
ჰაბერი ადგილზე არსებული ვითარების შესახებ საუბრობს
- სიტუაცია ”საკმაოდ მშვიდია”;
- მესამე ქვეყნების მოწვევა არ განიხილება;
- მისია ომის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებამდე პატრულირებას აძლიერებს.
სიტუაცია საქართველოს კონფლიქტურ ზონებში ”საკმაოდ მშვიდია”, თუმცა ადგილი აქვს ”დროდადრო ღამის პერიოდში გასროლებს”, განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა.
”სხვა მხრივ, ადმინისტრაციული საზღვრების გარშემო არსებული პრობლემები ზოგადად უსაფრთხოებას არ უკავშირდება, არამედ უფრო მშვიდობიანი მოსახლეობის მიერ საზღვრის გადაკვეთის კუთხით არსებულ სირთულეებთან არის დაკავშირებული,” – განაცხადა მან 22 სექტემბერს მისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კომენტარში.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აგვისტოს ომის შემსწავლელი კომისიის მიერ ანგარიშის გამოქვეყნების წინ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აპირებს სეპარატისტული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე პატრულირება გააძლიეროს.
”ტალიავინის ანგარიშის გამოქვეყნება, რასაც ამ თვის ბოლოს ველოდებით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. ჩვენ არ ვიცით ამ ანგარიშის შინაარსი. ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა გამოძიებაში ან ანგარიშის მომზადებაში, რადგანაც ომის დაწყებისას ჩვენ აქ არ ვიმყოფებოდით,” – განაცხადა ჰაბერმა.
”რაც შეეხება იმას, თუ რა გავლენა ექნება ანგარიშის გამოქვეყნებას ადგილზე არსებულ სიტუაციაზე, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და იმედია, რომ თვის ბოლოს ისეთივე სიმშვიდე იქნება, როგორც ეს [2009 წლის] 7 აგვისტოს ომის დაწყების ერთი წლის თავზე იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, მისია გააძლიერებს პატრულირებას, რათა ეფექტურად შეძლოს შესაძლო დაძაბულობასთან გამკლავება,” – დასძინა მან.
საქართველოს სურვილთან დაკავშირებით იხილოს აშშ-ის და თურქეთის წარმომადგენლები სადამკვირვებლო მისიაში, ჰაბერმა განაცხადა, რომ მისიას საკმარისი დამკვირვებლები ყავს და რომ ამჟამად მისია მესამე ქვეყნების მონაწილეობას არ საჭიროებს.
”თურქეთის და აშშ-ის მისიაში მოწვევა ეს წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული. არ მაქვს ინფორმაცია, რომ ამ თემაზე რაიმე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ქართულ მხარეს ბევრჯერ შემოუთავაზებია მისიის შემდგომი გაძლიერება, თუმცა ეს საკითხი ამჟამად არ განიხილება,” – განაცხადა ჰაბერმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო პატივს სცემს მისიასა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმით აღებულ ვალდებულებებს, რომელიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე ძალების გადაადგილების გამჭირვალობას ეხება.
”როგორც წესი მცირე ხასიათის დარღვევები ძალიან სწრაფად სწორდება. ახალმა თავდაცვის მინისტრმა უკვე დაგვარწმუნა, რომ ჩვენი სამუშაო ურთიერთობა უცვლელი დარჩება და რომ საქართველო არ მოახდენს რეაგირებას იმაზე, რასაც პროვოკაციად ჩათვლის,” – განაცხადა მან.
ჰაბერმა განაცხადა, რომ მართალია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან კონტაქტებზე ახლა უფრო ადვილად გადიან, მაგრამ მისიის მიერ ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მონიტორინგი ახლო პერსპექტივა ჯერ არ არის.
ბოლოდროინდელ საზღვაო ინციდენტებზე საუბრისას ჰაბერმა განაცხადა, რომ მისია საქართველოს ტერიტორიულ წყლებზე მონიტორინგს არ ახორციელებს, თუმცა ყურადღებით ადევნებს თვალს იქ განვითარებულ მოვლენებს. ამ საკითხს მხარეები მოკლედ შეეხნენ 22 სექტემბერს გალში ინციდენტების პრევენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. იგივე საკითხი 8 სექტემბერს გამართულ ანალოგიურ შეხვედრაზეც განიხილეს.
სეპარატისტული აფხაზეთის ”ტერიტორიული წყლების” დასაცავად სანაპირო დაცვის გემი ”ნოვოროსიისკის” გაგზავნის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილების კომენტირებისას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 22 სექტემბერს, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს მიმართ ”მტაცებლური პოლიტიკის” განხორციელებას. იმავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მილიტარიზაციის პოლიტიკა ”გარდაუვლად გამოიწვევს დაძაბულობის ესკალაციასა და დაემუქრება ამ რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებას”.
ჰაბერის განცხადებით, საზღვაო დავებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები ”ძალიან რთულია” და ”ვურჩევდით თითოეულ მხარეს, რომ დამოუკიდებელი მხარის რჩევები მიიღონ მანამ, სანამ რაიმე ქმედებებს განახორციელებენ”.
”ზოგადად, მიმაჩნია, რომ მხარეები ახლა უფრო ათვითცნობიერებენ იმ პრობლემებს, რომლებიც მათ ქმედებებს შეიძლება მოყვეს,”- დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)