![](https://civil.ge/wp-content/uploads/2025/01/default-pic-780x470.png)
კრიზისების ჯგუფის ანგარიში სოხუმის მოსკოვზე ”მზარდი დამოკიდებულების” შესახებ
რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარებიდან თვრამეტი თვის შემდეგ, აფხაზეთი ”ეჭვგარეშეა რომ მოსკოვზე უფრო დამოკიდებული გახდა”, – ნათქვამია საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის (International Crisis Group – ICG) ანგარიშში, რომელიც 26 თებერვალს გამოქვეყნდა.
ანგარიში რუსეთის აღიარების შემდეგ აფხაზეთში არსებულ სიტუაციას მიმოიხილავს და რეგიონში არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიტუაციას აანალიზებს. ის ასევე მიმოიხილავს საგარეო ურთიერთობებს და აფხაზურ მედიასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის სამხედრო ძალების ზრდას აფხაზეთში.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მიაჩნიათ, რომ მათი რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა რაიმე საფრთხეს წარმოადგენს, ნათქვამია ანგარიშში სახელწოდებით: ”აფხაზეთი: მზარდი დამოკიდებულება”.
მოხსენებაში მოყვანილია აფხაზი მაღალი რანგის ოფიციალური პირის სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ სოხუმისთვის ორ მთავარ გამოწვევას ეკონომიკა და უსაფრთხოება წარმოადგენს. ”ამ ორივე მიმართულებით, ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ჩვენს საჭიროებებს პასუხობს. ჩვენ გვაქვს დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომელიც გვჭირდება,” – განაცხადა მან.
აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობის დასახელებისას, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს სხვადასხვა ციფრები მოჰყავთ და ის 1 700-დან 3 700-მდე მერყეობს.
ICG-ის ანგარიშში მოყვანილია ციფრები იმ დასავლელ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით, რომლებსაც სატელიტურ მონაცემებზე მიუწვდებათ ხელი. ამ მონაცემების თანახმად, ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის შეიარაღებული ნაწილების რაოდენობა აფზაზეთში 4 000-დან 5 000-მდე მერყერობს. აქ შედის როგორც რეგულარული შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები, ასევე ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების და სანაპირო დაცვის ნაწილები.
ბომბორას აეროდრომი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი სამხედრო აეროდრომია, აფხაზეთში რუსეთის სამხედრო გეგმის უმთავრეს ნაწილს წარმოადგენს, ნათქვამია ანგარიშში. აეროდრომს შეუძლია დიდი ზომის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავების მიღება.
ანგარიშის თანახმად, აფხაზეთის 2009 წლის ბიუჯეტის 60% პირდაპირ რუსეთიდან მიღებული დახმარებით ივსებოდა. 2010 წლის ბიუჯეტში რუსეთიდან მიღებული დახმარება ციფრებში იგივე იქნება, თუმცა მისი პროცენტული მაჩვენებელი 49%-მდე დაიწევს, ანუ 2010 წლის მთლიან ბიუჯეტში (3.875 მილიარდი რუბლი) რუსეთიდან მიღებული დახმარების წილი 1.9 მილიარდი რუბლი (63 მილიონ აშშ დოლარი) იქნება.
”მოსკოვზე მათი სამხედრო და ეკონომიკური დამოკიდებულების ფონზე, გაურკვეველი რჩება, დე ფაქტო ხელისუფლებას საქართველოსთან ურთიერთობისთვის დამოუკიდებლად მანევრირების რა სივრცე დარჩა,” – ნათქვამია მოხსენებაში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მართალია რთულია რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობასთან შეგუება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება არ უნდა შეეცადოს აფხაზეთის იზოლირებას. ანგარიში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ახალი სტრატეგია სეპარატისტული რეგიონების მიმართ ”ნაწილობრივ ასახავს ახალი მიდგომის” აუცილებლობას. სოხუმი ამ სტრატეგიას უარყოფითად შეხვდა.
ICG-იმ მოუწოდა სოხუმს გადახედოს მის კატეგორიულ პასუხს, რადგანაც ”აფხაზებს ნამდვილად შეუძლიათ გარკვეული სარგებელი მიიღონ [სტრატეგიაში არსებული] ეკონომიკური და სავაჭრო შემოთავაზებებისგან, რაც შესაძლოა შემდომი განვითარების და იზოლაციის დასასრულის საწინდარი გახდეს.”
”მაგრამ ამავე დროს, თბილისმა ყურადღება უნდა გაამახვილოს პრაქტიკული ნაბიჯების აუცილებლობაზე, რათა ამ პროექტების განხორციელება [აფხაზეთის] სტატუსთან მიბმის გარეშე გახდეს შესაძლებელი,” – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, იმ ფონზე, როდესაც კონფლიქტი მოუგვარებელი რჩება, ამან შესაძლოა ”კვლავ გამოიწვიოს დესტაბილიზაცია სამხრეთ კავკასიაში”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)