
”კრწანისის” სასწავლო ცენტრში მომხდართან დაკავშირებით სამი პირი დააკავეს
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ”კრწანისის” სასწავლო ცენტრში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულია ის სამი სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონტროლი ევალებოდათ.
120 მმ-იანი ნაღმმტყორცნის ჭურვის აფეთქება, რის შედეგადაც სამი ჯარისკაცი დაიღუპა და 13 დაიჭრა, ”გამოძიების ინფორმაციით უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ გამოიწვია,” ნათქვამია თავდაცვის სამინისტრომ მიერ 11 იანვარს გვიან საღამოს გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, დაკავებულები არიან სასწავლო ცენტრ ”კრწანისის” სასწავლო კურსის უფროსი – საარტილერიო ქვედანაყოფების შეფასებისა და მომზადების კურსის ხელმძღვანელი; საცეცხლე პოზიციის ხელმძღვანელი და პირველი საარტილერიო ბრიგადის ბატარეიის მეთაური.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 403–ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც 6–დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალიწსინებს. სხვა დეტალები ამ დროისთვის გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით უცნობია.