skip to content
ახალი ამბები

ქართული დელეგაცია ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა

ქართული დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგა ბოკერიას ხელმძღვანელობით, ჟენევაში გაემგზავრა, სადაც 11 ნოემბერს უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიების მერვე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას.

ბოკერიას ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იქნება მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირიდან, ეუთოდან და გაეროდან პროცესის თანათავმჯდომარეებმა უნდა წარმოადგინონ. სექტემბერში, დისკუსიის მეშვიდე რაუნდზე ძალის არ გამოყენების შესახებ დოკუმენტის პრინციპებზე იმსჯელეს.

საქართველოს განცხადებით, ამგვარი შეთანხმების ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს შორის და ის ასევე უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დეოკუპაციას. თუმცა რუსეთი დიდი ხანია დაჟინებით ითხოვს თბილისსა და სოხუმს შორის და ასევე თბილისსა და ცხინვალს შორის ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებების ხელმოწერას.

”პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს დოკუმენტი ხელმოწერილი ან მოწონებული იქნას უშუალოდ საქართველოს წარმომადგენლების მიერ, ერთის მხრივ, და ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების მიერ, მეორეს მხრივ,”- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ჟენევის დისკუსიების შესახებ 10 ნოემბერს გაზეთ ”იზვესტიაში” გამოქვეყნებულ თავის სტატიაში.

კარასინმა, რომელიც რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობს მოლაპარაკებებზე, ასევე აღნიშნა ის ”კონსტრუქციული” როლი, რომელსაც ევროკავშირის მონიტორინგის მისია ასრულებს შემუშავებული მექანიზმების ფარგლებში.

იმავდროულად, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ არსებული უსაფრთხოების სისტემა საკმარისად ვერ უზრუნველყოფს სტაბილურობას კონფლიქტურ ზონებში, რისი მაგალითიცაა ”მუდმივი გატაცებები”, მათ შორის ბოლო ინციდენტი ოთხი ქართველი მოზარდის დაკავებასთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩებიან. მისი თქმით, ამ ინციდენტს ჟენევაში წამოწევენ.  

”ამ შემთხვევაში გვაქვს ყველაზე უფრო საგანგაშო ტრაგიკულ შემთხვევასთან საქმე იმიტომ, რომ არასრულწლოვანებს ეხება,”- განაცხადა ბოკერიამ, ”მაგრამ ეს არის ნაწილი იმ ზოგადი სურათისა, რომ არსებული უსაფრთხოების არქიტექტურა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანის უფლებები იქნას დაცული როგორც შიგნით, ასევე, როგორც ვხედავთ,  გარეთაც ოკუპირებული ტერიტორიების და სტაბილურობა იქნეს უზრუნველყოფილი”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button