
WSJ: ბრიტანეთი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გარშემო არსებულ დავას სწავლობს
ბრიტანეთის მთავრობა სწავლობს ბრიტანული საინვესტიციო კომპანიის Thames Steel UK Ltd-ს პრეტენზიებს იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ საქართვეოში მისი კუთვნილი რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ჩამოართვა, იტყობინება Wall Street Journal-ი 26 ნოემბერს.
”ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ამ საკითხზე და კვლავაც დავაყენებთ მას ოფიციალურ და მინისტრების დონეზე,” – იტყობინება WSJ-ი გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა უწყების წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით.
ამავე ცნობის მიხედვით, ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საკითხს ამჟამად ლონდონში მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან შეხვედრაზე დააყენებენ. გილაური ამჟამად ლონდონში იმყოფება, სადაც ის პოტენციურ ინვესტორებს ხვდება.
საქმე ეხება Thames Steel UK Ltd-ის დირექტორის თომას ბლეიქის პრეტენზიას, რომ მისი კომპანიის კუთვნილი ქარხანა მას უკანონოდ ჩამოართვეს. როგორც ბლეიკმა Wall Street Journal-ს განუცხადა, მისმა კომპანიამ 2007 წლის სექტემბერში 70 მილიონ აშშ დოლარად ბადრი პატარკაციშვილისგან შეიძინა კომპანია Energy & Industry Complex. ეს უკანასკნელი ფლობდა კომპანიას Georgian Steel-ს, რომელიც თავის მხრივ ქარხნის მფლობელი იყო.
ბლეიქი აცხადებს, რომ 2009 წლის სექტემბერში მან აღმოაჩინა, რომ დაწყებული იყო ქარხნის კრედიტორ კომპანიაზე გადაცემის პროცედურები. მისი თქმით, მან ვერანაირი ინფორმაცია ამ ე.წ. კრედიტორ კომპანიაზე – Kolkhis Business Corp., ვერ მოიპოვა, რაც აფიქრებინებს, რომ ეს ფირმა უშუალოდ ამ კონკრეტული გარიგებისთვის იყო შექმნილი. ბლეიქმა ასევე განუცხადა WSJ-ს, რომ მას შემდეგ, რაც ოქტომბერში გამართული აუქციონი წარუმატებლად დასრულდა, ქარხანა Kolkhis Business Corp.-ს გადაეცა.
ქართული მედია იტყობინებოდა ოქტომბერში, რომ რუსთავის ქარხნის მენეჯმენტი უარყოფდა ბლეიქის ბრალდებებს და აცხადებდა, რომ ქარხნის მენეჯმენტს კომპანია Georgian Steel-ი ეწეოდა, რომლის ფლობელიც Energy & Industry Complex-ია. ეს უკანასკნელი კი, მენეჯმენტის განცხადებით, ჯოზეფ ქეის დაფუძნებული იყო და რომ მათ ბლეიქის შესახებ არაფერი სმენიათ.
This post is also available in: English Русский