
7 ნოემბრის ორი წლისთავი
- სააკაშვილი: 7 ნოემბერს აქციის დარბევა იყო ”აუცილებლობა“
პარლამენტის შენობის წინ შაბათს მიტინგი გაიმართა, რითაც 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციების დარბევის და ტელეკომპანია ”იმედში” პოლიციის შეჭრის ორი წლისთავი აღინიშნა.
აქციის ორგანიზებაში წამყვანი როლი რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ იკისრა (მათ შორის ”ქართული აკადემია“; ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“). ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აქციაში იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა მათ მიტინგის მონაწილეებისთვის სიტყვით არ მიუმართავთ.
მიტინგის დროს, რომელიც დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა, ორგანიზატორებმა წაიკითხეს აშშ–ისადმი და ევროკავშირისადმი მიმართვები, სადაც ნათქვამია, რომ ”ავტორიტარული მართვით ხელისუფლებას ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციისკენ.“ მიმართვაში მოწოდება კეთდება ევროკავშირის მიმართ, რომ საქართველოს ყველანაირი ფინანსური დახმარება მხოლოდ იმ პირობით უნდა გაეწიოს, თუ ხელისუფლება შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და განახორციელებს დემოკრატიულ რეფორმებს. იმავე მიმართვაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას უნდა დაუწესოს კონკრეტული ვადები ამ რეფორმების განხორციელებისთვის.
აქციის მონაწილეებმა ასევე მოითხოვეს მთავრობისგან პოლიტპატიმრების გათავისუფლება; ტელეკომპანია ”იმედის“ პატარკაციშვილის ოჯახისთვის დაბრუნება და სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებისთვის საჭირო გარემოს შექმნა.
პარლამენტთან აქციის გამართვამდე, მომიტინგეთა ერთი ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ შეიკრიბა და ”პირველი არხისგან“ მოვლენების ობიექტური გაშუქება მოითხოვა.
ასევე 7 ნოემბერს, არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი სასტუმრო ”რედისონში“ შეიკრიბა კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს გზის ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გაიმართა და რომლის მიზანი ხელისუფლების ”დანაშაულირივი ქმედებების” შეფასება იყო.
სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შეფასებითი დოკუმენტით კონფერენციაზე სამი პარტია წარსდგა (საქართველოს გზა; კონსერვატიული პარტია და მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის), თუმცა შეხვედრის ორგანიზატორის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დანარჩენი ოპოზიციური პარტიები მსგავს დოკუმენტებს მოგვიანებით წარმოადგენენ, რაც სავარაუდოდო 23 ნოემბერს ერთ ”შავ წიგნად” დაიდება.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ: ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა -კონსერვატიული პარტია, ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო, კობა დავითაშვილი – ხალხის პარტია, გია გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია, ეკა ბესელია – მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, ზურაბ ტყემელაძე – მრეწველები, პეტრე მამრაძე – მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის, გუგული მაღრაძე – ქალთა პარტია. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საზოგადოებრივი მოძრაობა დაიცავი საქართველო-ს ლიდერი – ლევან გაჩეჩილაძე.
ყველა წარმოდგენილ დოკუმენტში პრეზიდენტის მხრიდან ჩადენილ მთავარ ”დანაშაულად” მიიჩნევა 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის და ტელეკომპანია ”იმედის” დარბევა და 2008 წლის აგისტოს ომი.
კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერის კახა კუკავას თქმით, ”პირველ რიგში სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობას”.
”მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ისტორია მის ნაბიჯებს შეაფასებს, როგორც საქართველოს და ქართველი ერის ღალატს,”- განუცხადა ჟურნალისტებს დაიცავი საქართველოს ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ.
ნინო ბურჯანაძემ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 2007 წლის 7 ნომებრის ”თავიდან აცილება იყო შესაძლებელი. არავითარი აუცილებლობა იმისა, რომ მომხდარიყო ის რაც მოხდა, არ არსებობდა”, თუმცა ”7 ნოემბრის აქცია დაირბა სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლებას არ აწყობდა, რომ ეს აქცია მშვიდობიანად დასრულებულიყო”.
”მათ უნდოდათ, რომ ნათლად ესწავლებინათ საქართველოს მოსახლეობისთვის, კარგად დაესაჯა ის ადამიანები, რომლებმაც გაბედა და ხმა აღიმაღლა მაშინ ხელისუფლების მიერ განხოციელებული ქმედებების გამო, რომ მეორედ მათ ასეთი სურვილი არ გასჩენოდათ,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც 2007 წლის მოვლენების დროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იყო.
ნინო ბურჯანაძის თქმით, ბრძოლა საქართველოს ხელისუფლების შესაცვლელად უნდა გაგრძელდეს, თუმცა მას კონკრეტულ გეგეებზე არ უსაუბრია.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ ორი წლის მანძილზე ვერც ოპოზიციამ ერთად და ვერც ცალ-ცალკე პარტიებმა, ვერც საზოგადოებამ ”ვერანაირი გავლენა ვერ მოვახდინეთ ხელისუფლებაზე”, ვერც აქციებით, ვერც დიალოგით.
”ვერც ერთმა ჩვენთაგანმა ვერანაირი პოლიტიკური გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე ვერ მოვახდინეთ. ეს რეჟიმი მიექანება ტოტალიტარიზმისკენ,”- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა.
”გეგმა არის დაწყება ბრძოლის ან დამონება…. ჩვენ ჩვენს თავში ჩავიხედოთ. ცოტა ხანი არანაირი კონსულტაციები არ არის საჭირო. ყველამ ჩავიხედოთ ჩვენს გულში და ვნახოთ რისთვის ვართ მზად, რამდენი შეგვიძლია ამ ქვეყნისთვის. ეს ეხება ყველას… ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს პირველ რიგში. დღეს 2009 წლის 7 ნოემბერს გვევალება ფიქრი და გვევალება ჭაობიდან გამოსვლა,” – განაცხადა საქართველოს გზის ლიდერმა.
დღეს შეკრებილ ოპოზიციურ პარტიებს კონკრეტულ სამომავლო გეგმებზე არ უსაუბრიათ, თუმცა აცხადებდნენ, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.
6 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაიცვა ხელისუფლების ორი წლის წინანდელი გადაწყვეტილება საპროტესტო აქციის დარბევასთან დაკავშირებით და ის ”აუცილებლობად” შეაფასა.
”ორი წლის წინ მოხდა დიდი შეტაკება თბილისში პოლიციის ძალებსა და მასობრივ მანიფესტაციებს შორის,” – განაცხადა მან, ”მე მინდა კარგად გვესმოდეს, რას ვნანობ მე იმ თარიღთან დაკავშირებით და რას არ ვნანობ”.
”ის, რომ პოლიციამ დაიცვა საზოგადოებრივი წესრიგი, თან ისე, რომ არავინ არ მომკვდარა ძალიან რთულ სიტუაციაში, ეს მრავალ ქვეყანაში ასე მოხდებოდა, თუ ხარ ცივილიზებული ქვეყანა, ეს არის სახელმწიფოს მოვალეობა და ეს არის სახელმწიფოს უფლება,” – განაცხადა მან.
მან განაცხადა, რომ ამ საპროტესტო აქციების უკან ”უცხოური ძალებიც” იდგა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ამ ”უცხოური ძალების” მონაწილეობა ”გადამწყვეტი” ფაქტორი არ ყოფილა.
”ეს მეთოდები გამოვიყენეთ, ეს იყო აუცილებლობა და ეს იყო ჩვენი მოვალეობა,” – განაცხადა მან.
მისი თქმით, პრობლემა თავად აქციის დარბევაში არ მდგომარეობდა. ”სიტუაცია იქ[ამდე] არ უნდა მისულიყო”, როდესაც აქციის დარბევა გახდა საჭირო, აღნიშნა მან.
”ოპოზიცია და მთავრობა აღმოჩნდნენ რადიკალურად დაპირისპირებული ყველა საკითხზე. ეს იყო ძალიან დიდი გაკვეთილი ყველა ჩვენგანისთვის. გაკვეთილი, რომ მთავრობას სჭირდება მეტი ახსნა-განმარტება, მეტი მოთმენა, მეტი მოსმენის უნარი და გაკვეთილი იმისა, რომ ექსტრემიზმი არის დამღუპველი საქართველოსთვის იმიტომ, რომ ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ ვუტევთ ერთმანეთს და თავს ვესხმით ერთმანეთს, ჩვენ ვუგზავნით მოსაწვევს მტერს, რომელიც ამჟამად დაბანაკებულია კავკასიის მეორე მხარეს და ვუგზავნით მათ მოსაწვევს, თვითონ დაგვესხას თავს,” – განაცხადა სააკაშვილმა.