
სახალხო დამცველმა პარლამენტს ანგარიში ჩააბარა
ახალმა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა დღეს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით 2009 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ მოხსენება წარადგინა, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან საკმაოდ მსუბუქი კრიტიკა მოყვა, განსხვავებით ყოფილი ომბუდსმენის სოზარ სუბარის დროს გაკეთებული მოხსენებებისაგან.
”თუ სახალხო დამცველი არ არის პოლიტიკურად მოტივირებული, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მის კრიტიკას და ეს სახალხო დამცველისგან ბუნებრივი ფორმაა, რომ გააკრიტიკოს ხელისუფლება,” – განაცხადა დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა მმართველი პარტიიდან პარლამენტში გამართული დებატების დროს.
”თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვიწონებთ ყველაფერს, რაც ამ მოხსენებაში წერია,” – დასძინა მან.
სოზარ სუბარი, რომელიც ამჟამად ალიანსი საქართველოსთვის წევრია და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე აპირებს კენჭისყრას, მმართველი პარტიის კრიტიკის ხშირი სამიზნე იყო. სუბარს და მისი ობუდსმენობის პერიოდის მოხსენებებს საპარლამენტო უმრავლესობა აკრიტიკებდა და ”პოლიტიზირებულს” უწოდებდა.
დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, რომ ახალი სახალხო დამცველი თავისი საქმიანობის დროს არ იხელმძღვანელებს პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად, როგორც ეს, მისი თქმით, წინა სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა.
”შეხედეთ სად არის ახლა სოზარ სუბარი და ნათელი გახდება, თუ რატომ იყო ის პოლიტიკურად ასე მოტივირებული სახალხო დამცველის პოსტზე,” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა დებატების დროს.
დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა მმართველი პარტიიდან განაცხადა, რომ აშკარა სხვაობაა ახლანდელ და სუბარის მიერ წარმოდგენილ მოხსენებებს შორის. მისი თქმით, ბოლო დოკუმენტში მოქალაქეთა მიერ სახალხო დამცველის აპარატში წარდგენილი საჩივრები არ არის წარმოდგენილი როგორც ”ფაქტები” და ”წინა მოხსენებებისგან გასხვავებით, ამ ბოლო მოხსენებაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ცალკეული შემთხვევები არ არის განზოგადებული იმ მხრივ, რომ ქვეყანაში არადემოკრატიული ტენდენციებია”.
სავარაუდოდ, მმართველი პარტია განაგრძობს ომბუდსმენის მოხსენებების შეფასებისას ბოლო რამდენიმე წლის პრაქტიკას და მიიღებს დადგენილებას, რომ მოხსენება ”ცნობად მიიღო”. საპარლამენტო უმცირესობა მოუწოდებდა მმართველ პარტიას, რომ ამის სანაცვლოდ მიეღო დადგენილება, რომელიც მოუწოდებდა სამინისტროებს და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს მოეხდინათ რეაგირება მოხსენებაში მოყვანილ ფაქტებზე და შეესრულებინათ რეკომენდაციები.
”წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგენილების მიღება, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ ჩვენ ”ცნობად მივიღეთ” მოხსენება, მისი იგნორირების ტოლფასი იქნება,” – განაცხადა დეპუტატმა გიორგი ახვლედიანმა ქრისტიან-დემოკრატებიდან.
პარლამენტმა ქვორუმის არარსებობის მოტივით ვერ მიიღო რაიმე დადგენილება დაახლოებით სამსაათიანი მოსმენის შემდეგ.
კითხვა-პასუხზე გადასვლამდე გიორგი ტუღუშმა თავისი 340-გვერდიანი მოხსენების მოკლე მიმოხილვა გააკეთა. მოხსენების მომზადება სოზარ სუბარის ვადის ამოწურვამდე დაიწყო და მისი შემცვლელის ზედამხედველობის ქვეშ დასრულდა.
ტუღუშმა პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენების შესახებ ისაუბრა, მათ შორის გაზაფხულზე საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ. მისი წინამორბედის პოზიციის მსგავსად, ტუღუშმაც განაცხადა, რომ რეზინის ტყვიების და სხვა ტიპის არალეტალური იარაღის გამოყენება პოლიციის მიერ 6 მაისის აქციაზე იმ დროს უკანონო იყო.
მან უთხრა დეპუტატებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ პროკურატურა ფორმალურად იწყებდა პოლიციის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას, ეს საქმეები უმიზეზოდ ჭიანურდებოდა და ამას უკვე ”ტენდენციის” სახე მიეცა.
ტუღუშის თქმით, დაკავებულთა წამების შემთხვევები აღარ წარმოადგენს ”სისტემურ პრობლემას”, თუმცა ცალკეული შემთხვევები კვლავ არსებობს.
დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ეკა ხერხეულიძემ, რომელიც ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, კატეგორიულად უარყო ეს და განაცხადა, რომ იგი ”შეუწყნარებელი” იქნება ამგვარი განცხადებების მიმართ, რადგანაც ”წამების არც ერთი ფაქტის შესახებ არ გამიგია”.
ტუღუშის თქმით, მოქალაქეთა მიერ საკუთრების უფლებების დარღვევის შესახებ სახალხო დამცველის აპარატში წარდგენილ საჩივართა რაოდენობა ”მნიშვნელოვნად შემცირდა” საანგარიშო პერიოდში.
მან ასევე განაცხადა, რომ ”დადებითი ტენდენცია” შეინიშნება ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვის კუთხით, თუმცა იქვე დასძინა, რომ პრობლემა არსებობს უმცირესობათა შეზღუდული პერსპექტივების კუთხით და განაცხადა, რომ ხელისუფლების მცდელობები, რომ მათ ქართული ენის ”ხარისხიანად” შესწავლის შესაძლებლობა მისცეს, არაადექვატურია.
მისი თქმით, რელიგიურ უმცირესობათა უფლებების შელახვასთან დაკავშირებული შემთხვევების რაოდენობა საანგარიში პერიოდში 21-ით გაიზარდა – 20 მათგანი იეღოვას მოწმეებს უკავშირდება. ტუღუშმა ასევე განაცხადა, რომ პოლიცია არაადექვატურად პასუხობდა რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევის შემთხვევებს.
რელიგიური უფლებები მთავარი თემა იყო, რომელსაც საპარლამენტო უმცირესობის რამოდენიმე დეპუტატის მხრიდან სახალხო დამცველის კრიტიკა მოყვა.
დეპუტატმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან გურამ ჩახვაძემ გააკრიტიკა სახალხო დამცველი თავის მოხსენებაში შემდეგი ფრაზის დაწერისთვის: ”საანგარიშო პერიოდში კვლავ უცვლელი დარჩა საზოგადოების მხრიდან რელიგიური უმცირესობათა მიმართ შეუწყნარებლობის ფაქტები…”
”ვფიქრობ საზოგადოების შეურაცხყოფაა, რომ მთელ საზოგადოებას შეუწყნარებელი უწოდო მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი რელიგიური ჯგუფის უფლებების დარღვევის 20 ფაქტი დაფიქსირდა,” – განუცხადა ჩახვაძემ სახალხო დამცველს და ჰკითხა, თუ რის საფუძველზე გამოხატავდა ამგვარ ვარაუდს.
”ეს, სულ ცოტა, შეცდომაა; ეს მცდარი ფორმულირებაა, რომელიც მთელ ერს ეხება და ჩვენ ვერანაირად ვერ დავუჭერთ მხარს ასეთ ფორმულირებას,” – მიმართა ჩახვაძემ სახალხო დამცველს.
ამის საპასუხოდ გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატისთვის ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი აზრის კვლევები იმაზე მიანიშნებს, რომ ”საზოგადოების დამოკიდებულება რელიგიური უმცირესობების მიმართ” შეუწყნარებელია.
თუმცა მოგვიანებით დებატების დროს ტუღუში ამ თემას დაუბრუნდა და საკითხი დააკონკრეტა. მისი თქმით, ჩახვაძემ ფრაზა მოხსენებიდან კონტექსტიდან ამოგლიჯა და შემდეგ მან მთელი წინადადება წაიკითხა: ”საანგარიშო პერიოდში კვლავ უცვლელი დარჩა საზოგადოების მხრიდან რელიგიური უმცირესობათა მიმართ შეუწყნარებლობის ფაქტები, რაც ძირითადად გამოიკვეთა რელიგიური ნიშნით პირების დევნისა და მათზე და რელიგიური დანიშნულების მატარებელ შენობა-ნაგებობებზე თავდასხმის შემთხვევებით და მათზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ არაადეკვატური რეაგირებით”.
”ამრიგად სიტყვა ”საზოგადოება” აქ იმ პირებს ეხებათ, რომელთაც ეს დანაშაულები ჩაიდინეს,” – დააკონკრეტა ტუღუშმა.
კიდევ ერთმა ოპოზიციურმა დეპუტატმა, ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ ტუღუში იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან არ დაგმო საქართველოს კათალიკოს-პატრიაქტის ილია მეორეს შესახებ გავრცელებული ვიდეო რგოლები და არ დაიცვა ის მართლმადიდებელი ქართველები, რომლებიც ამან შეურაცხყო.
თუმცა, ტუღუშმა უპასუხა, რომ ვიდეომასალის გავრცელება, მიუხედავად იმისა, რომ იგი მას ”მოქალაქეობრივი” პოზიციიდან უხამსად” მიიჩნევს, გამოხატვის თავისუფლების ნაწილია და ეს არ არის ის შემთხვევა, რომელიც მის რეაგირებას მოითხოვს.
”სახალხო დამცველის მხრიდან ჩასარევი ვერ ვნახე იმიტომ, რომ კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონდა,”- აღნიშნა მან ამ საკითხის კომენტირებისას.
თავის დასკვნით სიტყვაში სახალხო დამცველმა უთხრა დეპუტატებს, რომ ომბუდსმენის მოხსენება ადამიანის უფლებებზე ”არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს პოლიტიკური დოკუმენტი”.
”არანაირ პოლიტიკურ გზავნილებს არ შეიცავს ჩემი მოხსენება,”- აღნიშნა ტუღუშმა, ”შევეცდები დავიცვა ეს პრინციპი ჩემს მომავალ მოხსენებებში და არ მოვახდინო მათი პოლიტიზირება”.