
ასტანა ეუთოს სამიტს მასპინძლობს
სახელმწიფოს მეთაურები და მაღალი რანგის დიპლომატები ეუთოს 56 წევრი ქვეყნიდან ასტანაში ეუთოს სამიტზე შეიკრიბნენ, რომელიც პირველი ამ ტიპის შეხვედრაა სტამბულის 1999 წლის სამიტის შემდეგ.
ასტანას სამიტზე, რომელიც 1–2 დეკემბერს იმართება, 38 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურები და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ შორის არიან საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტებიც, მიხეილ სააკაშვილი და დიმიტრი მედვედევი.
ქართველი დიპლომატების თქმით, ასტანაში "ძალიან ინტენსიური და მძიმე“ მუშაობა მიმდინარეობს სამიტის საბოლოო დეკლარაციის პროექტზე – ეუთო თავის გადაწყვეტილებებს 56 წევრ სახელმწიფოს შორის კონსენსუსის გზით იღებს.
"იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ის ქვეყანა [რუსეთი], რომელთანაც ჩვენ დაძაბულ ურთიერთობაში ვიმყოფებით, ეუთო-ს ორგანიზაციის წევრია, რასაკვირველია, კონსენსუსის მიღწევა ძალიან გართულდება. ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მძიმე მუშაობა მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფების ფორმატში იმ ე.წ. "დრაფტზე“ [პროექტზე], რომელიც საბოლოო ჯამში ხელმოწერისათვის უნდა წარედგინოს სამიტში მონაწილე ეუთოს წევრ ქვეყნებს," – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 30 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს ასტანაში, რომ თბილისი "ფინალურ დოკუმენტს ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაეთანხმება", თუ მასში საქართველოს ინტერესების გამომხატველი ფორმულირებები არ აისახება.
"ფორმულირებები არის ის, რომ დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს ის საერთაშორისო ქვაკუთხედი დოკუმენტები, როგორიც არის გაეროს წესდება, ჰელსინკის ფინალური აქტი; რომ აუცილებლად იყოს მოთხოვნა, რომ რუსეთმა სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება; და რომ ამ დოკუმენტებში ასახული იყოს ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად და რუსეთის ვალდებულებებთან ერთად, აგრეთვე ის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად გადაიქცა ან დევნილად ან იძულებით გადაადგილებულ პირად, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს გარანტირებული უფლება უსაფრთხოდ, ღირსეულად დაბრუნდეს თავის სახლში,"– განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მან ქართული დელეგაციის ეს პოზიცია აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ფილიპ გორდონს ასტანაში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე გააცნო.
იმავდროულად, ოთხშაბათს დილით სამიტზე გამოსვლისას საფრანგეთის პრემიერ–მინისტრმა ფრანსუა ფილონმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მოუწოდა "მხარეებს“ სრულად შეასრულონ 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები.
"ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ ევროპარლამენტში გახმოვანებულ მნიშვნელოვან პირობას ძალის გამოყენებისგან თავშეკავების თაობაზე და მოვუწოდებთ ყველა მხარეს მიიღონ ეს გამოწვდილი ხელი,“ – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ–მინისტრმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)