skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს არჩევნებზე გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი პროტესტის გამოხატვის უფლებაზე მის შეხედულებებში „არათანმიმდევრულობის“ გამო გააკრიტიკა იმ ვიზიტის დროს, როცა ბილდტი თავის პოლონელ კოლეგასთან რადოსლავ შიკორსკისთან ერთად საქართველოს გასულ კვირას სტუმრობდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 სექტემბერს საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ქვემოთ მოყვანილი პრეს-რელიზი, სადაც საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი პრესის შეკითხვას პასუხობს:

„კითხვა: გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან რ. შიკორსკისთან ერთად საქართველოში ცოტა ხნის წინ განხორციელებული ვიზიტის დროს, სადაც, როგორც ცნობილია, 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ტარდება, შვედეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა კ. ბილდტმა ოპოზიცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით შესაძლო ქუჩის დემონსტრაციების კონტრპროდუქტიულობის შესახებ გააფრთხილა. რა კომენტარს გააკეთებდით ამაზე?“

„პასუხი: ჩვენ ყურადღება მივაქციეთ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ამ განცხადებებს. იგი ცნობილია თავისი აქტიური მხარდაჭერით „არაბული რევოლუციების“ და სხვა ქვეყნებში საპროტესტო აქციების მიმართ. ამიტომ, მცდელობები, რომ აპრიორი შეიზღუდოს რეაქცია საქართველოში არჩევნების დროს დემოკრატიული ნორმების შესაძლო დარღვევებზე, გამოიყურება როგორც, სულ ცოტა, მისი შეხედულებების არათანმიმდევრულობა. სხვათაშორის, უახლოეს დღეებში ის მოსკოვში იქნება კერძო ვიზიტით და ჩვენ დავინტერესდებით ხალხის თვითგამოხატვის უფლებისადმი მისი ასეთი შერჩევითი აღქმით“, – განაცხადა ლუკაშევიჩმა.

რუსეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში არ არის ზუსტად დაკონკრეტებული, თუ კარლ ბილდტის კერძოდ რომელი განცხადება იგულისხმება. საქართველოში ვიზიტის დროს ბილდტმა საქართველოს არჩევნებზე საჯარო განცხადებები თბილისში გამართული პრესკონფერენციის დროს და ასევე თავის ბლოგზე გამოქვეყნებული ორი პოსტის საშუალებით გააკეთა. 

თბილისში გამართულ შეხვედრებამდე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა თავის ბლოგზე 4 სექტემბერს დაწერა, რომ გზავნილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ იქნება ის, რომ მან ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რათა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ევროპული სტანდარტების დაცვით ჩატარდეს, ხოლო გზავნილი ოპოზიციის მიმართ არის ის, რომ „მან უნდა მიიღოს არჩევნების შედეგები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს შედეგები მის სასარგებლოდ არ იქნება“.

„ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმავე პოსტში წერს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერის მხრიდან „უცნაური სიგნალები“ მოდის, რომელიც ზოგჯერ ისე ჟღერს, რომ თითქოს ის, თუ ვინ უნდა მართოს ქვეყანა, ეს არჩევნების შემდგომ ქუჩის აქციებით უფრო უნდა გადაწყდეს, ვიდრე არჩევნების დღეს, ხმის მიცემის პროცესის დროს.

თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ (ის ივანიშვილსაც შეხვდა), ბილდტი კიდევ ერთ ბლოგ პოსტში 5 სექტემბერს წერს, რომ შესაძლოა არსებობდეს დამატებითი მიზეზი, რათა ამ გზავნილის ხაზგასმა მოხდეს ოპოზიციის ნაწილისთვის. იგი წერს, რომ ის შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის ნაწილი „არჩევნების შემდგომ დღეზე უფროა ფოკუსირებული, არეულობების თვალსაზრისით“, ვიდრე არჩევნების დღის დემოკრატიულ პროცესზე, „კიდევ უფრო გაძლიერდა დღევანდელი განხილვების შემდეგ“.

5 სექტემბერს თავის პოლონელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ჩატარებული ყოველი შემდგომი არჩევნები გაუმჯობესებით ხასიათდებოდა, თუმცა შემდგომი პროგრესის შესაძლებლობა ისევ არსებობს. მისი თქმით, არჩევნების შეფასება, ეს, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო დამკვირვებლების საქმეა და არა საარჩევნო პროცესში ჩართული პარტიების.

„მათ [პოლიტიკურმა პარტიებმა] კონცენტრირება უნდა მოახდინონ არსებით საკითხებზე და ამას მოჰყვება დიდი რაოდენობით დამკვირვებლების მიერ არჩევნების ხარისხის შეფასება; და ჩვენ დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოს საარჩევნო სტანდარტებში შემდგომი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოხდება“, – განაცხადა ბილდტმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

This post is also available in: English Русский

Back to top button