ახალი ამბები

გაეროს ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში ვიზიტს აჯამებს

მკაცრი განაჩენები, პროკურორთა გავლენიანი როლი, გამამართლებელი განაჩენების მცირე რაოდენობა, წინასწარი პატიმრობის ხშირი გამოყენება და გირაოს პრაქტიკის "თითქმის არარსებობა“ იმ ძირითად წუხილებს შორისაა, რომლებზეც თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა 24 ივნისს საქართველოში ათდღიანი ვიზიტის შეჯამებისას ისაუბრა.

15–24 ივნისს საქართველოს მთავრობის მოწვევით გამართული ვიზიტის ფარგლებში ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც სენეგალელი ელ ჰაჯი მალიკ სოუ ხელმძღვანელობს, თბილისის, რუსთავის, ქუთაისის და ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებს სტუმრობდა და დაახლოებით, 160 დაკავებულს პირისპირ გაესაუბრა. ჯგუფი ასევე შეხვდა აღმასრულებელი, სასამართლო და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

სამუშაო ჯგუფმა, რომელიც საბოლოო ანგარიშს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2012 წლის მარტში წარუდგენს,  წინასწარ შედეგებზე თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას განაცხადა, რომ მართალია კანონი ზოგადად უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შესაბამის გარანტიებს, მაგრამ სასამართლოს სისტემის შიდა პრაქტიკა შესაძლოა არ შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ადგილობრივ კანონმდებლობას.

ჯგუფმა ასევე განაცხადა, რომ „ბევრი ინფორმაცია“ მიიღო იმ შეხედულების გასამყარებლად, რომ მსჯავრდებულთა უფლებები "საკმაოდ ხშირად მინიმალურია ბრალდების მხარის უფლებებთან შედარებით“.

"შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ სასამართლოში განხილულ საქმეთა, დაახლოებით, 90%–ში საპროცესო გარიგება გამოიყენება მოსამართლეთა მინიმალური ჩარევით“, – განაცხადა ელ ჰაჯი მალიკ სოუმ, "სხვადასხვა გამოკითხულ პირთა, მათ შორის ადვოკატთა შეხედულებით, განაჩენები ხშირად ბრალდების და არა დაცვის მხარის სასარგებლოდ არის გამოტანილი“.

იმ ფონზე, როცა გამამართლებელი ვერდიქტების რაოდენობა 0.1%–ს შეადგენს, გაეროს ექსპერტთა ჯგუფის მიერ გამოკითხულმა რამდენიმე დაკავებულმა განაცხადა, რომ ისინი ზეწოლას განიცდიან, რათა აღიარონ დანაშაული და საპროცესო გარიგებას დათანხმდნენ გამამართლებელი ვერდიქტის მინიმალური, ხოლო მკაცრი განაჩენის მაქსიმალური შანსების გამო.

"გირაოს გამოყენების ნაკლებობამ და ხელისუფლების მკაცრმა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ ხელი შეუწყო იმას, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ–ერთი პირველი ქვეყანაა პატიმართა რაოდენობის მხრივ“, – განაცხადა ელ ჰაჯი მალიკ სოუმ, "საჭიროა პატიმრობის ალტერნატიული ზომების გამოყენება, კერძოდ იმ შემთხვევებში, სადაც ამის გაკეთება აშკარად გამართლებულია“.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა ასევე განაცხადა, რომ გირაოს გამოყენება თითქმის არ ხდება და ბევრმა დაკავებულმა, რომელთაც გირაო მოითხოვეს, უარი მიიღეს. 

ჯგუფმა ასევე გააკრიტიკა პარლამენტის მიერ 2009 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 30–დან 90 დღემდე გაიზარდა. გაეროს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ დროებითი დაკავების იზოლატორები გრძელვადიანი პატიმრობისთვის არ არის შესაფერისად მოწყობილი და დაკავებულთა უფლებები ამ კუთხით "არ არის ადექვატურად დაცული“.

"საქართველოს სასამართლო სისტემას შესწევს უნარი ფუნდამენტურ პროგრესს მიაღწიოს იმ სხვადასხვა პოზიტიური რეფორმების გზით, რომელიც მან განახორციელა, მაგრამ მან უნდა გამოავლინოს თავისი დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა და უზრუნველყოს, რომ სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლება მიენიჭოთ მხარეებს ყოველგვარი მიკერძოების გარეშე“, – განაცხადა ჯგუფმა.

თბილისში პრესკონფერენიაზე საუბრისას ჯგუფის წევრმა უკრაინიდან, ვლადიმერ ტოჩილოვსკიმ განაცხადა, რომ "საკმაოდ რადიკალური რეფორმა“ განხორციელდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან მიმართებაში, რაც დადებითად უნდა შეფასდეს.

"სამართლიანი სასამართლოს მეტი ელემენტები იქნა შემოღებული; თუმცა ამავე დროს – შესაძლოა იმიტომ, რომ კანონი საკმაოდ ახალია – კვლავ არსებობს საკითხები, სადაც შემდგომი გაუმჯობესება არის შესაძლებელი“, – განაცხადა მან.

სამუშაო ჯგუფმა განაცხადა, რომ სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლასაც იმედოვნებდა, თუმცა "ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ეს შეუძლებელი გახდა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button