ახალი ამბები

ევროკომისრის თქმით, საქართველო ევროკავშირთან პარტნიორობის ერთგულია

ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოვებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულემ 12 მაისს განაცხადა, რომ საქართველოს სურვილია გამოიყენოს ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შექმნილი შესაძლებლობები, რათა ევროკავშირთან პარტნიორობა გააღრმავოს.

თუმცა, ფულემ, რომელიც საქართველოს აპრილის დასაწყისში სტუმრობდა, ასევე განაცხადა, რომ საქართველოში არსებული ”ულტრა-ლიბერალურ ეკონომიკურ გარემოსთან” დაკავშირებული ზოგიერთი იდეა ევროკავშირი-საქართველოს მომავალი პარტნიორობის ძირითად პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდის.

”ჩვენ [თბილისში ვიზიტის დროს] დისკუსია გვქონდა იმაზე, თუ რას ნიშნავს სრულად ჩაერთო აღმოსავლეთ პარტნიორობაში და სრულად გამოიყენო ის მექანიზმები, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის საშუალებითაა შემოთავაზებული; მე ვგულისხმობ ასოცირებულ შეთანხმებას, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის ზონას და [მოქალაქეთა] მობილურობას [სავიზო რეჟიმის გამარტივება და რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებები],” – განაცხადა ფულემ.

”ვფიქრობ, ჩვენ შევძელით აგვეხსნა მათთვის [საქართველოს ხელისუფლებისთვის], რომ განსაკუთრებით პირველი ორი მიმართულება [ასოცირებული შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობის ზონა], რომელიც ჩვენი მომავალი პარტნიორობის ღერძს წარმოადგენს, მათი მხრიდან [საქართველოს ხელისუფლებისგან] სრულ ჩართულობას მოითხოვს და ეს [ორი მიმართულება] შესაძლოა მთლად ვერ მოვიდეს შესაბამისობაში იმ ზოგიერთ იდეასთან, რომელიც საქართველოში ულტრა-ლიბერალური ეკონომიკური გარემოს შექმნას უკავშირდება,” – განაცხადა მან.

ფულეს თქმით, თბილისში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მან დაინახა საქართველოს ხელისუფლების ”სრული ერთგულება” მთელ რიგი ღონისძიებების განსახორციელებლად, რომლებიც თავისუფალი ვაჭრობის ზონაზე და ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებადაა საჭირო.

პრესკონფერენციაზე, რომლის დროსაც ფულემ ეს განცხადება გააკეთა, ევროკომისარმა 2004 წელს დაწყებული ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მიმოხილვა წარადგინა.

12 მაისს გამოქვეყნდა შუალედური ანგარიშები, რომლებიც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მონაწილე ქვეყნების მიერ ვალდებულებათა შესრულებას ეხება, მათ შორის არის ანგარიში საქართველოზეც.

დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე აღნიშნულია, რომ 2009 წლის მეორე ნახევრიდან საქართველომ გამოავლინა ”მიზანდასახულობა შეასრულოს ევროკავშირის ძირითად რეკომენდაციები,” რათა დაიწყოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები.

”შედეგად, გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული, კერძოდ სტრატეგიული რეფორმირების აუცილებელ გეგმებზე პირველი პროექტების მომზადების კუთხით,” – ნათქვამია ანგარიშში.   

პრესკონფერენციაზე ფულემ ასევე განაცხადა, რომ წელს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინიციატივაში მონაწილე ქვეყნები საერთო ჯამში 1,6 მილიარდი ევროს დახმარებას მიიღებენ, ხოლო 2013 წლისთვის დაფინანსება 2 მილიარდ ევრომდე გაიზრდება.

მისი თქმით, ყველაზე მეტი თანხები მაროკოს, მოლდოვას და უკრაინას გამოეყოფა – ამ ქვეყნებს მან ”ევროპის სამეზობლო პოლიტიკის კუთხით არსებულ თანამშრომლობაში ყველაზე მეტად ჩართული პარტნიორები” უწოდა.

”რაც უფრო მაღალია ჩვენი პარტნიორების ამბიციები, მით უფრო ძლიერია ჩვენი პასუხიც. ისეთმა პარტნიორებმა, როგორიც არიან მაროკო, მოლდოვა და უკრაინა,  მაშინვე გაიაზრეს [ევროკავშირთან] უფრო ახლო ურთიერთობების პოტენციალი და კარგად იყენებენ [ევროპის სამეზობლო] პოლიტიკას. სხვა პარტნიორებმა ჩვენი შეთავაზების მხოლოდ ზოგიერთი ელემენტი აიტაცეს, თუმცა შეთავაზების სხვა ელემენტებზე თავს იკავებენ. [ევროპის სამეზობლო] პოლიტიკა ასეთი მოქნილობის საშუალებას იძლევა,” – განაცხადა ევროკომისარმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ”გაჭიანურებული კონფლიქტები ევროკავშირის სამეზობლოს უსაფრთხოებას და ეკონომიკურ ზრდას ხელს უშლიან”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button