Placeholder canvas
ახალი ამბები

გაეროს გენასამბლეამ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 3 ივლისს საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც კიდევ ერთხელ აღიარებს ყველა დევნილის და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

რეზოლუციას მხარი 60–მა ქვეყანამ დაუჭირა 15–ის წინააღმდეგ; 82–მა კი თავი შეიკავა.

ბოლო წლების განმავლობაში მსგავსი, შესასრულებლად არასავალდებულო, რეზოლუცია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკვე მეოთხედ მიიღო – პირველი 2008 წელს (აფხაზეთთან მიმართებაში) და კიდევ სამი: 2009–ში, 2010–ში და 2011–ში აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში.

საქართველო აცხადებს, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაში ამ რეზოლუციის ყოველწლიური ინიცირება მიზნად ისახავს ამ საკითხისადმი საერთაშორისო ყურადღების გამახვილებას და რეზოლუციის მიმართ მხარდაჭერის გაფართოებას.

2008 წელს რეზოლუციას 14–მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი 11–ის წინააღმდეგ, 105–მა კი თავი შეიკავა. მომდევნო წელს რეზოლუციას მხარი 48 ქვეყანამ დაუჭირა, 19–მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 78–მა თავი შეიკავა. 2010 წელს მხარდამჭერთა რაოდენობა უმნიშვნელოდ გაფართოვდა და 50  ქვეყანა მიემხრო, 17–ის წინააღმდეგ, ხოლო 86–მა თავი შეიკავა. შარშან რეზოლუციას მხარი 57 ქვეყანამ დაუჭირა 13–ის წინააღმდეგ, 74–მა კი თავი შეიკავა.

რუსეთი, რომელიც საქართველოს მიერ ინიცირებული ამგვარი რეზოლუციების წინააღმდეგია, აცხადებს, რომ დოკუმენტი ვერ ასახავს რეგიონის „ამჟამინდელ პოლიტიკურ რეალობას“, მათ შორის იმას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი „დამოუკიდებელი სახელმწიფოებია“.

სხვა ქვეყნებს შორის, რომელთაც რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა, არიან: სომხეთი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ლაოსი, მიანმარი, ნაურუ, ნიკარაგუა, სერბეთი, შრი–ლანკა, სუდანი, სირია, ვენესუელა, ვიეტნამი და ზიმბაბვე.

შვეიცარიამ, რომელიც საქართველოს და რუსეთს შორის შუამავლის როლს ასრულებს, თავი შეიკავა; იგივე გააკეთეს თურქეთმა და ისრაელმა.

2011 წლის მსგავსად კენჭისყრას არ ესწრებოდნენ უკრაინა და ირანი. უკრაინამ 2008 და 2009 წლებში ანალოგიურ რეზოლუციებს მხარი დაუჭირა, ხოლო ირანმა ამავე წლებში მის წინააღმდეგ მისცა ხმა. კენჭისყრას ასევე არ ესწრებოდა ბელარუსის წარმომადგენელი.

უნდა აღინიშნოს, რომ ტუვალუ იმ 60 ქვეყანას შორის იყო, რომელთაც რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. წყნარი ოკეანის ამ კულძულოვანმა სახელმწიფომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, 2011 წლის სექტემბერში აღიარა.

ზოგიერთმა იმ ქვეყანამ, რომელთაც გასულ წელს მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, წელს თავი შეიკავეს; მათ შორის არიან: ბოსნია და ჰერცეგოვინა; კოსტა–რიკა და გვინეა–ბისაუ.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც წელს სხვა მხარდამჭერებს შეუერთდნენ, არიან: დომინიკა, გამბია, გრენადა, სამხრეთ სუდანი და სომალი. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შარშანდელთან შედარებით მხარდამჭერთა გაზრდილი რაოდენობა „ადასტურებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იმ ჰუმანიტარული კატასტროფის მზარდ გაცნობიერებას, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ძალადობრივი დემოგრაფიული ცვლილებების შედეგად შეიქმნა“. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ივნისში Civil.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა: „დარწმუნებული ვართ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ეს რეზოლუცია თითქმის კონსენსუალური იქნება“.

„ეს ჰუმანიტარული რეზოლუციაა და არა პოლიტიკური, აქედან გამომდინარე არაა გასაკვირი, რომ ამ რეზოლუციას ყოველწლიურად უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს“, – განაცხადა მან.

2011 წლის რეზოლუციის თანახმად, გაეროს გენერალურმა მდივანმა გენერალურ ასამბლეას წარუდგინა ანგარიში „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსის შესახებ“. რეზოლუცია მოუწოდებდა გენერალურ მდივანს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების გრაფიკი შემუშავებულიყო.

„ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ნებაყოფლობითი დაბრუნების გრაფიკი არ შემუშავებულა… სანამ არ შესრულდება პირობები ორგანიზებული დაბრუნებისთვის უსაფრთხო და ღირსეული გზით და არ შეიქმნება ქონების რესტიტუციის მექანიზმები, დაბრუნების ყოვლისმომცველი გრაფიკის ან საგზაო რუკის თემა ღია უნდა დარჩეს“,  – ნათქვამია გენერალური მდივნის ანგარიშში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button