
თბილისის თქმით, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის არჩევნები ‘კრემლში დაგეგმილი ღონისძიებაა’
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში კვირას გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არის არა არჩევნები, არამედ „ეს არის ღონისძიება, რომელიც დაგეგმილია კრემლში“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 28 ნოემბერს.
„იქ რაც მიმდინარეობს, არ განიხილება, როგორც არჩევნები, როგორც ასეთი, არამედ ეს არის ღონისძიება, რომელიც დაგეგმილია კრემლში, რომელსაც ხელმძღვანელობს ოფიციალური მოსკოვი და რომლის შედეგებზეც სწორედ პასუხისმგებელია ოფიციალური მოსკოვი“, – განაცხადა მან.
„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმართება საქართველოსთან შეუთანხმებელი ღონისძიებები. მათ შორის, სამწუხაროდ, ადგილი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევას. ამაზეც პასუხისმგებელია ის ორგანიზატორი, რომელიც ხელმძღვანელობს ამ ვითარებას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისგან სწორი, ადეკვატური გამოხმაურება ექნება. ე.წ. პირველი ტურის შემდეგ ძალიან სწრაფი და ადეკვატური გამოხმაურება მოყვა და როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ისე ევროკავშირის მთელმა რიგმა წევრმა ქვეყნებმა და ასევე ევროკავშირმა გაერთიანებული ხმით, დაგმეს იქ მიმდინარე მოვლენები“, – დასძინა მან.