skip to content
ახალი ამბები

კონსტიტუციის ახალი მოდელი მიღებულია

პარლამენტმა 15 ოქტომბერს 112 ხმით 5–ის წინააღმდეგ მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა ახალი საკონსტიტუციო მოდელი, რომელიც საგრძნობლად ამცირებს მომდევნო პრეზიდენტის უფლებამოსილებებს პრემიერ–მინისტრისა და მისი მთავრობის გაძლიერების ხარჯზე.

ეს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში კონსტიტუციური სისტემის მეორე მასშტაბური ცვლილებაა; მოქმედ მოდელში, რომელიც 2004 წელს იქნა მიღებული, ძალაუფლება, ძირითადად, პრეზიდენტის ხელშია თავმოყრილი. 

ახალი კონსტიტუციის დებულებების უმეტესობა მას შემდეგ შევა ძალაში, რაც 2013 წლის ოქტომბერში არჩეული ახალი პრეზიდენტი ფიცს დადებს. საკონსტიტუციო პროექტის თავდაპირველი ვარიანტში ამოქმედების ვადად 2013 წლის 1 დეკემბერი იყო განსაზღვრული, თუმცა ეს შეიცვალა და პირდაპირ დაუკავშირდა ახალი პრეზიდენტის არჩევნებს.

მიღებულმა ტექსტმა, რომლის საბოლოოდ რედაქტირებული ვარიანტი დადებული პირობის მიუხედავად, 15 ოქტომბერს პარლამენტის სხდომაზე არ დარიგებულა, სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც განიცადა.

ერთი მათგანი უკავშირდება პრეზიდენტის კანდიდატისთვის დაწესებულ საარჩევნო ცენზს. მიღებული რედაქციის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს 35 წლიდან საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 5 წელი მაინც უცხოვრია და არჩევნების დანიშვნის დღისთვის ბოლო 3 წელი ცხოვრობს საქართველოში – ეს დებულება შეიცვალა მესამე მოსმენის წინ. პირველი და მეორე მოსმენით მიღებულ კანონპროექტებში პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო დაბადებით საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 15 წელი მაინც უცხოვრია საქართველოში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება უკავშირდება მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ბოლო, პრემიერ–მინისტრობის კანდიდატზე საპრეზიდენტო ვეტოს დაძლევის ეტაპის ვადის კიდევ 5 დღით შემცირებას. უნდობლობის პროცედურას დასჭირდება 45 ან 55 დღე, ან პრემიერ–მინისტრობის კანდიდატზე პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში 77 ან მაქსიმუმ 92 დღე. პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, ამ პროცესს შესაძლოა მაქსიმუმ 127 დღე დასჭირვებოდა.

პარლამენტში ახალი მოდელის მიღების დღეს ვენეციის კომისია, 15–16 ოქტომბერს მიმდინარე პლენარული სხდომის ფარგლებში პროექტზე საბოლოო დასკვნებსა და რეკომენდაციებს განიხილავდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა დადებითია, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების მომენტისთვის ვენეციის კომისიას, რომელმაც ჯერ კიდევ 8 ოქტომბერს მოუწოდა  საქართველოს ხელისუფლებას დალოდებოდა საბოლოო რეკომენდაციებს, რათა საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებამდე "ზედმიწევნით გაეთვალისწინებინა“ ისინი, საბოლოო დასკვნა გამოქვეყნებული არ ჰქონდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button