
ვეფხვაძე ლისაბონში ქართული დელეგაციის მიერ ”მეძავების დაქირავების” შესახებ ინფორმაციის გამოძიებას ითხოვს
ვიცე–სპიკერმა და დეპუტატმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან ლევან ვეფხვაძემ 24 ნოემბერს პორტუგალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის გამოძიება მოითხოვა, რომლის თანახმადაც ლისაბონში ნატოს სამიტთან დაკავშირებით ვიზიტით მყოფმა ქართულმა დელეგაციამ 80 მეძავი დაიქირავა და იმ სასტუმროში შეიყვანა, სადაც დელეგაცია სამიტის დღეებში იმყოფებოდა.
ვეფხვაძის თქმით, საქმე ეხება "ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას“ და ამიტომ საკითხკი გამოკვლევას საჭიროებს.
პორტუგალიური ტაბლოიდი, Correio da Manha, 23 ნოემბერს იტყობინებოდა, რომ საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც სომხური დელეგაციის რამოდენიმე წარმომადგენელიც შეუერთდა, 80 მეძავი დაიქირავა. ამავე ცნობის მიხედვით, მეძავეთა სასტუმროში ყოფნა მას შემდეგ გახმაურდა, რაც ერთ-ერთ ქალბატონს პრობლემა შეექმნა, თუმცა უცნობია რასთან დაკავსირებით, მაგრამ, როგორც გაზეთი იტყობინება, პრობლემა პოლიციის ოქმში ”ინციდენტად” შეფასდა. Correio da Manha-ის სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ქართული დელეგაციის ხმამაღალ წვეულებას იმავე სასტუმროში მყოფი საფრანგეთის დელეგაცია და პრეზიდენტი სარკოზი შეუწუხებია.
ვეფხვაძემ ეს საკითხი საპარლამენტო დებატების დროს წამოაყენა, რომლის დროსაც დეპუტატები ძირითადად საქართველოსთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ საერთაშორისო მოვლენებზე კამათობდნენ, მათ შორის ნატოს სამიტზე. ვეფხვაძის განცხადების საპასუხოდ, ვიცე–სპიკერმა და დეპუტატმა მმართველი პარტიიდან მიხეილ მაჭავარიანმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს საგაზეთო სტატია რუსეთის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის ნაწილი და საქართველოს ბოლოდროინდელი დიპლომატიური მიღწევების დაჩრდილვის მცდელობაა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)