
თბილისის ”სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში”
საქართველო წინააღმდეგია აფხაზეთის და ”ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის” მოსახლეობის იზოლაციაში მოქცევის და მისი პოლიტიკა ორიენტირებულია ”გამყოფი ხაზებით განცალკევებულ” მოსახლეობას შორის ურთიერთობების აღდგენა-ხელშეწყობაზე, ნათქვამია საქართველოს მთავრობის პროექტში – ”სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში”.
9-გვერდიანი დოკუმენტი, რომლის ქვესათაურია ”თანამშრომლობა ჩართულობის გზით”, გვერდს უვლის სეპარატისტული რეგიონების სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებს იმ დათქმით, რომ ამ თემაზე საუბარი დეოკუპაციის შემდეგ უნდა დაიწყოს ”მშვიდობიანი მოლაპარაკებების ფორმატში” და იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნების კონტექსტში.
”რუსეთის ჯარის იქ ყოფნის პირობებში ამაზე [სტატუსზე] საუბარი ამორალურია,”- განაცხადა 24 დეკემბერს თემურ იაკობაშვილმა, სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში მისი უწყების მიერ მომზადებული სტრატეგიის პროექტის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პრეზენტაციისას.
დოკუმენტში საუბარია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურღვეობაზე, არაღიარების პოლიტიკის გატარებაზე, რუსული ანექსიის პროცესის შეჩერებისა და ამ რეგიონების სრული დეოკუპაციის მიზანზე.
დოკუმენტის პროექტის თანახმად, დასახული მიზნების მიღწევას საქართველო გეგმავს მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური ძალისხმევით და ”გამორიცხავს კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტას”.
”ცეცხლის განუახლებლობაზე რომ გვიკიჟინებენ, ეს გულისხმობს არა სეპარატისტებთან, არამედ რუსეთთან ომს,”- განაცხადა იაკობაშვილმა, ”თუ ისინი [რუსეთი] არ შემოგვიტევენ, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შევუტიოთ”.
”არ ვაპირებთ რუსული ტანკების ქართული ტანკებით ჩანაცვლებას,”- განაგრძო მან, ”მაგრამ უნდა იქნას შემოღებული საერთაშორისო საპოლიციო კომპონენტი მას შემდეგ, რაც მოხდება დეოკუპაცია”.
თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო არ უნდა იყოს მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის იმედზე და უნდა იმოქმედოს უფრო ”პროაქტიურად”, რათა ”დეიზოლაციის” ხელშეწყობით გაარღვიოს ”რუსეთის ექსკლუზიური ურთიერთობები” სეპარატისტულ რეგიონებთან.
”არ ვაპირებთ ამ ტერიტორიების დავიწყებას, შეტოვებას ან ჩუქებას რუსეთისთვის,”- განაცხადა იაკობაშვილმა.
მისი თქმით, დოკუმენტის პროექტი მთავარ აქცენტს აკეთებს მთელ რიგ ღონისძიებებზე, რომელიც მიმართული იქნება ომით დაზარალებული მოსახლეობის შერიგებისკენ და ნდობის აღდგენისაკენ.
დოკუმენტის პროექტის თანახმად, ”პრაგმატული და ურთიერთსასარგებლო” კონტაქტები უნდა გააქტიურდეს ეკონომიკური საქმიანობების, ვაჭრობის, ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის, განათლების, ჯანდაცვის, სახალხო დიპლომატიის, კულტურული მემკვიდრეობის და ეროვნული იდენტურობის დაცვის, ინფორმაციის დაუბრკოლებელი გავრცელებისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებებით.
იაკობაშვილის თქმით, ასეთი კონტაქტების ამუშავება გულისხმობს ”საკოორდინაციო მექანიზმების” ფარგლებში ურთიერთობებს სეპარატისტულ ხელისუფლებებთანაც, რომლებიც დოკუმენტში მოხსენიებული არიან, როგორც ”მაკონტროლებელი მმართველობები”.
”ჩვენ მათ პრეზიდენტებს ვერ დავუძახებთ, მაგრამ თუ გვინდა, რომ საქმე გვქონდეს, ვერც ”შენ მარიონეტოს” ვერ დაუძახებ,”- განაცხადა მან, ”ჩვენ უნდა ვიყოთ კორექტულები”.
ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, დოკუმენტის პროექტში საუბარია, ერთობლივი ბიზნეს-საქმიანობების წახალისებაზე, მოსახლეობას შორის ვაჭრობის გაფართოებაზე, საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობების შექმნაზე, დასაქმების ხელშეწყობაზე და ”ოკუპაციის ხაზების” სიახლოვეს ”განსაკუთრებული ყურადღების ზონებში” სპეციალური პირობების შექმნაზე.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ”გამყოფ ხაზებს” შორის რეგულარული მარშრუტის ავტობუსის დანიშვნას, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას, დასაბრუნებელი მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების, სკოლების, საავადმყოფოების, გზების, ელექტროგადამცემი და სატელეკომუნიკაციო ხაზების რეაბილიტაციას, ასევე წყლის და ბუნებრივი აირის მიწოდების მოწესრიგებას.
”რა პრობლემაა, რომ ავტობუსმა იაროს თბილისსა და სოხუმს შორის, არსებობდეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და თან ამას მთავრობა კი არა, ამას ხალხი თვითონ გააკეთებს,”- განაცხადა იაკობაშვილმა.
ამასთან, განათლების მიმართულებით დაგეგმილია მშობლიურ ენაზე სწავლების, ერთობლივი სასწავლო პროგრამების ხელშეწყობა, ასევე სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრებთათვის საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების ამუშავება. პროექტის გეგმაშია ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში ჩართვა.
სახალხო დიპლომატია დოკუმენტის ცალკე მიზანს წარმოადგენს. ამ კუთხით საქართველო პირველად საუბრობს დიალოგზე ”მოჰაჯირებთან” – აფხაზურ დიასპორასთან თურქეთში. ათობით ათასი მუსულმანი აფხაზი გადასახლდა ოსმალეთის იმპერიაში კავკასიის მუსულმანთა იმ ერთიანი მიგრაციის პროცესის ფარგლებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა მე-19 საუკუნეში. იაკობაშვილის თქმით, ეს დიასპორები ”საქართველოს წინააღმდეგ არიან განწყობილები და მათთან სერიოზულად გვაქვს სამუშაო”.
”ჩვენ უნდა გავხდეთ გარანტები, რომ აფხაზური კულტურა არ გაქრება. ჩვენ არ გვინდა, რომ მათ უბიხების ბედი გაიზიარონ, რომლებიც საერთოდ გაქრნენ,”- განაცხადა მან, და დასძინა: ”სამწუხაროდ, ამის პერსპექტივა არსებობს”.
სტრატეგიის მიზანს წარმოადგენს ასევე კავკასიის ხალხების ეთნო-კულტურულ სიახლოვეზე აქცენტირება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მიერ რელიგიური რიტუალების მშობლიურ ენაზე განხორციელების უზრუნველყოფა. ასევე განსაკუთრებული ინტერესის სფეროა ადამიანი უფლებების დაცვის ღონისძიებების ხელშეწყობა, ”ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებების დარღვევებზე ყურადღების განსაკუთრებული მიქცევით”.
იაკობაშვილის თქმით, ამ მიმართულებებით მხოლოდ ერთობლივი პროექტები უნდა განხორციელდეს, ”მაგრამ ილუზია, რომ ყველაფერი იმუშავებს, არ გვაქვს”.
მან ასევე განაცხადა, რომ დოკუმენტმა მთავრობის სხდომაზე დამტკიცებამდე შესაძლოა გარკვეული ცვლილებები კიდევ განიცადოს, მათ შორის ტერმინოლოგიის კუთხით, თუმცა მისი ”ღერძი” არ შეიცვლება.
ამასთან, მომდევნო ექვს თვეში, მაქსიმუმ 2010 წლის 31 ივნისამდე შემუშავდება სტრატეგიის დოკუმენტში ასახული მიზნების ”აღსრულების გეგმა”, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა კონკრეტული პროექტი. ასევე იგეგმება დონორთა კონფერენციის მოწვევა ამ პროექტებისთვის ფინანსების მიზიდვის მიზნით.