ახალი ამბები

ნოღაიდელი ფინანსური პოლიციის აღდგენის გეგმას აკრიტიკებს

მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერმა, ყოფილმა პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა გააკრიტიკა ხელისუფლების გეგმები აღადგინოს ფინანსური პოლიცია.

”ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკური თავისუფლება კიდევ უფრო შეიზღუდება და ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების დევნა გაგრძელდება, – განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ნოღაიდელმა და დასძინა, რომ  ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბიზნესის დატერორება უფრო მასობრივ ხასიათს მიიღებს. 

თუმცა მან ისიც აღნიშნა, რომ მისი პრემიერობის დროს (2007 წლის ბოლომდე) ფინანსური პოლიცია, რომლის ”დე ფაქტო” გაუქმებასაც ის ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ითხოვდა, არანაირ პოლიტიკურ დაკვეთას არ ასრულებდა და მხოლოდ დაფარული გადასახადების ამოღებით იყო დაკავებული.

ფინანსური პოლიცია 2004 წელს შეიქმნა და ის ოპოზიციის კრიტიკის მუდმივი სამიზნე იყო, როგორც ბიზნესის რეკეტის საშუალება.  ეს სტრუქტურა 2007 წელს გაუქმდა და შეკვეცილი უფლებამოსილებების ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გაერთიანდა საბაჟო და საგადასახადო სამსახურებთან ერთად.

ამჟამად პარლამენტი იხილავს კანონპროექტს ფინანსური პოლიციის აღდგენის შესახებ. პოლიციური ფუნქციებით აღჭურვილი ამ სტრუქტურის ახალი სახელწოდება იქნება ”ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური”.

Back to top button