ახალი ამბები

კლინტონი სააკაშვილს შეხვდა

საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობენ, რათა ვაჭრობის სფეროში შემდგომი თანამშრომლობის გზები განსაზღვრონ, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 1 თებერვალს ვაშინგტონში პრეზიდენტ სააკაშვილთან ორმხრივ შეხვედრამდე.

„საქართველო ღირებული პარტნიორია“, – განაცხადა მან. „[საქართველო] აქტიურად მონაწილეობს ავღანეთში, სადაც ქართველი ჯარისკაცები დიდ სიმამაცეს და პროფესიონალიზმს აჩვენებენ“.

„ჩვენ განვაგრძობთ კონსულტაციებს, რათა ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით [თანამშრომლობის] შემდგომი საშუალებები განვსაზღვროთ“, – განაცხადა კლინტონმა.

პრეზიდენტმა ობამამ 30 იანვარს თეთრ სახლში თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შესწავლილ უნდა იქნას საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესაძლებლობა.

„დიდი სამუშაო მიმდინარეობს ორმხრივი კონსულტაციების ფარგლებში განათლების, ჯანდაცვის, კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე“, – განაცხადა კლინტონმა, რომლის ვიზიტიც საქართველოში წელს იგეგმება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა კლინტონთან შეხვედრამდე, რომ მას „ამაღლებული განწყობა“ აქვს პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრის შემდეგ, რადგანაც „მე ყველაფერი მოვისმინე, რისი მოსმენაც მინდოდა“.

„იქ [ოვალურ ოფისში] ადრეც ვყოფილვარ. მაგრამ ამჯერად, რადგანაც ქვეყანაც მომწიფდა – ჩემი ქვეყანაც მომწიფდა გამოწვევების საპასუხოდ – ვფიქრობ, ახლა თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე საქართველო მზად იქნებოდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისთვის. თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდეგი დონე – და ჩვენ ვამაყობთ, რომ თქვენთან ერთად ვმსახურობთ ავღანეთში – წარმოუდგენელი იყო რამდენიმე წლის წინ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„დიდი მადლობა ჩვენდამი ასეთი დამოკიდებულებისთვის… უკან  ხელცარიელი არ ვბრუნდებით“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ  მას ახლა „იმდენი რამ აქვს წასაღები“ საქართველოში და „ეს საოცარია“.

სააკაშვილმა აშშ–ის სახელმწიფო მდივანს მადლობა გადაუხადა „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობისადმი არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ საქმითაც ძლიერი მხარდაჭერისთვის“.

„ეს დიდი ბრძოლაა. ზოგჯერ, ეს ძალიან რთულ ბრძოლას ჰგავს, რადგანაც მიმართულია იმ ძალის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს ძირი გამოგვითხაროს“, – განაცხადა მან.

სააკაშვილმა ასევე განუცხადა ჰილარი კლინტონს, რომ საქართველო მოუთმენლად ელის მის ნახვას ბათუმში მომდვენო რამოდენიმე თვეში.

Back to top button