ახალი ამბები

ცხინვალი უარს ამბობს დაკავებულთა შესახებ შეხვედრაში მონაწილეობაზე

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მოუწოდა თბილისსა და ცხინვალს მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართოს შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გადაადგილების თავისუფლებისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრის სიახლოვეს დაკავებულთა საკითხების განსახილველად.

”სამხრეთ ოსური მხარე ჟენევის დისკუსიების ფარგლებში არაერთხელ აფრთხილებდა ყველას, რომ მანამ ჩვენ არ მივიღებთ ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების შესახებ, არ მივიღებთ მონაწილეობას ამ შეხვედრებში. ჩვენი პოზიცია რჩება ძალაში,”- განაცხადა ბორის ჩოჩიევმა, სეპარატისტი ლიდერის წარმომადგენელმა პოსტ-კონფლიქტური მოგვარების საკითხებში.

სეპარატისტული ხელისუფლების ოფიციალური ვებ-გვერდი 9 იანვარს ჩოჩიევის სიტყვებზე დაყრდნობით ასევე იტყობინება, რომ დაკავებული პირების შესახებ ინფორმაცია ცხინვალისთვის საახალწლოდ უნდა მიეწოდებინათ, თუმცა ”ჩვენ ამ დრომდე არაფერი არ ვიცით ჩვენი მოქალაქეების ბედის შესახებ”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button