
ლავროვი საქართველოს არჩევნებზე საუბრობს
რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე ცვლილებები საშუალებას მისცემს ახალ მთავრობას მოსკოვთან, ცხინვალთან და სოხუმთან ურთიერთობების ნორმალიზების გზას დაადგეს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 9 ოქტომბერს.
მოსკოვში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით სანაკოევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ამომრჩევლებს ცვლილებები სურთ.
„არჩევნები საქართველოში, ისე როგორც არჩევნები სხვა ნებისმიერ სახელმწიფოში, ქვეყნის შიდა საქმეს წარმოადგენს. ჩვენ უკვე გავაკეთეთ განცხადება ამის თაობაზე. ჩატარებულ კენჭისყრას განვიხილავთ, როგორც ქართველი ხალხის ნების გამოვლინებას, რომელმაც აშაკარად მისცა ხმა ცვლილებების სასარგებლოდ“, – განაცხადა ლავროვმა, როდესაც მას სთხოვეს საქართველოს არჩევნებზე და ორმხრივ ურთიერთობებზე მის შესაძლო შედეგებზე გაეკეთებინა კომენტარი.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს ცვლილებები შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ხელისუფლებას, რომლის ფორმირებაც მოხდება, იაროს ურთიერთობების ნორმალიზების გზით თავის მეზობლებთან, მათ შორის სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან“, – განაცხადა ლავროვმა.
„რაიმე სახის მოლაპარაკებებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბედზე ჩვენ საქართველოსთან და არც ვინმე სხვასთან არ წავრმართავთ იმიტომ, რომ ამ რესპუბლიკების ბედი მათი მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილია, რომელთაც დამოუკიდებლობას დაუჭირეს მხარი“.
„რუსეთმა ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია მათი დამოუკიდებლობის აღიარებით, ვინაიდან 2008 წლის აგვისტოს ბოლოს ცხადი გახდა, რომ ეს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და შესაძლოა ამ ორი ქვეყნის ხალხების გადარჩენის ერთადერთი გზა იყო“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება, როდესაც ჩამოყალიბდება, გაატარებს ურთიერთობების ნორმალიზების ხაზს ყველა მეზობელთან, მათ შორის რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან“, – დასძინა მან.
იმავდროულად, ცხინვალმა და სოხუმმა საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს, თუმცა არა უპირობოდ.
„ვითანამშრომლებთ თუ არა საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან – ყველაფერი ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარმართავენ ისინი თავიანთ პოლიტიკას. ჩვენ, პირველ რიგში, იმის მიღწევას ვეცდებით, რომ საქართველომ აღიაროს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა", – განაცხადა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით სანაკოევმა მოსკოვში სტუმრობის დროს.
8 ოქტომბერს სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა პირველი განცხადება გააკეთა საქართველოს ხელისუფლებაში ცვლილებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ იმ მზადაა ისაუბროს ახალ ხელისუფლებასთან იმ პირობით, რომ დიალოგი ორ თანაბარ მხარეს შორის წარიმართება.
„ჩვენ დაველაპარაკებით მათ, ვინც მოვიდა და მოვა [ხელისუფლებაში], მხოლოდ თანაბარ პირობებში. თუ ქართული ოცნება იმაში მდგომარეობს, რომ დაბრუნდეს აფხაზეთი – ეს ილუზორული ოცნებაა. თუ ოცნება მდგომარეობს სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაში – მაშინ შეიძლება ამის განხილვა. ჩვენ ვცხოვრობთ კონსტიტუციის მიხედვით, რომელშიც ჩაწერილია, რომ აფხაზეთი დემოკრატიული დამოუკიდებელი სახელმწიფოა და რევიზიას არაფერი არ ექვემდებარება იმაში, რაც ეხება ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს. ეს არის არა მხოლოდ აფხაზეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მოსაზრება, არამედ ეს ყველა ჩვენი მოქალაქის აზრია“, – იუწყება „აფსნიპრესი“ ანქვაბის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელმაც ეს განცხადება 8 ოქტომბერს რუსეთის ფედერალური ერთეულების დელეგაციასთან შეხვედრაზე გააკეთა.
„დარწმუნებული ვარ იმაში, რომ წინ ბევრი სირთულეებია, მაგრამ ჩვენ მათ აუცილებლად გადავლახავთ. ასეთი განწყობა გვაქვს ჩვენ“, – დასძინა მან.
იმავდროულად სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინთბამ განაცხადა, რომ კონფლიქტის საბოლოო გადაწყვეტის და რეგიონში უსაფრთოების თვალსაზრისით გარკვეულ როლს თამაშობს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის საკითხი.
„მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა მან ინტერვიუში, რომელიც "აფსიპრესმა" გამოაქვეყნა, „ამჟამად ახალი ხელისუფლების ფორმირება მიმდინარებს და ხელისუფლების გადაცემის პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. არავითარი კონკრეტული წინადადებები, არანაირი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი სიგნალები ჩვენ ჯერ არ დაგვინახავს და არც მიგვიღია“.
This post is also available in: English Русский