
ავღანეთში ISAF–ის ძალების მეთაური თბილისს სტუმრობს
ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალებისა და აშშ-ს ძალების მეთაური, გენერალი ჯონ ალენი თბილისს ეწვია, რათა ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე „ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებში საქართველოს წვლილი“ განიხილოს, იტყობინება აშშ–ის საელჩო თბილისში ორშაბათს.
გენერალი ჯონ ალენი 30 იანვარს სამთავრობო და სამხედრო ოფიციალურ პირებთან მთელ რიგ შეხვედრებს გამართავს.
გენერალი ასევე მოინახულებს და სიტყვით მიმართავს საქართველოს 23-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონს კრწანისის საწვრთნელ ცენტრში. ამჟამად მიმდინარეობს ბატალიონის მომზადება ავღანეთის ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად.
წელს საქართველო ქვეითთა კიდევ ერთი ბატალიონის გაგზავნას გეგმავს ავღანეთში, რომლებიც დაემატებიან იმ 936 ქართველ ჯარისკაცს, ვინც უკვე მსახურობს ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში.
დამატებითი ბატალიონის გაგზავნის შემდეგ – რაც 749 სამხედროს შეადგენს – საქართველო ნატოს ის არაწევრი სახელმწიფო იქნება, რომელსაც ყველაზე მეტი, 1 685 სამხედრო ეყოლება ავღანეთში.