ახალი ამბები

გავრცელებული ინფორმაციით, სარკოზი თბილისში ვიზიტის დროს რუსულ–ქართული დიალოგისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი თავისი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში თბილისში ხანმოკლე ვიზიტის დროს საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს, იტყობინება „როიტერი“ ელისეის სასახლის წყაროზე დაყრდნობით. 

„თქვენ მეტი სიმტკიცით უნდა განაახლოთ დიალოგი. ეს ის გზავნილია, რომელსაც ნიკოლა სარკოზი მიხეილ სააკაშვილს გაუგზავნის, როგორც ეს მან რუსეთის ლიდერებთან მიმართებაში გააკეთა“, – იტყობინება „როიტერი“ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით.

სარკოზი დღეს საღამოს სომხეთში ჩავა, ხოლო პარასკევს აზერბაიჯანს ეწვევა; იმავე დღეს იგი თბილისში ჩამოვა, სადაც, დაახლოებით, სამი საათი დარჩება, რომლის დროსაც იგი თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავს, იტყობინება „როიტერი“.

Back to top button