ახალი ამბები

ევროპარლამენტი სამხრეთ კავკასიაზე რეზოლუციას განიხილავს

  • ’ოკუპირებული ტერიტორიების ხელისუფლება ბლოკავს’ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას;
  • ’დემოკრატიცაზია უმნიშვნელოვანესია’;
  • ’ნათელი მოფინეთ მედია მფლობელობის საკითხს’;
  • გმობს Eutelsat-ის გადაწვეტილებას.

ევროპარლამენტი 20 მაისს განიხილავს რეზოლუციის პროექტს, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანასთან მიმართებაში ევროკავშირის სტრატეგიას ეხება.

რეზოლუციის პროექტი, რომელიც კონფლიქტებს, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიაზაციას და ასევე რეგიონის ეკონომიკურ საკითხებს ეხება, საქართველოსთან მიმართებაში მოუწოდებს ევროკავშირს უფრო მეტად ჩაერთოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების ”სრული განხორციელების” უზრუნველსაყოფად.

პროექტი გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და აცხადებს, რომ ”რუსეთის და ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფლებები, რომლებიც რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ იმყოფებიან,” საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის სრულ განხორციელებას ”ბლოკავენ”, რითაც დამკვირვებლებს ამ რეგიონებში შესვლის საშუალება არ ეძლევათ.

პროექტი ”ევროკავშირს უფრო აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდებს, რათა მოხდეს რუსეთის და დე ფაქტო ხელისუფლებების დარწმუნება იმაში, რომ მათ შეწყვიტონ მისიის დაბლოკვა.”

რეზოლუციის პროექტის თანახმად, კონფლიქტებთან მიმართებაში სტატუს ქვოს შენარჩუნება ”დაძაბულობის ესკალაციის და საომარი მოქმედებების განახლების მუდმივ რისკს შეიცავს”.

დოკუმენტი მიესალმება აგვისტოს ომის შესახებ ტალიავინის მოხსენებას და იმედს გამოთქვამს, რომ ანგარიშში არსებული ვრცელი ინფორმაცია ”გამოყენებულ იქნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სამართალწარმოებისთვის და ასევე ინდივიდუალური მოქალაქეების მიერ იმ შემთხვევებში, როცა ადგილი აქვს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევას”.

რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის იზოლაცია ”კონტრპროდუქტიულია” და ამ კონტექსტში დოკუმენტი მიესალმება საქართველოს მთავრობის სტრატეგიას, რომელიც სეპარატისტულ რეგიონებთან ჩართულობას ითვალისწინებს.

რეზოლუციის პროექტი ”სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის კონფერენციის შექმნის” რეკომენდაციას იძლევა, რათა შემდეგ უკვე მოხდეს სამხრეთ კავკასიისთვის სტაბილურობის პაქტის შემუშავება.

დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ ”დემოკრატიზაციას, კარგ მმართველობას, პოლიტიკურ პლურალიზმს, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს” სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან ევროკავშირის მომავალი ურთიერთობების განსაზღვრის კუთხით.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, რეგიონის მიმართ ევროკავშირის დახმარება, მათ შორის ფინანსური, რეგიონის ქვეყნების მიერ რეფორმების გატარების პირობას უნდა ეფუძნებოდეს. იქვე რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ევროკომისიას, რომ უზრუნველყოს საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება, რომელიც ”დემოკრატიულ რეფორმებში ახალი იმპულსის შეტანას” ეხება.

დოკუმენტი ასევე შეიცავს გაფრთხილებას, რომ ”არ მოხდეს ხელისუფლებების მიერ კონფლიქტების ბოროტად გამოყენება შიდა საკითხებიდან საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების გადატანის მიზნით”.

რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ”ნათელი მოჰფინოს მედია მესაკუთრეთა და მედიის ლიცენზირების გარშემო არსებულ ვითარებას.” დოკუმენტში ასევე აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის ინიციატივა ”საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს გაფართოებასთან დაკავშირებით საბჭოში მეტი ოპოზიციონერის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლის შეყვანის მიზნით”.

დოკუმენტი ასევე გამოხატავს ევროპარლამენტის ”შეშფოთებას” იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია Eutelsat-მა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვან ”პირველ კავკასიურ არხს” სატელიტურ მაუწყებლობაზე ”უარი უთხრა”.

”როგორც ჩანს, ეს პოლიტიკურად მოტივირებული უარია… ამგვარი უარი ”ინტერსპუტნიკს” და მის მთავარ კლიენტს, Gazprom Media Group-ს ანიჭებს დე ფაქტო მონოპოლიას სატელიტურ მაუწყებლობაზე ამ რეგიონში, სადაც რუსულენოვანი აუდიტორიაა,” – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში და იქვე აღნიშნულია, რომ ”უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ დემოკრატიულ და პლურალისტურ საზოგადოებაში არ მოხდეს დამოუკიდებელი მედია მაუწყებლობის შეფერხება”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button