
რუსეთის საგარეო უწყება ჟენევის მოლაპარაკებების მე–16 რაუნდის შესახებ
ჟენევის მოლაპარაკებების მე–16 რაუნდმა ნათლად წარმოაჩინა "საქართველოს დელეგაციის მზარდი აგრესიულობა“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა 9 ივნისს.
"ისინი ცდილობდნენ შიდა და საერთაშორისო საქმეებში თბილისის ხელმძღვანელობის წარუმატებლობა რუსეთის ინტრიგებისთვის გადაებრალებინათ. ქართულმა მხარემ ხელაღებით დაადანაშაულა რუსული სპეცსამსახურები საქართველოს ტერიტორიაზე რაღაც „ტერორისტული აქტების“ ორგანიზებაში,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ აღსანიშნავია, რომ ერთ–ერთი ასეთი ბრალდება ზუსტად მე–16 რაუნდის წინა დღეს გამოითქვა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ივნისში ტერორისტული აქტის მოწყობის ორი მცდელობა აღკვეთა, რომელთა დამკვეთებიც აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მომუშავე რუსი ოფიცრები იყვნენ. საქართველოს საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ „არსებობს უტყუარი მტკიცებულება იმის, რომ ყველა ტერორისტული ქმედების დაგეგმვა და განხორციელება ხდებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის, ე.წ. FSB-სა და დაზვერვის მთავარი სამმართველოს, ე.წ. „გრუ"-ს წარმომადგენლების მიერ, რომელთა ვინაობაც დადგენილია".
თბილისმა მოლაპარაკებების მე–16 რაუნდის შემდეგ განაცხადა, რომ ქართული მხარე იძულებული გახდება გადახედოს საკუთარ დამოკიდებულებას ჟენევის მოლაპარაკებებისადმი, თუ რუსეთი განაგრძობს "სახელმწიფოს დაფინანსებით წარმართულ ტერორისტულ კამპანიას“.
ლუკაშევიჩმა აღნიშნა, რომ ადგილზე არსებული ფაქტები იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველო თავად უწყობს ხელს დაძაბულობას რეგიონში. მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმი წელს გალის რაიონში 12 რეიდის განხორციელებაში დაადანაშაულა.
"ეს ქმედებები ორგანულ კავშირშია საქართველოში შპიონომანიის ანტი–რუსულ კამპანიასთან, მცდელობებთან, რომ "რუსული კვალი“ იპოვონ შიდა ქართული ოპოზიციის ქმედებებში,“ – განაცხადა ლუკაშევიჩმა.
იმ "ტერორისტული მცდელობების“ გარდა, რომელზეც საქართველო საუბრობს, მე–15 და მე–16 რაუნდებს შორის პერიოდში ორი სერიოზული ინციდენტი მოხდა – ერთ–ერთ მათგანს აპრილის დასაწყისში ჰქონდა ადგილი, რომელსაც რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ძალების ერთი სამხედრო თანამშრომელი და ორი ქართველი ემსხვერპლა გალში; ხოლო მეორე მაისში მოხდა, როდესაც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, საჩხერის რაიონში ორი ქართველი სამოქალაქო პირი დაიჭრა.
ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მე–16 რაუნდის დროს რუსულმა დელეგაციამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საჭიროებას გაუსვა ხაზი, რათა "უფრო ზედმიწევნით გაკონტროლეს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ქმედებები“ სეპარატისტული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე.
თბილისი დაჟინებით მოითხოვს რუსეთისგან ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებას. რუსეთი კი აცხადებს, რომ არ აპირებს ამგვარი ვალდებულების აღებას, ვინაიდან მას არ მიაჩნია საკუთარი თავი კონფლიქტის მხარედ და სანაცვლოდ, მოუწოდებს თბილისს ცხინვალთან და სოხუმთან "ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებებს“ მოაწეროს ხელი.
ლუკაშევიჩმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა მე–16 რაუნდზე კვლავ მოუწოდა თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის ამ შეთახმებების ხელმოწერისკენ.
შარშან რუსეთი გამოვიდა ინიციატივით, რომ ძალის არგამოყენების ცალმხრივი დეკლარაციები გაეკეთებინათ თბილისს, სოხუმს და ცხინვალს. თუმცა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასეთი ცალმხრივი დეკლარაცია 23 ნოემბერს ევროპარლამენტში გამოსვლისას გააკეთა, მოსკოვმა კვლავ მოითხოვა მხარეებს შორის წერილობითი შეთანხმებების დადება; ამავე დროს იგი კვლავ ცდილობს საკუთარი თავი შუამავლად წარმოაჩინოს და არა კონფლიქტის მხარედ.
"ოფიციალური თბილისის ჯიუტი უარი, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებში მოლაპარაკებების თანასწორუფლებიანი პარტნიორები დაინახოს, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებასთან დაკავშირებული პრობლემების მთელი კომპლექსის გადაწყვეტას აფერხებს,“ – განაცხადა ლუკაშევიჩმა.
This post is also available in: English Русский