ახალი ამბები

ექსპერტის დასკვნა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მომიტინგის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას


კადრი სტუდია GNS-ის გადაცემიდან ”კვირის რეპორტაჟი”, რომელიც ტელეკომპანია "მაესტრომ“ კვირას გაუშვა, სადაც მამაკაცი დაპატიმრებულ მომიტინგეზე მიუთითებს და აცხადებს, რომ ის მისი მეგობარი ნიკა კვინტრაძეა,რომელიც, შსს–ს თქმით, საპროტესტო აქციის მახლობლად მდებარე ერთ–ერთი მაღაზიის სახურავზე იპოვეს გარდაცვლილი და ამის მიზეზად მისი ელექტროსადენებთან შეხება დაასახელეს.

სახის გამოსახულებათა შედარებამ და ანალიზმა, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) შეუკვეთა და ექსპერტიზის ბრიტანულმა კომპანიამ,  DABS Forensic Ltd–მა ჩაატარა, აჩვენა, რომ მომიტინგე, რომელზეც პოლიცია აცხადებს, რომ ელექტროსადენებთან შეხებით გარდაიცვალა, იმ დაკავებულთა შორის იყო, რომლებიც სპეცრაზმმა 26 მაისის აქციის დარბევისას აიყვანა.

აქციის დაშლიდან რამოდენიმე საათში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პოლიციელი და მომიტინგე დაიღუპა მას შემდეგ, რაც ნინო ბურჯანაძის ესკორტმა მოვლენათა ეპიცენტრის დატოვებისას გაიტანა ისინი. 

27 მაისს, შსს–ის თანახმად, კიდევ ორი მომიტინგის – ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის – გვამები იქნა ნაპოვნი თავისუფლების მოედნის მეტროსთან ერთ–ერთი მაღაზიის სახურავზე –  იმ ტერიტორიის სიახლოვეს, სადაც სპეცრაზმმა მომიტინგეები დაარბია. სამინისტროს თქმით, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ გარდაცვალების მიზეზი ელექტროსადენებთან მათი შეხება გახდა.

თუმცა ოფიციალური ვერსია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც კვინტრაძის მეგობარმა, რეზო რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ ნიკა კვინტრაძე პოლიციამ აქციის დაშლის დროს დააკავა და მას არ ქონდა შანსი ხელიდან დასხლტომოდა სამართალდამცავებს და ახლომდებარე მაღაზიის სახურავზე აღმოჩენილიყო; მან 29 მაისს სტუდია GNS-ის გადაცემა ”კვირის რეპორტაჟში”, რომელიც ტელეკომპანია "მაესტროზე“ გადის, განაცხადა, რომ საპროტესტო აქციის ადგილას გადაღებულ ფოტოზე ამოიცნო თავისი მეგობარი, სადაც, მისი აზრით, ხელებშეკრული კვინტრაძე პირქვე სხვა დაპატიმრებულ მომიტინგეებთან ერთად მიწაზე წევს.

ამ ბრალდებების გასაფანტად ტელეკომპანია "რუსთავი 2“–მა დღისით გადაღებული კადრები გაავრცელა, სადაც ნიკა კვინტრაძე და მისი მეგობარი პარლამენტის წინ აქციაზე დგანან. ტელეკომპანიამ განაცხადა, რომ ჩანაწერი 25 მაისს გაკეთდა, სადაც კვინტრაძეს ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცისგან განსხვავებული მაისური აცვია.

საია–მ განაცხადა 6 სექტემბერს, რომ ხელმისაწვდომ მასალებზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარების მიზნით, მან ექსპერტიზა ბრიტანულ DABS Forensic Ltd დაუკვეთა, რომელიც საია–ს თქმით, პარტნიორმა ორგანიზაციამ "პირთა იდენტიფიკაციის ბრიტანულმა ასოციაციამ" (BAHI) ურჩია. საია–ს ინფორმაციით, მას ეს შეკვეთა 1 500 ფუნტი დაუჯდა.

თორმეტი ფოტო და ვიდეო მასალა გაეგზავნა DABS Forensic Ltd–ს, მათ შორის პასპორტის და გარდაცვალების შემდგომ გადაღებული სურათები, ასევე ის ფოტოები და ვიდეო მასალა, რაზეც დაყრდნობით რეხვიაშვილი აცხადებს, რომ ხელებშებორკილი მამაკაცი მისი მეგობარი კვინტრაძეა.

“ერთი მნიშვნელოვანი განსხვავების პოვნამ შესაძლოა გამორიცხოს, რომ მოცემულ სურათებზე ერთი და იგივე ადამიანია გამოსახული“, – განაცხადა კენეტ ლინჯმა ”ბრიტანეთის პროფესიონალ ფოტოგრაფთა ინსტიტუტის” (BIPP) მეცნიერ-თანამშრომელმა, სახის გამოსახულების ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის კონსულტანტმა თავის დასკვნაში, რომელიც საიამ 6 სექტემბერს გამოაქვეყნა.

დასკვნის თანახმად, მაშინ, როცა სურათებზე არ აღნიშნულა „რაიმე მნიშვნელოვანი განსხვავებები“, ნაპოვნი იქნა „რამდენიმე აშკარა მსგავსება“, მათ შორის სახის ფორმის, თმის ხაზზე არსებული თმის ფერის, შუბლისა და საფეთქლის არის, ცხვირის ფორმის.

„იმის გათვალისწინებით, რომ სურათებზე არ აღნიშნულა რაიმე მნიშვნელოვანი განსხვავებები, ხოლო ნაპოვნი იქნა რამდენიმე აშკარა მსგავსება, მიმაჩნია, რომ მოცემული სურათები მნიშვნელოვნად ამყარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ [კვინტრაძე] სამივე სურათზე – პასპორტის სურათი, სურათი #4 [საპროტესტო აქციის ადგილას გადაღებული] და სიკვდილის შემდეგ გადაღებული ფოტო – ერთი და იგივე პიროვნებაა გამოსახული“, – აცხადებს ლინჯი.

საია–ს ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა 6 სექტემბერს განაცხადა, რომ დასკვნის მიგნებები „ნათლად აჩვენებს“, რომ კვინტრაძე გარდაცვალებამდე დაპატიმრებული იყო. მისი თქმით, ეს სერიოზულ ეჭვებს აჩენს ნიკა კვინტრაძის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით.

მან ასევე განაცხადა, რომ საია ამ მასალებს საქმის შემდგომი გამოძიებისათვის მთავარ პროკურატურას გაუგზავნის. 


პოლიციის თქმით, გიორგი ბაქრაძე (მარკვნივ) არის ის პიროვნება, რომელიც აქციის ადგილას გადაღებულ სურათზეა აღბეჭდილი და არა ნიკა კვინტრაძე, როგორც ამას საია–ს დაკვეთით ჩატარებული ბრიტანული ექსპერტიზის დასკვნა ამტკიცებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უმალვე უარყო წარმოდგენილი დასკვნები და კვლავაც განაცხადა, რომ კვინტრაძე ელექტროსადენებთან შეხების შედეგად გარდაიცვალა. სამინისტროს თქმით, მამაკაცი, რომელიც საპროტესტო აქციის ადგილას გადაღებულ სურათზე ჩანს, სინამდვილეში ქარელის რაიონის მკვიდრი გიორგი ბაქრაძეა. საია–ს მიერ მასალების გამოქვეყნებას რამდენიმე საათში შსს–მ გიორგი ბაქრაძის ჩანაწერის გავრცელებით უპასუხა, სადაც ახალგაზრდა კაცი აცხადებს, რომ ის პოლიციამ 26 მაისის ღამეს დააპატიმრა და მოგვიანებით გაათავისუფლა.

შსს–ს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა საია–სთან მიმართებაში განაცხადა, რომ “გაოცებული ვართ ამ განცხადებით”. მისი თქმით, აქციის დაშლის დროინდელ ფოტოზე აღბეჭდილი კაცი ცოცხალი და ჯანმრთელია.

იმავდროულად, რესპუბლიკურმა პარტიამ 6 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ საია–ს დაკვეთით გამოქვეყნებული დასკვნა მიუთითებს, რომ კვინტრაძე დაკავების შემდეგ გარდაიცვალა. პარტიამ ასევე განაცხადა, რომ „დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულთან და ამ დანაშაულის დაფარვის ორგანიზებულ მცდელობასთან“.

„შექმნილ ვითარებაში საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს არჩევანი: ან  მის ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენებით უზრუნველყოს საქმის სწრაფი,  ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება, ან თავადაც გახდეს ამ შემზარავი დანაშაულის დაფარვის უშუალო თანამონაწილე“, – აცხადებს რესპუბლიკური პარტია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button