skip to content
ახალი ამბები

ქართველი დეპუტატები ევროპის საბჭოში საქართველოს გვერდის ავლით მოქმედების მცდელობებს აკრიტიკებენ

დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გააკრიტიკეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის „ზოგიერთი ჯგუფის“ მცდელობა მიღებული ყოფილიყო რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომზე რეზოლუციებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ახალი მოდელი.

ვიცე–სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის ინფორმაციით, აღნიშნული მოდელი ითვალისწინებდა ერთიანი მონიტორინგის ფორმატის დაყოფას და მიბმას, შესაბამისად, საქართველოსა და რუსეთის ცალ–ცალკე არსებულ სხვა ვალდებულებებთან ევროპის საბჭოს წინაშე.

იმავდროულად, გაზეთ "კომერსანტის“ ცნობით, მოსკოვის სურვილი იყო, რომ „გაეყინა 2008 წლის ომზე დოსიე“ ევროპის საბჭოში იმ საფუძვლით, ვიდრე მოსკოვი და თბილისი არ მოახდენდნენ ურთიერთობების რეალური გაუმჯობესების დემონსტრირებას. ამ საკითხის ინიცირება საპარლამენტო ასამბლეაში დემოკრატებისა და ლიბერალების ჯგუფის ხელმძღვანელმა მოახდინა ლუქსემბურგიდან, რომლის წინადადება ასევე გულისხმობდა  ჰუმანიტარულ საკითხებზე ცალკე კომისიის შექმნას, რომელიც კონფლიქტის პოლიტიკურ შედეგებზე არ მოახდენდა ფოკუსირებას.

ამ ინიციატივის მიღების შემთხვევაში, „რუსეთი მიიღებდა შესაძლებლობას არა მხოლოდ იმისა, რომ გადაეტანა სამხრეთ ოსეთში ომის თემა მეორე პლანზე, არამედ შეეცდებოდა კონფლიქტის ჰუმანიტარული შედეგების განხილვებში სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლების ჩართვას, რაც იქნებოდა პირველი ნაბიჯი ასამბლეის მხრიდან არსებული სიტუაციის აღიარებისაკენ“, წერს „კომერსანტი“.

ამჟამად, არსებული მონიტორინგის ფარგლებში რეზოლუციების შესრულებას მეთვალყურეობას უწევენ სპეციალური თანამომხსენებლები თბილისსა და მოსკოვში რეგულარული ვიზიტებისა და შესაბამისი მოხსენებების მომზადების გზით. საგაზაფხულო და ზაფხულის სესიებზე, წინა სამი სესიისგან განსხვავებით, რუსეთ–საქართველოს ომზე რეზოლუცია არ იქნა მიღებული. 21–25 ივნისის სესიის დღის წესრიგში ეს საკითხი საერთოდ არ ყოფილა შეტანილი.

თუმცა ქართველი დეპუტატების განცხადებით, გასულ კვირას სტრასბურგში ქართული დელეგაცია აღმოჩნდა „სამწუხარო ფაქტის“ წინაშე, როდესაც „ქართული დელეგაციის გვერდის ავლით" იყო მცდელობა მონიტორინგის ფორმატის შეცვლისა, თუმცა საქართველოს დელეგაციის „ეფექტური“ მუშაობის შედეგად ეს წინადადება ვერ გავიდა. 

მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 13–15 ივნისს თბილისში ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს მისცა „პირობა“, რომ „საქართველოს საკითხი საქართველოს გარეშე არ განიხილებოდა და ამას ევროპის საბჭო ძალიან კონკრეტულად დაუბრუნდებოდა შემოდგომაზე“.

“სამწუხაროდ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებით – მე არ ვიცი ბატონი ჩავიშოღლუ იყო ამ ჯგუფის მონაწილე თუ არ იყო ამ ჯგუფის მონაწილე, მაგრამ ქართული დელეგაცია დადგა საკმაოდ სამწუხარო ფაქტის წინაშე,“– განაცხადა მაჭავარიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაეთანხმა დეპუტატი კოლეგების მოსაზრებებს და იმედი გამოთქვა, რომ „ევროპის საბჭოში ყველა გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ  მიიღება მხოლოდ ქართული მხარის მონაწილეობით, თანხმობით და ჩართულობით ამ პროცესში“.

იმავდროულად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მევლუთ ჩავუშოღლუ 1–2 ივლისს მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში განიხილავს  მოსკოვის მიერ ასამბლეის რეზოლუციებით დაკისრებული ვალდებულებების "შეუსრულებლობის“ საკითხს.

“ასამბლეის პრეზიდენტის მთავარი მოვალეობაა, რომ მაქსიმალური დიპლომატიური და პოლიტიკური ზეწოლა მოახდინოს ქვეყანაზე დიდი იქნება ის თუ პატარა ამ რეზოლუციების მოთხოვნების შესრულების მიზნით,“– განაცხადა ცისკარიშვილმა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button