skip to content
ახალი ამბები

სახალხო დამცველი: შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება დაირღვა

სახალხო დამცველის ოფისმა განაცხადა, რომ 23 ნოემბერს პოლიციის მიერ, პარლამენტის წინ მოძრაობა ”7 ნოემბრის“ სამი აქტივისტის დაკავების ფაქტის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ ”დაირღვა მოქალაქეების დაჩი ცაგურიას, ჯაბა ჯიშკარიანისა და ირაკლი კორძაიას კონსტიტუციით გათვალისწინებული შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება.“

ცაგურიას, ჯიშკარიანისა და კორძაიას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილ დადგენილებებში აღნიშნულია, რომ პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად  ეს სამი აქტივისტი იმყოფებოდა პარლამენტის შესასვლელიდან 25–30 მეტრში, რა დროსაც არღვევდნენ ”შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

სასამართლოს დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ სამმა აქტივისტმა საპატრულო პოლიციას ვერ წარუდგინა აქციის ჩატარების სათანადო ნებართვა და აფერხებდნენ ფეხით მოსიარულეთა თავისუფალ გადაადგილებას. იქვე აღნიშნულია, რომ პატრულის მიერ სამართალდარღვევის აღკვეთის დროს აქტივისტებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს.

”ის არგუმენტი, რომ მათ პატრულ–ინსპექტორებს ვერ წარუდგინეს შესაბამისი ნებართვა არის სამართლებრივ საფუძველს მოკლებული,“ – ნათქვამია სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის მიერ 25 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ”უფრო მეტიც, დღეს მოქმედი კანონი ნებართვის გაცემას აქციის ან მანიფესტაციის ჩატარებისთვის არ იცნობს.“

”არსებულ ვიდეო ჩანაწერში კარგად ჩანს, რომ შეკრების სამ მონაწილეს არ ჰქონია გადაკეტილი გზის სავალი ნაწილი და არც ხალხის მოძრაობა შეუფერხებია. ისინი დაკავების მომენტისათვის ისხდნენ ხალხის სავალი ნაწილის სიახლოვეს არსებულ საფეხურზე, შესაბამისად, ისინი არანაირ დაბრკოლებას არ უქმნიდნენ ფეხით მოსიარულეებს,“ – აცხადებს სახალხო დამცველი.

იქვე ნათქვამია, რომ შეუძლებელია აქტივისტებს დაერღვიათ ”შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მე–7 მუხლის მოთხოვნა, რომელიც შენობის კიბეების გამოყენებას კრძალავს, რადგან თავად სასამართლოს დადგენილებაშია ნათქვამი, რომ სამივე პირი პარლამენტიდან 25–30 მეტრში იმყოფებოდნენ.

”ის არგუმენტი, რომ აქციის მონაწილეებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პატრულ–ინსპექტორებს არ დასტურდება გავრცელებული ვიდეო მასალიდან. ვიდეო ჩანაწერში კარგად ჩანს, რომ სამივე პირი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაემორჩილა პატრულ ინსპექტორთა მოთხოვნას და ჩაჯდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟში,“ – აცხადებს სახალხო დამცველი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button