
„ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანების შემდეგ საგანელიძეს თბილისის საკრებულოში თანამდებობა დაატოვებინეს
თბილისის საკრებულომ 29 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით თანამდებობიდან გადააყენა საკრებულოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე დავით საგანელიძე, დანიშვნიდან დაახლოებით ორ თვეში მას შემდეგ, რაც ის ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურ კოალიციას „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა.
მმართველი პარტიიდან საკრებულოს დეპუტატის კოკი იონათამიშვილის განცხადებით, საკრებულოს უმრავლესობა თავის დროზე დათანხმდა საგანელიძის წინადადებას მოადგილედ დანიშვნის თაობაზე, თუმცა, ადამიანი, რომელიც, მისი თქმით, უცებ იცვლის გადაწყვეტილებებს, „არ იმსახურებს მაღალ თანამდებობას“.
„დგამ შემხვედრ ნაბიჯს და ასრულებ კოლეგის თხოვნას მისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ. თუმცა მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც გპირდებოდნენ“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა გადაწყვეტილების მიღების წინ.
„შეთანხმება ირღვევა და შეპირებული კონსტრუქციულობა უკვალოდ ქრება, რიტორიკა რადიკალურად იცვლება და კოლეგის ლექსიკაში საგრძნობლად მატულობს, მძიმე, შეიძლება ითქვას, სალანძღავი სიტყვები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კონსტრუქციულობას დესტრუქცია ანაცვლებს. რა ხდება ამ უეცარი მეტამორფოზის მიზეზი ამის კვლევას არ დავიწყებთ, რადგან გამოსაკვლევი და ჩასაღრმავებელი არც არაფერია. ყველაფერი ზედაპირზე დევს. ამ ადამიანმა მისთვის უკეთეს გამოსავალს, უკეთეს პირობებს მიაგნო და მოიპოვა ის, რისმა უკმარისობამაც ჩვენთან მოიყვანა. მისი აზრით ალბათ ბევრი რამე იპოვა, მაგრამ დაკარგა ნდობა, რაც ჩვენთან თანამშრომლობას შეუძლებელს ხდის“, – განაცხადა სამადაშვილმა წინასწარ დაწერილი ტექსტის წაკითხვისას.
საგანელიძე, რომელმაც თანამდებობის დატოვების თაობაზე კენჭისყრის წინ თავადაც მიმართა კოლეგებს უმრავლესობიდან, განაცხადა, რომ მიღებული გადაწყვეტილება მისთვის „მოულოდნელი“ არ ყოფილა, ვინაიდან წინასწარ იყო გაფრთხილებული, რომ „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანება დაკავშირებული იქნებოდა თანამდებობის დაკარგვასთან.
მისი თქმით, საკრებულოს უმრავლესობისთვის ისეთი ოპოზიციონერია მისაღები, რომელიც არ იქნება მწვავედ დაპირისპირებული.
ახალი მემარჯვენეების ყოფილი წევრი, დავით საგანელიძე თანამდებობიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ ივანიშვილის პარტიაში გაწევრიანდა, განაცხადა საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა ზურაბ აბაშიძემ კოალიაცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიიდან ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატები.
აბაშიძის თქმით, საკრებულო აგრძელებს „პოლიტიკური ნიშნით კოლეგების დევნას“.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ოპოზიციონერებს საკრებულოს მაღალი თანამდებობებიდან ხსნიან.
ოქტომბერში ზურაბ აბაშიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ხოლო მისი თანაპარტიელი ვიქტორ დოლიძე კომისიის თავმჯდომარის პოსტიდან მოხსნეს იმ მოტივით, რომ მათ ვერ გაართვეს დაკისრებულ მოვალეობას თავი. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც „თავისუფალი დემოკრატების“ ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე პირველად გახდა ცნობილი.