლიდერმა და მომავალმა პრემიერ–მინისტრმა ახალი მთავრობის დარჩენილი მინისტრობის კანდიდატები 16 ოქტომბერს დაასახელა. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

მინისტრთა მომავალი კაბინეტის წევრების უმრავლესობის დასახელებიდან ერთი კვირის თავზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 16 ოქტომბერს მინისტრთა დარჩენილი კანდიდატები დაასახელა, ორი სამინისტროს მომავალ ხელმძღვანელობაში ცვლილებები განახორციელა და მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილებების ზოგიერთი დეტალი გააჟღერა.

ყოფილი ფეხბურთელი კახი კალაძე, რომელიც თავდაპირველად რეგიონული განვითარებისა და ინფრსტრუქტურის მინისტრობის კანდიდატად იყო წარდგენილი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ჩაიბარებს. კალაძე ივანიშვილის მთავრობაში იქნება ასევე პირველი ვიცე–პრემიერი.

ჯანდაცვის მინისტრად წარდგენილი ამირან გამყრელიძე ამ თანამდებობას აღარ დაიკავებს. მან თავის განცხადებაში მიზეზად მისი შვილის სადაზღვევო სექტორში საქმიანობა დაასახელა. ამირან გამყრელიძე, რომელიც შევარდნაძის მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრი იყო, ბიძინა ივანიშვილის მრჩევლად დარჩება ამ დარგში.

მინისტრობის სხვა კანდიდატები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა 16 ოქტომბერს დაასახელა, არიან:

  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატი – დავით სერგეენკო;
  • ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი – ნოდარ ხადური (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო);
  • განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატი  –  გიორგი მარგველაშვილი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი – გიორგი კვირიკაშვილი;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატი – დავით დარახველიძე (ეროვნული ფორუმი);
  • გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატი – ხათუნა გოგალაძე;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი – დავით ნარმანია.

ბიძინა ივანიშვილს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის კანდიდატურა არ დაუსახელებია. მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში ოთხი თვის წინ შექმნილი ამ უწყების გაუქმება იგეგმება, თუმცა ვიდრე ეს გადაწყვეტილება საკანონმდებლო დონეზე გაფორმდება, მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში წარდგენისას, სავარაუდოდ, დასაქმების სახელმწიფო მინისტრის კანდიდატურის ფორმალური წარდგენაც უნდა მოხდეს. 

დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, ივანიშვილის თქმით, გაუქმდება რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რის შედეგადაც კიდევ უფრო გამსხვილდება ეკონომიკის სამინისტრო. კერძოდ, ინფრასტრუქტურის კომპონენტი შეუერთდება ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო რეგიონული განვითარების სამსახური დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდება, რომელიც პრემიერ–მინისტრს დაექვემდებარება.

გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს მმართველობაში გადავა ბუნებრივი რესურსების სფერო, რომელიც 2011 წლის მარტიდან ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია მას შემდეგ, რაც ის გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციებს ჩამოაშორეს.

ეკონომიკის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გიორგი კვირიკაშვილი, რომელსაც განათლება აშშ–შიც აქვს მიღებული, ივანიშვილის კუთვნილი „ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორი იყო. ამ ბანკიდან ის, დაახლოებით, ერთი წლის წინ მენეჯმენტის შეცვლის დროს წავიდა. კვირიკაშვილი 1999–2004 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მუშაობდა. ის პარლამენტში მაშინდელი მმართველი პარტიის, მოქალაქეთა კავშირის სიით მოხვდა, თუმცა თავისი სადეპუტატო უფლებამოსილება ახალი მემარჯვენეების ფრაქციაში ამოწურა, რომლის წევრიც ის "მემარჯვენეების" პარტიის დაარსებიდანვე გახდა. 

ფინანსთა მინისტრად წარდგენილია ეკონომიკის დოქტორი ნოდარ ხადური, რომელიც 2003–2004 წლებში ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა და იმავდროულად უწყების საპარლამენტო მდივნის ფუნქციას ასრულებდა. მანამდე ის პარლამენტის შემოსავლების კომიტეტის აპარატს ხელმძღვანელობდა სამი წლის მანძილზე. ივანიშვილის პარტიაში შესვლამდე, ხადური პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი იყო. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს 2012 წლის აგვისტომდე, ვიდრე მას კონტრაქტს გაუწყვეტდნენ, როგორც თავად ამბობდა, პოლიტიკური პოზიციის გამო. 

კალაძის შემთხვევის მსგავსად, ხადურის წარდგენაც მისთვის წინასწარ გამოცხადებული თანამდებობიდან გადახვევა იყო. 8 ოქტომბერს ივანიშვილმა ხადური, რომელიც „ქართული ოცნების“ პარტიული სიით არჩეული დეპუტატია, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის მომავალ ხელმძღვანელად წარადგინა. ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ ჩაიბარებს ამ კომიტეტს ახალ პარლამენტში. 

ნოდარ ხადურის ფინანსთა მინისტრად დამტკიცების შემდეგ  მისი პირველი მოადგილის თანამდებობას მოგვიანებით დაიკავებს დავით ნარმანია, რომელიც მანამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უხელმძღვანელებს მოკლე ვადით, მანამ მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება. ეკონომიკის დოქტორი დავით ნარმანია, რომელიც პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, 2009 წლიდან „კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის“ (CIESR) აღმასრულებელი დირექტორია; ის ასევე მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში ხელმძღვანელობაში.

ივანიშვილის მთავრობაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ამჟამინდელი რექტორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი დაიკავებს. მარგველაშვილი 2008 წლის ზაფხულში ნინო ბურჯანაძის მიერ დაფუძნებული დემოკრატიული განვითარების ფონდის მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდა, თუმცა ამ ფონდის საქმიანობას მას შემდეგ ჩამოშორდა, რაც ბურჯანაძემ რამოდენიმე თვეში თავისი პარტია დააფუძნა. მარგველაშვილი 90–იანი წლების ბოლოს ასევე მუშაობდა აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თბილისის ოფისში, სადაც ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტებს კურირებდა.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ მარგველაშვილი მინისტრის რანგში აქტიურად ითანამშრომლებს განათლების და მეცნიერების რეფორმების დაგეგმილ სახელმწიფო კომისიასთან, რომელიც პრემიერ–მინისტრის აპარატში შეიქმნება. ამ კომისიას საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი გია დვალი უხელმძღვანელებს, რომელიც ივანიშვილის თქმით, ასევე განიხილებოდა განათლების მინისტრობის ერთ–ერთ შესაძლო პრეტენდენტად.  

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას პროფესიით ექიმი დავით სერგეენკო დაიკავებს, ერთი კვირის წინ ამ პოსტზე წარდგენილი ამირან გამყრელიძის ნაცვლად. ბოლო წლებში სერგეენკო ივანიშვილის მშობლიურ საჩხერეში მის კუთვნილ სამედიცინო ცენტრს ხელმძღვანელობდა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დავით დარახველიძე. ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მთავრობაში დარახველიძეს, რომელიც წარმოშობით გულრიფშიდან არის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მისი რწმუნებულის თანამდებობა ეკავა. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ის რაჭაში, ამბროლაურის ერთმანდატიან ოლქში იყრიდა კენჭს კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, თუმცა მინიმალური სხვაობით წააგო, წინასწარი შედეგების თანახმად, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ კანდიდატთან. დარახველიძე მომავალ კოალიციურ მთავრობაში ერთადერთი მინისტრი იქნება ივანიშვილის ბლოკში შემავალი პარტია ეროვნული ფორუმიდან. 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მთავრობის წევრთა შერჩევის პროცესში „ბოლო და ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება“ გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატთან, ხათუნა გოგალაძესთან დაკავშირებით იქნა მიღებული, რომელიც მესამე ქალი კანდიდატია მომავალ მინისტრთა კაბინეტში.  მას მაგისტრის ხარისხი აშშ–ის ინდიანას უნივერსიტეტის საზოგადოებრივ და გარემოს დაცვის საკითხთა სკოლაში აქვს მიღებული. საქართველოს ორჰუსის ცენტრში მუშაობის დაწყებამდე, იგი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

ივანიშვილის მიერ 8 ოქტომბერს წარდგენილი დანარჩენი მინისტრობის კანდიდატები არიან:

  • თავდაცვის მინისტრი და ვიცე–პრემიერი – ირაკლი ალასანია, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერი;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო);
  • იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი (ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები);
  • საგარეო საქმეთა მინისტრი – მაია ფანჯიკიძე (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო);
  • სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით კირვალიძე;
  • სასჯელაღსრულების მინისტრი – სოზარ სუბარი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო); 
  • კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი – გურამ ოდიშარია (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო);
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო); 
  • სახელმწიფო მინისტრი ევროპის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში – ალექსი პეტრიაშვილი (ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები);
  • სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში – პაატა ზაქარეიშვილი (რესპუბლიკური პარტია);
  • სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში – კოტე სურგულაძე (ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები).

პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო ახალ 21–წევრიან კაბინეტში შვიდი ადგილით იქნება წარმოდგენილი პარტიის ლიდერისა და პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით. 

ირაკლი ალასანიას "თავისუფალ დემოკრატებს" ოთხი მინისტრი ეყოლებათ, ხოლო რესპუბლიკურ პარტიასა და ეროვნულ ფორუმს ერთი მინისტრი ეყოლება თითოეულს. დაარჩენი მინისტრობის კანდიდატები უპარტიოები არიან.
 
მინისტრთა კაბინეტში ყველაზე ხანდაზმული წევრი 61 წლის გურამ ოდიშარია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მომავალი მინისტრი იქნება, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა შს მინისტრობის კანდიდატი 30 წლის ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობაში სამი ქალი მინისტრი იქნება წარმოდგენილი.

16 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, პრეზიდენტი მას პრემიერ–მინისტრის კანდიდატად „დღეს ან ხვალ“ წარადგენს.

საქართველოს მთავრობა 10 ოქტომბერს გადადგა და ახალი მთავრობის დამტკიცებამდე მოვალეობის შესრულების რეჟიმში გადავიდა, რამაც ახალი მთავრობის დამტკიცებისთვის განსაზღვრული ვადების ათვლის დაწყება განაპირობა. კონსტიტუციური ვადების თანახმად, პრეზიდენტმა საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შედეგად პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი არაუგვიანეს 17 ოქტომბერს უნდა დაასახელოს, ხოლო პრემიერობის კანდიდატმა 27 ოქტომბრამდე უნდა შეარჩიოს მინისტრობის კანდიდატები.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის პირველი სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ფრაქციების შექმნის საკითხიც უნდა გადაწყდეს, სავარაუდოდ, კვირას, 21 ოქტომბერს გაიმართება.

ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს პრემიერ–მინისტრის წარსადგენად ფრაქციებთან კონსულტაციების პროცედურის გავლა არა ახალარჩეული პარლამენტის ფრაქციებთან, არამედ ფორმალურად, მოქმედ პარლამენტში წარმოდგენილ ფრაქციებთან მოუწევს.

კონსტიტუციის მიხედვით, მინისტრთა კანდიდატურების შერჩევის შემდეგ,  3 დღის ვადაში პრეზიდენტი შეიტანს პარლამენტში მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. აქედან  ერთი კვირის ვადაში პარლამენტი დაამტკიცებს მთავრობას და მის პროგრამას სრული შემადგენლობის უმრავლესობით – 76 ხმით. ამის შემდეგ მთავრობის წევრები თანამდებობებზე სამი დღის ვადაში ინიშნებიან, რითაც ოფიციალურად იწყებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას.

პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ ის მზად არის 1 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნების“ შეთავაზებული პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ შერჩეული მთავრობის წევრები წარუდგინოს ახალ პარლამენტს დასამტკიცებლად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button