
სააკაშვილი: რევოლუცია გრძელდება
ვარდების რევოლუციის ექვსი წლის თავზე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რევოლუციის შემდეგ საქართველოს მიღწევები არის ”ცოცხალი უარყოფა კრემლის პროპაგანდის” და ამიტომ ”ვერ გვიტანენ მოსკოვში”.
”ნამდვილი რევოლუცია ჩვენს ქვეყანაში კი არ დამთავრდა 2003 წლის 23 ნოემბერს; დაიწყო მაშინ [ექვსი წლის წინ] და გრძელდება ახლა უფრო მეტი ტემპით ვიდრე ოდესმე,” – განაცხადა მან სტუდენტებთან შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხოსე მარია აზნარი.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვარდების რევოლუციით დაიწყო ”ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი ისტორიის”, რაც, მისი თქმით, იყო ”ქართველთა ევროპული ფასეულობების ნამდვილი ტრიუმფი”.
”ლიბერალური და დემოკრატიული თავისუფალი რევოლუციები არ არის მხოლოდ დროშების ქნევა, როგორც ზოგიერთს ჰგონია… ეს ერთხელ ვნახეთ ჩვენ ვარდების რევოლუციის დროს და მერე ვნახეთ ამის ბევრი უბადრუკი იმიტაცია სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მიერ,” – განაცხადა მან.
”საქართველომ აჩვენა მთელ რეგიონს, რომ თავისუფლება არ ნიშნავს ქაოსს; რომ მთავრობის ეფექტურობის ასამაღლებლად არ არის საჭირო მოკლა ჟურნალისტები, როგორც ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში ჩვენ მახლობლობაში,” – განაცხადა სააკაშვილმა.
”ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შესაძლებელია ერთდროულად გქონდეს თავისუფლებაც და წესრიგიც,” – დასძინა მან.
მისი თქმით, საქართველო ”არის ცოცხალი უარყოფა კრემლის პროპაგანდის”.
”ამიტომ ვერ გვიტანენ მოსკოვში. და ამიტომ უნდა მივაღწიოთ წარმატებას, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს,” – განაცხადა სააკაშვილმა.
მან შემდეგ გაიხსენა რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელი განცხადებები და აღნიშნა, რომ პუტინმა ”თავის პრესკონფერენციის უმეტესი ნაწილი მიუძღვნა ჩემ ჰალსტუხს და ჩემ მიერ ჩემი ჰალსტუხის მიმართ განხორციელებულ გარკვეულ ქმედებებს”.
20 ნოემბერს იალტაში თავის უკრაინელ კოლეგასთან იულია ტიმოშენკოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, სააკაშვილის უკრაინაში იმავდროული ვიზიტის შესახებ საუბრისას: ”თუ ორი პრეზიდენტი [სააკაშვილი და იუშჩენკო] გადაწყვეტენ ერთად სადილს, ჯობია ჰალსტუხების გარეშე გამართონ ეს სადილი. ჰალსტუხები ახლა ძვირად ფასობს… ხვდებით ალბათ, რას ვგულისხმობ”.
შემდეგ ტიმოშენკომ, რომელიც პუტინის გვერდზე იდგა იმავე პრესკონფერენციაზე განაცხადა სიცილით: ”მე ნამდვილად შემიძლია სადილის გამართვა ჰალსტუხის გარეშე”.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას შეუძლია გაიგოს, როდესაც ტელეკომპანია ”მაესტრო” აკეთებს ასეთ რაღაცეებს, ”რა ვქნა, მაესტროა და სხვა საქმე არ აქვს”.
”ამხელა ქვეყნის დიდი მეფე… მილიონი პრობლემით, ჩვენგან განსხვავებით, ჩვენ არ გვაქვს ბოლომდე დალხენილი საქმე, მაგრამ იმათი ეკონომიკა იშლება, და სხვა არაფერ თემაზე რომ არ ილაპარაკებს გარდა მეზობელი პატარა სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს, იმის ჰალსტუხზე, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას,” – განაცხადა მან.
”და მე დაწყნარებული ვარ იმიტომ, რომ ადრე პრეზიდენტ სარკოზის სხეულის სხვა ნაწილებზე ესაუბრებოდა და სხვა ნაწილებს ემუქრებოდა; რაც უფრო ზემოთ ავა, მით უფრო წყნარად ვიქნები,” – განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ვერ გაუგია იმ დასავლელი ლიდერების, ”რომელთაც შეუძლიათ მშვიდად ჩამოართვან ხელი იმ სახელმწიფოს მეთაურს, რომელსაც 13 წლის ბავშვები ჰყავს დაკავებული” – მას მხედველობაში ჰყავდა ოთხი ქართველი მოზარდი, რომლებიც 4 ნოემბრის შემდეგ ცხინვალში იმყოფებიან პატიმრობაში.
”მე გამიჭირდებოდა ასეთ პიროვნებასთან საქმის დაჭერა,” – დასძინა სააკაშვილმა