
კონსერვატიული პარტია გათავისუფლებულ ”პოლიტპატიმართა” სიას აქვეყნებს
ბოლო ორი დღის განმავლობაში ”პოლიტიკური ნიშნით დაკავებული” ცხრა პატიმარი საპროცესო შეთანხმებებით – ჯარიმის დაკისრებით ან პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს, ერთს კი სასჯელის ვადა შეუმცირეს.
კონსერვატიული პარტიის ცნობით, გათავისუფლებულთა შორის არიან დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ხუთი აქტივისტი: გოჩა თედორაძე, მამუკა წერეთელი, ნუგზარ გოგატიშვილი, დავით შუბითიძე, დავით ოვაშვილი; ეროვნული ფორუმიდან გიორგი აბულაძე; ასევე ტარიელ კამკამიძე და რამაზ პავლიაშვილი.
ამასთან, ხუთი თვის განმავლობაში პატიმრობაში მყოფი ოთარ ყაველაშვილი ციხიდან ერთ თვეში გამოვა სასჯელის ვადის შემცირების შედეგად.
იმავდროულად, ეროვნული ფორმის ინფორმაციით, მისი კიდევ ერთი აქტივისტი, ირაკლი ჭარბაძე გაათავისუფლეს 2-წლიანი პირობითი სასჯელის შეფარდების სანაცვლოდ.
კონსერვატიულმა პარტიამ ოქტომბერში 2005-2009 წლებში დაკავებულ ”პოლიტპატიმართა” 67-კაციანი სია წარმოადგინა, რომლის დაზუსტებულ ვარიანტსაც პარტია უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.