skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი ბიზნესმენებს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი, რომლის კოალიცია „ქართული ოცნება“ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს, 5 ოქტომბერს ბიზნესმენთა დიდ ჯგუფს შეხვდა და დაპირდა მათ, რომ ახალი მთავრობა თანაბარ პირობებს შეუქმნის ბიზნესმენებს და სახელმწიფოს მიერ ბიზნესზე ზეწოლის პრაქტიკა  აღმოიფხვრება.

მან ასევე განუცხადა ბიზნესმენებს, რომ დაუყონებლივ განგაში ატეხონ, თუ ხელისუფლების წარმომადგენელი მათზე ზეწოლას განახორციელებს.

„გარანტიას გაძლევთ, ვერავინ ვერ გაბედავს და ძალიან მკაცრად დაისჯება პირველივე შემთხვევა, ოღონდ თქვენ არ დაექვემდებაროთ. ხმა ამოიღეთ, რომ გარკვევა არ გაგვიჭირდეს… გაიგეთ, რომ თქვენ ხართ თავისუფლები და ხმა ამოიღეთ. თუკი ვინმე ახერხებს, რომ თქვენ საქმეში ჩაერიოს, ხმა ამოიღეთ, რომ ჩვენ მყისიერი რეაქცია მოვახერხოთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, მთავრობა რაც შეიძლება შორს უნდა დადგეს ბიზნეს სექტორისგან და მხოლოდ მაშინ უნდა ჩაერიოს, როდესაც საქმე კანონმდებლობას, საგადასახო სისტემას და ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება.

„საერთოდ ეს თანამშრომლობა არ უნდა იყოს, ჩემი აზრით, ასეთი და არ უნდა იყოს განმსაზღვრელი, რომ ხელისუფლება თანამშრომლობს ბიზნესთან. ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს ბიზნესს და ინფრასტრუქტურებში და კანონებში, კანონმდებლობაში უნდა იყოს თანამშრომლობა. რაც უფრო შორს იქნება ხელისუფლება, მე მგონი, უფრო კარგია. არ გინდათ მათი დახმარება, ხომ ხედავთ როგორ დაგვეხმარნენ ესენი?“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„კარგი გარემო უნდა შეიქმნას, სწორი კანონმდებლობა უნდა შეიქმნას და არ უნდა ჩაერიოს, მაქსიმალურად შორს უნდა ჩავწიოთ  ხელისუფლება, რომ პირიქით არ ჩაერიოს. თქვენ უნდა შეაწუხოთ, რომ ისევ კანონმდებლობა, ინფრასტრუქტურა, რაზეც ხელისუფლებაა ვალდებული, ბაზრების მოძიებაში. გარანტიები თქვენიდან უნდა წამოვიდეს და არა იქიდან“, – განაცხადა მან.

„როგორც კი წავა ეს მეგობრული ნაბიჯები და ტენდენცია იქნება, რომ ჩვენ ვეხმარებით ბიზნეს და ამიტომ ვმეგობრობთ, თქვენ ყვირილი უნდა დაიწყოთ, რომ გვაუპატიურებენ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, როგორიცაა ნავთობპროდუქტების იმპორტი და საცალო ვაჭრობა, ასევე ფარმაცევტულ ბაზარზე, მონოპოლიურ ფასებზე არსებულ ბრალდებებზე საუბრისას ივანიშვილმა მოუწოდა შესაბამის კომპანიებს თავად მოაგვარონ ეს საკითხი სახელმწიფო ჩარევის გარეშე. მისი თქმით, „ძალიან მკაცრი“ ანტიმონოპოლიური სამსახური ჩამოყალიბდება, რომელიც ფასების ჩამოყალიბების სქემებს გააკონტროლებს.

„ისევე როგორც პირობას გაძლევთ, რომ ჩინოვნიკების მხრიდან ვერავინ გაბედავს კანონგარეშე თქვენს ქონებაში ხელის ჩაყოფას, ასევე იმის გარანტიასაც გაძლევთ, რომ ჩვენ შევძლებთ, რომ ჭეშმარიტი ანტი–მონოპოლიური კომიტეტი შევქმნათ და აუცილებლად შევებრძოლებით მონოპოლიებს და შევებრძოლებით კარტელურ შეთანხმებებს. ძალიან ბევრი არარეალური ფასია დღეს ბაზარზე“, – განაცხადა მან.

მას შემდეგ, რაც შეხვედრაზე ერთმა დამსწრე ბიზნესმენმა მსხვილი კომპანიების მიერ წამლების იმპორტის მონოპოლიზირების შესახებ დაიჩივლა, ფარმაცეპტული კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ უპასუხა, რომ წამლების იმპორტის ხელმისაწვდომობა შეზღუდული არ არის. თუმცა, ივანიშვილმა გააწყვეტინა კურტანიძეს და უთხრა მას, რომ ეს ასე არ იყო და მან თავად ვერ შეძლო მედიკამენტების შემოტანა, როდესაც ამას საჩხერის საავადმყოფოსთვის შეეცადა.

„ავერსი“ ერთ–ერთი იმ სამი კომპანიათაგანია, რომლებიც დომინანტურ როლს თამაშობენ საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის იმპორტის, დისტრიბუციის, საცალო ვაჭრობის და წარმოების სექტორში, რომელსაც "საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ" თავის კვლევაში ოლიგოპოლია და ვერტიკალური მონოპოლია უწოდა.

კითხვაზე აპირებს თუ არა ის, 15%–იანი მოგების გადასახადის გაუქმების საკითხის განხილვას, ივანიშვილმა უპასუხა, რომ მან არ იცის როგორია მოგების გადასახადის წილი საბიუჯეტო შემოსავლებში; მან განაცხადა, რომ მისი ვარაუდით, დააახლოებით 30–50 მილიონი ლარის შეგროვება ხდება ყოველწლიურად მოგების გადასახადის სახით და მან ამ გადასახადის გაუქმების შესაძლებლობა არ გამორიცხა. თუმცა როდესაც მას უთხრეს, რომ წლიური საბიუჯეტო შემოსავლები მოგების გადასახადიდან დაახლოებით 600 მილიონ ლარს ან მეტს შეადგენს, ივანიშვილმა გაიკვირვა და განაცხადა რომ ეს "წარმოუდგენელია". „ესე  მარტივად ვერ გაგცემთ პასუხს, ამას მსჯელობა დასჭირდება“, – დასძინა მან. 

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ერთ–ერთი წინასაარჩევნო დაპირება შრომის კოდექსის შეცვლის თაობაზე, რათა, როგორც მან აღნიშნა, აღდგეს ბალანსი დამსაქმებელთა და დასაქმებულთა სამართლებრივ უფლებებში.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ უთხრა ივანიშვილს, რომ ბიზნესმენებს განსხვავებული შეგრძნებები აქვთ.

მისი თქმით, ერთის მხრივ, ისინი ძალიან იმედიანად და ოპტიმისტურად არიან, რადგანაც ხედავენ შესაძლებლობას, რომ ყველა ბიზნესი თანაბარი პირობებით იმუშავებს, ხოლო მეორე მხრივ ისინი ძალიან შეშინებული არიან, რადგანაც არ იცინიან, რა მოხდება ხვალ.

„გულწრფელად რომ გითხრათ, არ გვინდა, რომ თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 2004 და 2005 წლების სცენარი ვიხილოთ, ბიზნესმენთა ჰოლივუდური სტილის დაპატიმრებები, რადგანაც ეს ძალიან ცუდი გზავნილი იქნება ბიზნესმენებისთვის და ინვესტორებისთვის“, – მიმართა ფადი ასლიმ ივანიშვილს. „მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი რამ არ მოხდება, რადგანაც ჩვენ უკვე მოვისმინეთ თქვენი განცხადებები“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button