ვაშაძე: ჟენევის დისკუსიები შეფერხებულია
- ‘მოსკოვისთვის სოხუმის და ცხინვალის საერთაშორისო აღიარება კარგად ვერ მიდის’;
- ვაშაძემ მადლობა გადაუხადა ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას ნეიტრალური დოკუმენტების აღიარების გამო;
- ‘ნდობა არჩევნების მიმართ გაიზარდა, საარჩევნო გარემო გაუმჯობესდა’.
ფოტოკადრი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის გამოსვლიდან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სტრასბურგში, 25 იანვარს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 25 იანვარს რუსეთი ჟენევის მოლაპარაკებების „მოკვლის“ მცდელობაში დაადანაშაულა.
„სამწუხაროდ, ჟენევის მოლაპარაკებები შეფერხებულია ორივე სამუშაო ჯგუფში, ვინაიდან ჩვენი რუსი პარტნიორები ღიად ამბობენ უარს უსაფრთხოების მექანიზმების განხილვაზე პირველ სამუშაო ჯგუფში და მეორეს ფარგლებში ღიად ამბობენ უარს დევნილთა და ლტოლვილთა ნებაყოფლობითი, ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების განხილვაზე“, – განაცხადა ვაშაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სტრასბურგში.
ჟენევის დისკუსიები ორი სამუშაო ჯგუფის ფორმატს მოიცავს, სადაც პირველი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს, მეორე კი ჰუმანიტარულს. მოლაპარაკებები, რომლებიც ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება, მოიცავს, როგორც მათ ოფიციალურად მოიხსენიებენ „მონაწილეებს“ საქართველოდან, რუსეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე სოხუმიდან და ცხინვალიდან. უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებთან დაკავშირებით საქართველო აცხადებს, რომ მისი მიზანია სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო პოლიციის და სამშვიდობო ძალების შეყვანის მიღწევა.
ვაშაძის თქმით, ჟენევის მოლაპარაკებები „აუცილებელია“.
„ჩვენი რუსი პარტნიორები ცდილობენ იქ [ჟენევაში] ჩვენი შეხვედრების სიხშირე შეამცირონ; ჩვენ დავიწყეთ შეხვედრებიდან სულ ცოტა თვეში ერთხელ… ახლა კი ერთმანეთს სამ თვეში ერთხელ ვხვდებით; შემდეგი ეტაპი იქნება ექვს თვეში ერთხელ შეხვედრა და შემდეგ ისინი მოკლავენ ამ მოლაპარაკებებს და ჩვენ ამას უბრალოდ ვერ დავუშვებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.
უსაფრთხოების მექანიზმის კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც ჟენევის დისკუსიების დროს განიხილება, ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებაა, რომელიც საქართველომ ცალმხრივად უკვე აიღო; რუსეთი იგივეს გაკეთებაზე უარს აცხადებს და ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ ის კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს.
„აქამდე ან ძალიან მყარ „არას“ ვიღებდით [მოსკოვიდან], ან სამხედრო წვრთნებით გვპასუხობდნენ“, – განაცხადა ვაშაძემ, რომელიც გულისხმობდა სამხედრო წვრთნებს „კავკაზ–2012“, რომლის გამართვასაც რუსეთი სექტემბერში გეგმავს და რომელშიც აფხაზური და სამხრეთ ოსური სამხედრო შენაერთებიც მიიღებენ მონაწილეობას.
„ამ სამხედრო წვრთნების მთავარი მოტივი იმ გეგმის შემუშავებაა – სხვათაშორის, ზუსტად ისე, როგორც ეს 2008 წელს მოხდა – თუ როგორ უნდა განხორციელდეს დანარჩენი საქართველოს ოკუპაცია“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ფილიპ ლეფორი 24 იანვარს სოხუმში სეპარატისტული აფხაზეთის ოფიციალურ პირებს შეხვდა, რათა სხვა საკითხებთან ერთად 28–29 მარტს დაგეგმილი ჟენევის დისკუსიების მე–19 რაუნდზე ემსჯელა.
გრიგოლ ვაშაძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს იმედი ჰქონდა, რომ რუსეთთან ვმო–ზე მიღწეული შეთანხმება მოსკოვსა და თბილისს შორის „უკეთესი ურთიერთობის თუ არა, უკეთესი გაგების“ ჩამოყალიბების საფუძველი მაინც შესაძლოა გამხდარიყო.
„სამწუხაროდ, ეს არ მოხდა“, – აღნიშნა მან.
მან ეს განცხადება მაშინ გააკეთა, როცა საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლის შემდეგ დასმულ კითხვებს პასუხობდა. კითხვების უმეტესობა სეპარატისტულ რეგიონებთან და რუსეთთან საქართველოს ურთიერთობებს ეხებოდა.
‘მოსკოვისთვის სოხუმის და ცხინვალის საერთაშორისო აღიარება კარგად ვერ მიდის’
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვის მცდელობა, რომ სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარებას მიაღწიოს, რუსეთში გადასახადების გადამხდელებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ.
„მე ვიტყოდი, რომ ჩვენი რუსი მეგობრებისთვის ეს პროცესი ძალიან კარგად ვერ მიდის. ვფიქრობ, რუს გადასახადის გადამხდელებს ეს ძვირი უჯდებათ, რადგანაც ნაურუს 50 მილიონი დოლარი გადაუხადეს იმ აღიარებისთვის“, – განაცხადა მან.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო უარს ამბობს „ჩეკების დიპლომატიაში“ მონაწილეობაზე და „მეტი ფულის შეთავაზებით“ სოხუმის და ცხინვალის აღიარების აღკვეთის მცდელობაზე.
„ეს ეჭვგარეშეა“, – განაცხადა ვაშაძემ, "საერთაშორისო თანამეგობრობა და საერთაშორისო სამართალი ჩვენს მხარესაა და ჩვენ გავიმარჯვებთ მიუხედავად იმისა, თუ წყნარი ოკეანის რამდენი ქვეყანა აღიარებს ე.წ. დამოუკიდებლობას“.
მომავალ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის ფიჯის ეწვევა. Sydney Morning Herald–ი იტყობინება 25 იანვარს, რომ ფიჯიში ვიზიტამდე ლავროვი თავის ავსტრალიელ კოლეგას, კევინ რადს შეხვდება, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, სთხოვს მას, რომ რუსეთმა გამჭირვალობა შეინარჩუნოს წყნარი ოკეანის სივრცეში არსებულ ურთიერთობებში. ამის მიზეზი ის არის, რომ ლავროვის ვიზიტის მიზანი შესაძლოა ნაწილობრივ ფიჯის დარწმუნება გახდეს, რათა მან სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს, იტყობინება Sydney Morning Herald–ი.
ვაშაძე ახალ ზელანდიას, ავსტრალიას და ფიჯის შარშან შემოდგომაზე სტუმრობდა. ვიზიტის შემდეგ ფიჯის მედია იტყობინებოდა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი წყნარი ოკეანის ამ კუნძულოვანი სახელმწიფოს სტუდენტებს 105 კომპიუტერს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სამედიცინო უნივერსიტეტში 6 ადგილის გამოყოფას დაპირდა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 20 იანვარს, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთმა „ემისრები გაგზავნა აფრიკაში და პირდებიან რამოდენიმე ასეულ მილიონს აფრიკულ ქვეყნებს და მათ შორის ჯიბეში ჩადებას კონკრეტულ ჩინოვნიკებს სთავაზობენ, კონკრეტული მთავრობების წარმომადგენლებს სთავაზობენ ჯერჯერობით, ასობით მილიონებს ქრთამის სახით, თუ ისინი აღიარებენ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს“.
რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა აფრიკაში, მიხეილ მარგელოვმა, რომელიც აფრიკის რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის ნიგერიას, მალის, მავრიტანიას და მაროკოს ცოტა ხნის წინ სტუმრობდა, განაცხადა, რომ რუსეთს არასდროს შეუთავაზებია ფული თავისი აფრიკელი პარტნიორებისთვის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების სანაცვლოდ.
სულ ბოლოს სოხუმი და ცხინვალი ტუვალუმ აღიარა 2011 წლის სექტემბერში, რომელმაც ერთი წლით ადრე საქართველოდან 12 000 აშშ დოლარის დახმარება მიიღო. გარდა რუსეთისა, სოხუმი და ცხინვალი ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ აღიარეს.
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტები
სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებით ვაშაძემ განაცხადა, რომ თბილისი ცდილობს ჩართულობის პოლიტიკა განახორციელოს, რასაც ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია ითვალისწინებს და რომ თბილისი მზადაა ჰუმანიტარული პროექტებისთვის. ამ კონტექსტში მან სტატუს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტები ახსენა, რომელიც სეპარატისტული რეგიონების მაცხოვრებლებისთვის შარშან იქნა შემოღებული.
„მე ძალიან მადლობელი ვარ რამდენიმე ევროპული სახელმწიფოსი, მათ შორის ჩეხეთის რესპუბლიკის, ლიტვის და სხვების, რომელთაც უკვე განაცხადეს თანხმობა ამ დოკუმენტის აღიარებაზე“, – განაცხადა ვაშაძემ.
აფხაზეთის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა 18 იანვარს რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც აფხაზეთის მაცხოვრებლების ევროპულ ქვეყნებში გასამგზავრებლად მათ ქართული ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების აღებას სთავაზობენ, „დატოვებენ აფხაზეთს“. მისი თქმით, სოხუმი დაჟინებით მოითხოვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით გამგზავრების დროს გამოყენებული იქნას აფხაზური საერთაშორისო პასპორტები.
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, 2011 წლის ნოემბრიდან, დაახლოებით, 50 ნეიტრალური დოკუმენტი გაიცა.
‘საარჩევნო გარემო გაუმჯობესდა’
საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლაში ვაშაძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლება მუდმივად, დღენიადაგ იბრძოდა იმისათვის, რომ შეეცვალა ძველი აზროვნება და დაემარცხებინა საბჭოთა მენტალიტეტი“.
მისი თქმით, საქართველოს „სამოქალაქო საზოგადოება ძლიერი და გავლენიანია და ჩვენი მედია თავისუფალია, რაც რეგიონში სამაგალითოა“.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების გზით ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებით, საქართველომ „გაზარდა ნდობა არჩევნების მიმართ და გააუმჯობესა საარჩევნო გარემო“.
„ვენეციის კომისიის … რეკომენდაციების შესაბამისად პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით, ჩვენ მნიშვნელოვნად წავიწიეთ წინ პოლიტიკურ კორუფციასთან ბრძოლის საქმეში“, – განაცხადა ვაშაძემ. მას მხედველობაში ჰქონდა პარტიების დაფინანსების გამკაცრებული წესები, რომლის დებულებებსაც ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები აკრიტიკებენ ბუნდოვანობის გამო, რაც ხელისუფლებას ოპონენტების წინააღმდეგ კანონის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.
“თუ ვინმე მეტყოდა 2008 წელს რუსეთის მასიური სამხედრო აგრესიის შემდეგ, რომ 2012 წელს ასეთ კარგ ფორმაში ვიქნებოდით, ამას მხოლოდ სასურველ შეხედულებად ჩავთვლიდი, სრულიად გულწრფელად”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)