ევროკავშირის ელჩი: ჩვენ რუსეთთან სეპარატისტულ რეგიონებში დამკვირვებელთა დაშვებაზე ვსაუბრობთ
ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთის წინაშე ევროპელი დამკვირვებლების სეპარატისტულ რეგიონებში შეშვების საკითხის დაყენებას, განაცხადა ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩმა ოლოფ სკუგმა თბილისში 13 ნოემბერს.
”ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით – ჩვენ უნდა ვუთხრათ მათ, ვისაც გავლენა აქვს, მათ შორის რუსეთის ფედერაციას, რომ მისია სრულად ვერ გააკეთებს თავის საქმეს, თუ მას არ ექნება საშუალება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმუშავოს. ჩვენ ხელიდან არ ვუშვებთ შანსს, რომ ეს საკითხი რუსეთის ფედერაციასთან დავაყენოთ,” – განაცხადა მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
იმავე პრესკონფერენციაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სატელიტურ ცენტრთან თანამშრომლობის შედეგად მისიისთვის უკვე ხელმისაწვდომია სატელიტური მონაცემები, ეს მონაცემები ”ყოვლისმთქმელი არ არის” და ”ის სრულად ვერ ჩაანაცვლებს ადგილზე განხორციელებულ მონიტორინგს.”
ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩებმა, რომლებიც 12-14 ნოემბერს საქართველოს სტუმრობენ, ხუთშაბათს, მთელი დღე, სადამკვირვებლო მისიასთან, მათ შორის მისიის საველე ოფისებში გაატარეს. ელჩმა სკუგმა განაცხადა, რომ მისია ”შესანიშნავ სამუშაოს” ასრულებს.
გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ მისიის საქმიანობა არ უნდა შეფასდეს იმის მიხედვით შეუშვებენ თუ არა მას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
”ეს მისია უკვე არის წარმატება, რადგანაც ის არის ობიექტური, მიუკერძოებელი დამკვირვებელი იმისა, რაც ხდება ადგილზე,” – განაცხადა ვაშაძემ.
ელჩმა სკუგმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დამკვირვებელთა ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია ”დაძაბულობის განმუხტვისთვის” განსაკუთრებით კი იმ განცხადებების ფონზე, რომლებიც კეთდება, მათ შორის რუსეთიდან. წარსულში ყოფილა შემთხვევები, როდესაც რუსეთი თბილისს ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად სამხედრო ძალების ზრდაში ადანაშაულებდა, თუმცა ევროკავშირის დამკვირვებლებმა ამგვარი ბრალდებები არ დაადასტურეს.
ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩებმა 13 ნოემბერს შეხვედრები გამართეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილთან; შეხვედრა შედგა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)