
სოხუმი ევროპარლამენტის რეზოლუციას მიესალმება
როგორც ევროპის ნაწილი, აფხაზეთი მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან ახლო თანამშრომლობა მისი საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთი პრიორიტეტია, განაცხადა სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 13 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.
ეს განცხადება ”ევროპის სამეზობლო პოლიტიკის – აღმოსავლეთ განზომილების მიმოხილვის თაობაზე რეზოლუციის” საპასუხოდ გაკეთდა, რომელიც ევროპარლამენტმა 7 აპრილს მიიღო.
სხვა საკითხებთან ერთად, რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის ახლადშექმნილ დიპლომატიურ სამსახურს (European External Action Service – EEAS) "ნდობის აღდგენისკენ მიმართული უფრო მეტი ღონისძიებები და პროგრამები მოამზადოს, რაც გულისხმობს ახალი მისიების დაწყებასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიის გატარებას, ასევე პრაგმატული ინიციატივების და ინოვაციური მიდგომების შემუშავებას, როგორიცაა არაოფიციალური კონტაქტები და კონსულტაციები განდგომილი რეგიონების საზოგადოებებთან, რომლის დროსაც შენარჩუნებული იქნება ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკა”.
სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა რეზოლუციას და განაცხადა, რომ ეს აფხაზეთის "დე–იზოლაციას“ და ევროკავშირთან პირდაპირი კონტაქტების დამყარებას შეუწყობს ხელს.
მისივე თქმით, რეზოლუციას „დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებთან აფხაზეთის თანამშრომლობის დაგეგმარებაში“.
სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სოხუმი დადებითად აღიქვამს რეზოლუციის გზავნილებს, რომლებიც ფრთხილად გათვლილ ”პრაგმატულ პოლიტიკას” ეფუძნება.
აფხაზეთი მხარს უჭერს გარე სამყაროსთან კონტაქტების დივერსიფიცირებას, პირდაპირი და უშუალო კონტაქტების გააქტიურებას ევროკავშირთან, რაც "წარმოადგენს ერთადერთ რაციონალურ“ მიდგომას და "მოწოდებულია მოხსნას აფხაზეთის მრავალწლიანი პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაცია“.
“უფრო მეტიც, აფხაზეთის დეიზოლაცია და პირდაპირი თანამშრომლობა ევროკავშირთან ხელს შეუწყობს აფხაზეთში დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ასევე შექმნის კონფლიქტის მოგვარების ხელსაყრელ პირობას,“ – ნათქვამია განცხადებაში.
"თავის მხრივ, აფხაზეთი ყოველთვის გამოხატავდა მზადყოფნას კონფლიქტის მოგვარების პრაგმატული ინიციატივების და ნოვატორული მიდგომების განხილვის მიმართ,“ – ნათქვამია განცხადებაში.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს კეტრიტ ეშტონს და ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურს (EEAS) "გააძლიერონ თავიანთი ჩართულობა გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში… საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით – როგორიცაა ძალის არგამოყენება, თვითგამორკვევა და ტერიტორიული მთლიანობა – უფრო აქტიური პოლიტიკური პოზიციის დაკავებით, უფრო აქტიური მონაწილეობით და უფრო გამორჩეული როლით კონფლიქტების მოგვარების მუდმივ და სპეციალურ სტრუქტურებში, მათ შორის მოლაპარაკების უკვე არსებულ ფორმატებში“.
რეზოლუციის ამ ნაწილის კომენტირებისას სეპარატისტული რეგიონის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის მოგვარება "უნდა აიგოს არა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე, არამედ ასევე ერის თვითგამორკვევის უფლებაზე“.
"აღნიშნული პრინციპის რეზოლუციაში ასახვით, ევროპარლამენტმა, არსებითად, დააფიქსირა ერის თვითგამორკვევის უფლების თანასწორობა საერთაშორისო სამართლის სხვა პრინციპებთან,“ – ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English Русский