ახალი ამბები

ვაშაძე ოპტიმისტურად არ არის განწყობილი, რომ ეუთო შეძლებს საბოლოო დეკლარაციის მიღებას

საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპტიმიზმით არ არის განწყობილი, რომ ეუთოს ასტანას სამიტი შეძლებს საბოლოო დეკლარაციის მიღებას.

საბოლოო დეკლარაციას ეუთოს 56 წევრი სახელმწიფოს თანხმობა ჭირდება.

ვაშაძემ  ქართველ ჟურნალისტებთან ასტანაში კიდევ ერთხელ გაიმეორა საქართველოს დელეგაციის პოზიცია, რომელიც "არ დაუშვებს" ისეთი დოკუმენტის მიღებას, რომელიც "საქართველოს ნაციონალურ ინტერესებს, ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს არ ასახავს ისე, როგორც საჭიროა“.

ამ საკითხებთან ერთად, საქართველოს სურვილია, რომ დეკლარაციაში აისახოს მოთხოვნა რუსეთის მიმართ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე; და ასევე საქართველოს კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება.

“ვნახოთ რით დამთავრდება ეს მცდელობები, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი ოპტიმიზმის გრძნობას ნამდვილად არ განვიცდი,“– აღნიშნა ვაშაძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 1 დეკემბერს განაცხადა, რომ მოსკოვი არ დაუჭერს მხარს ეუთოს საბოლოო დეკლარაციას, თუ მასში ისეთი ფორმულირება იქნება რომელიც რამენაირად მაინც მიანიშნებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ”მის ადრინდელ საზღვრებში”.

“ფაქტიურად ყველა დელეგაციამ რუსეთის ფედერაციის გასაგებად კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავის პოზიცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელყოფა არავის არ შერჩება და ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ამ არანორმალურ სიტუაციასთან შეგუებას არ აპირებს,“– განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button