
საქართველო აშშ–ის საიდუმლო დიპლომატიურ მიმოწერაში
WikiLeaks–ის მიერ 28 ნოემბერს გამოქვეყნებულ აშშ-ის კონფიდენციალურ დიპლომატიურ დოკუმენტებს შორის, რამოდენიმეში საქართველოც არის ნახსენები.
ამ დოკუმენტებში ასახულია თუ როგორ განიხილავდნენ საქართველოს საკითხს სხვადასხვა კონტექსტში აშშ–ის ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი ევროპელი და რუსი კოლეგები სხვადასხვა დროს გამართული შეხვედრებისას; საქართველო ასევე ნახსენებია იმ რამოდენიმე დიპლომატიურ გზავნილშიც, რომელიც ისრაელის და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართულ მოლაპარაკებებს ეხება.
ამ ეტაპზე WikiLeaks–მა მის ხელთ არსებული, დაახლოებით, 250 ათასი კონფიდენციალური დიპლომატიური დოკუმენტის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი გამოაქვეყნა თავის ვებგვერდზე და განაცხადა, რომ დარჩენილ მასალებს "მომდევნო რამოდენიმე თვის მანძილზე ეტაპობრივად” გამოაქვეყნებს.
ამ მომენტისთვის ვებგვერდზე ხელმისაწვდომ დოკუმენტებში საქართველო ძირითად იმ მიმოწერაშია მოხსენიებული, რომელიც მოსკოვში, პარიზსა და ბაქოში განთავსებულ აშშ–ის საელჩოებიდან ვაშინგტონში იგზავნებოდა. ქართულ მედიაში, ინტერნეტ ფორუმებსა და რამოდენიმე ბლოგზე 29 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონფიდენციალურ დოკუმენტებს შორის თბილისში აშშ-ის საელჩოს 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში მომზადებული რამოდენიმე გზავნილიც მოხვდა. თუმცა, ეს საინფორმაციო გზავნილები ჯერჯერობით WikiLeaks–ის ვებგვერდზე არ დადებულა.
მისტრალის "მცდარი გზავნილი“
პარიზში აშშ–ის საელჩოს მიერ 2010 წლის თებერვალში ვაშინგტონში გაგზავნილ საინფორმაციო შეტყობინებაში დეტალურად არის აღწერილი აშშ–ის თავდაცვის მდივანის რობერტ გეითსის და საფრანგეთის მაშინდელ თავდაცვის მინისტრის ჰერვ მორინის მოლაპარაკებები.
ამ დიპლომატიური გზავნილის თანახმად, აშშ–ის თავდაცვის მდივანმა შეშფოთება გამოხატა საფრანგეთის მიერ სადესანტო ხომალდის, "მისტრალის“, რუსეთისთვის მიყიდვის გეგმებთან დაკავშირებით.
"მან [გეითსმა] უთხრა მორინს, რომ საქართველოში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაში სარკოზის შუამავლობის გამო, რომელსაც რუსეთი სრულად არ ასრულებს, მიყიდვა მცდარი გზავნილი იქნება რუსეთისთვის და ჩვენი მოკავშირეებისთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან,“ – ნათქვამია გზავნილში.
როგორც ამ შეტყობინებიდან ჩანს, მორინი შეეცადა ამ საკითხისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიენიჭებინა და გეითს განუცხადა, რომ ამ ხომალდის მიყიდვა არაფერს შეცვლიდა, რადგან რუსეთის სამხედრო–საზღვაო წარმოება ისედაც სუსტია. ამაზე გეითსს უპასუხია, რომ აშშ–ის შეშფოთების საგანს წარმოადგენს არა ის თუ რამდენად შეიძლება შეცვალოს ამ ხომალდის მიყიდვამ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები, "არამედ თავად ის გზავნილი“, რომელსაც ასეთი ნაბიჯი შეიძლება შეიცავდეს.
ამავე შეტყობინებაში წერია, რომ საფრანგეთის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ალიანსში საქართველოს შესვლა დაასუსტებს ნატოს მე–5 მუხლს, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს. გზავნილის თანახმად, ამავე საკითხზე, გეითსმა განაცხადა, რომ ის ნატოს ხმელთაშუაზღვის მიმართულებით გაფართოებას ანიჭებს უპირატესობას და "დაეთანხმა მორინს, რომ უფრო ფართო ალიანსი გამოწვევებს შეიცავს“.
საქართველო აშშ–საფრანგეთის დისკუსიებში
საქართველო ასევე ნახსენებია 2009 წლის სექტემბერში პარიზში აშშ–ის საელჩოდან გაკეთებულ შეტყობინებაში, რომელიც დეტალურად აღწერს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ფილიპ გორდონის შეხვედრას მაღალი რანგის ფრანგ დიპლომატებთან და პოლიტიკოსებთან პარიზში.
იმ პერიოდში, საქართველოს სანაპირო დაცვამ აფხაზეთში მიმავალი რამოდენიმე სატვირთო გემი დააკავა, რასაც მოჰყვა დაძაბულობა და მუქარები სოხუმიდან, რომ თუ კიდევ მოხდებოდა მსგავსი რამ, მისი ძალები ცეცხლს გაუხსნიდნენ და "გაანადგურებდნენ“ ქართული სანაპირო დაცვის კატარღებს.
აშშ-ის საელჩოს მიერ ვაშინგტონისთვის მომზადებულ საინფორმაციო გზავნილში ნათქვამია, რომ გორდონმა და პრეზიდენტ სარკოზის უფროსმა მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟან–დევიდ ლევიტმა, სხვა საკითხებთან ერთად, ეს "სახიფათო“ საზღვაო ინციდენტებიც განიხილეს.
დოკუმენტის თანახმად, ლევიტმა უთხრა გორდონს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ფრანგი მრჩეველი ყავს – როგორც ჩანს, აქ იგულისხმება საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს საგარეო და მედიის საკითხებში რაფაელ გლუქსმანი – რომელმაც აცნობა პარიზს, რომ საქართველომ მის სანაპირო დაცვას უბრძანა გახსნან საპასუხო ცეცხლი, თუ მათზე თავდასხმა მოხდებოდა. ლევიტმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთის პოზიცია იყო, რომ საქართველოს "არ უნდა ეპასუხა პროვოკაციისთვის, ვინაიდან ეს მხოლოდ რუსეთის წისქვილზე დაასხამდა წყალს“.
იგივე დიპლომატიური გზავნილის თანახმად, გორდონმა განაცხადა ფრანგ მაღალჩინოსნებთან შეხვედრებზე პარიზში, რომ ”რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის ფონზე, აშშ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერის პოლიტიკას, მაგრამ ისე, რომ არ მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან არაკონსტრუქციული ნაბიჯის წახალისება“.
”აშშ საქართველოს გადაიარაღებას არ ახორციელებს”
WikiLeaks-ზე განთავსებულ იმ რამოდენიმე დოკუმენტში, სადაც საქართველოც არის ნახსენები, აშშ–ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე რუსეთი შეშფოთებას გამოთქვამდა საქართველოს და აშშ–ს შორის სამხედრო თანამშრომლობის თაობაზე. ის პოზიციები, რომლებიც ამ რამოდენიმე კონფიდენციალურ დოკუმენტშია აღწერილი, ძირითადად, შეესაბამება მოსკოვისა და ვაშინგტონის იმ პოზიციას, რომელსაც იცინი ამ საკითხზე საჯაროდაც აცხადებენ.
ერთ დოკუმენტში, რომელიც მოსკოვში აშშ–ის საელჩოში მომზადდა, დეტალურად არის აღწერილი აშშ–ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ალექსანდრე ვერშბოუს და რუს მაღალჩინოსნებს შორის მოსკოვში 2009 წლის 30 სექტემბერს გამართული მოლაპარაკებები.
ამ გზავნილის თანახმად, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, ჰკითხეს ვერშბოუს, თუ რატომ უწევდა ვაშინგტონი საქართველოს სამხედრო დახმარებას – ქვეყანას, რომელიც, მათი თქმით, "საფრთხეს უქმნის კავკასიის რეგიონში სტაბილურობას“.
დოკუმენტის თანახმად, ვერშბოუმ უპასუხა, რომ "ეს პრინციპის საკითხია“ და რომ აშშ დაეხმარება საქართველოს დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი. თუმცა, ვერშბოუმ ასევე განაცხადა, რომ აშშ არ ახორციელებს საქართველოს გადაიარაღებას, როგორც ამას რუსეთი ირწმუნებოდა. მან ასევე დასძინა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ "აშშ საქართველოს საბრძოლო იარაღით არ დახმარებია“.
დოკუმენტის თანახმად, ვერშბოუმ ასევე განაცხადა, რომ აშშ "დიდი ყურადღებით ეკიდება და აქცენტს აკეთებს წვრთნაზე და განათლებაზე და ეხმარება საქართველოს მომზადებას“ ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის – ეს პოზიცია ვერშბოუმ საჯაროდ ერთი თვის თავზეც გაიმეორა, როდესაც თბილისს სტუმრობდა.
იმავე გზავნილის თანახმად, ვერშბოუმ განუცხადა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ "საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც გააჩნია თავდაცვის უფლება. ჩვენთვის იარაღზე ემბარგო არ არის მისაღები და მომავალში შეიძლება მივაწოდოთ იარაღი საქართველოს“.
შარშან გავრცელდა ცნობა, რომ თბილისის სურვილი იყო ამერიკელი დამკვირვებლები საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ეხილა. მოსკოვში აშშ-ის საელჩოს მიერ მომზადებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ეს საკითხი რუსმა მაღალჩინოსნებმა ვერშბოუსთან შეხვედრაზე წამოწიეს და გააფრთხილეს იგი, რომ აშშ–ის მონაწილეობა სადამკვირვებლო მისიაში "სერიოზული პრობლემა“ იქნებოდა რუსეთისთვის, რადგანაც "ეს არასწორი გზავნილი” იქნებოდა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, რომელიც შესაძლოა აღექვა, როგორც ძალის გამოყენებაზე მწვანე შუქი. დოკუმენტის თანახმად, ვერშბოუმ უარყო, რომ ასეთი რამ იგეგმებოდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ აშშ მზად იყო განეხილა ასეთი შესაძლებლობა, თუ მას ამ თხოვნით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიმართავდა.
უსაფრთხოების სფეროში აშშ–საქართველოს თანამშრომლობის საკითხი ახსენა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც აშშ–ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარესთან კარლ ლევინთან შეხვედრისას 2009 წლის აპრილში.
ამ შეხვედრის ამსახველ შეტყობინებაში, რომელიც ასევე მოსკოვში აშშ-ის საელჩომ ვაშინგტონისთვის მოამზადა, ნათქვამია, რომ ლავროვმა საქართველო მაშინ ახსენა, როდესაც ამერიკელ სენატორს უთხრა, რომ მოსკოვი ირანისთვის S-300 სარაკეტო სისტემების მიყიდვა აღარ აპირებდა. ლავროვმა განაცხადა, რომ ირანისთვის მიყიდული რუსული იარაღი არასოდეს ყოფილა გამოყენებული ვინმეს წინააღმდეგ, მაშინ როცა აშშ–ის მიერ საქართველოსთვის მიწოდებული იარაღი რუსი ჯარისკაცების საწინააღმდეგოდ გამოიყენებოდა.
მოსკოვი ისრაელის მიერ "საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის შეზღუდვას“ იწონებს
ლავროვმა საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდების საკითხი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ავიგდორ ლიბერმანთან, 2009 წლის ივნისში გამართულ შეხვედრაზეც წამოწია.
ამ შეხვედრის ამსახველ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ლავროვი მიესალმა ისრაელის ნაბიჯს „შეეზღუდა იარაღის მიყიდვა” საქართველოსთვის და მხოლოდ თავდაცვით შეიარაღების მიწოდებით შემოფარგლულიყო. თუმცა ლავროვმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ სხვა ქვეყნები კვლავაც აგრძელებდნენ საქართველოსთვის თავდასხმითი იარაღის მიწოდებას.
აღნიშნული საკითხი 2010 წლის თებერვალში, მოსკოვში ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნათანიაჰუს ვიზიტის დროსაც განხილულა. მოსკოვში აშშ-ის საელჩოში ამ დროს მომზადებულ შეტყობინებაში, მოსკოვში ისრაელის საელჩოს ერთ-ერთ დიპლომატზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ ისრაელი, როგორც რუსეთის პარტნიორი, "ყურადღებით უსმენს“ რუსეთის წუხილებს საქართველოსთვის იარაღის მიწოდების თაობაზე. როგორც გზავნილშია ნათქვამი, ისრაელს მეგობრული ურთიერთობები აქვს საქართველოსთან, თუმცა რუსეთთან ურთიერთობაც ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის და ორივე ქვეყანა – რუსეთი და ისრაელი – ცდილობდა ამ საკითხზე "ურთიერთგაგებისთვის“ მიეღწია.
საქართველო ასევე ნახსენებია ერთ დიპლომატიურ შეტყობინებაში, რომელიც ბაქოში აშშ–ის საელჩოდან გაიგზავნა ვაშინგტონში და რომელიც აღწერს 2010 წლის თებერვლის შეხვედრას აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პოლიტიკურ საკითხებში აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უილიამ ბერნსს შორის.
გზავნილის თანახმად, რომელიც 2010 წლის 25 თებერვლით თარიღდება, ალიევმა თურქეთ–სომხეთის ოქმის რატიფიცირების უარყოფით შედეგებზე გააფრთხილა იმ შემთხვევაში, თუ არ იქნებოდა პროგრესი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში; ალიევის თქმით, ასეთ შემთხვევაში, შეიქმნებოდა ენერგოპროექტების ჩაშლის საფრთხე და მეორეს მხრივ, საქართველოს სერიოზული დაზარალების პერსპექტივა, მათ შორის სატრანზიტო შემოსავლების დაკარგვის კუთხით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)