skip to content
ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრი: ”ჩვენ არ გვინდა აფხაზეთის იზოლაციაში მოქცევა”

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ როდესაც საქართველომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან თურქული გემების სეპარატისტულ აფხაზეთში უკანონო შესვლის საკითხი დააყენა, თბილისმა რამოდენიმე ”მწვავე კითხვაც” დასვა, რომელზეც ახლა პასუხს ელის.

ეს საკითხი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმეტ დავუთოღლუს საქართველოში ვიზიტის დროს, 7-8 სექტემბერს იქნა განხილული. ვიზიტის შედეგად ქართულმა მხარემ აგვისტოს შუა რიცხვებში აფხაზეთში უკანონო შესვლისთვის დაკავებული თურქული გემის კაპიტანი გაათავისუფლა.

”ჩვენ ველით თურქეთისგან საკმაოდ მწვავე კითხვებზე პასუხებს იმიტომ, რომ ამ გემებს დოკუმენტაციაში ქონდათ საკმაოდ უცნაური ჩანაწერები, როგორც არის: დანიშნულების ადგილი – სოხუმი, აფხაზეთი; და ჩვენ ველით, რომ დაისჯებიან თურქეთის სათანადო ოფიციალური პირები, ვინც ასეთი რამ დაუშვა – ვთქვათ, რომ ეს უზუსტობა იყო. ჩვენ აღგვითქვეს, რომ ეს ხალხი იქნებიან დაპატიმრებული და პასუხისგებაში მიცემული, რა ფორმით ამას თვითონ გადაწყვეტენ,” – განაცხადა იაკობაშვილმა 15 სექტემბერს რადიო ”თავისუფლების” ქართულ სამსახურთან ინტერვიუში.

მან ასევე განაცხადა, რომ თბილისს სეპარატისტული აფხაზეთი ბლოკადაში არ ჰყავს. ”ეს არის ტყუილი,” – განაცხადა იაკობაშვილმა.

”გემები, რომლებიც ჩვენ დავაპატიმრეთ, იმიტომ კი არ დავაპატიმრეთ რომ წინააღმდეგნი ვართ, რომ აფხაზეთთან იყოს ვაჭრობა, არამედ უბრალოდ ვიძახით, რომ არის პროცედურები, რომლებიც ყველამ უნდა გაიაროს და კი ბატონო შევიდეს, არანაირი პრობლემა არ არის,” – განაცხადა მან.

მინისტრმა დააკონკრეტა, რომ აფხაზეთში მიმავალმა გემებმა აფხაზურ პორტში შესვლამდე თავდაპირველად ქართულ საბაჟოზე უნდა გაიარონ შემოწმება.

”აფხაზეთს ვერ გადავაქცევთ ეფესბე-სა [რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური] გერეუ-ს [რუსეთის გენშტაბის საგარეო დაზვერვის სამმართველო] შავ ხვრელად, საიდანაც შეიძლება ათასი უბედურება გაედინებოდეს და შემოედინებოდეს,” – განაცხადა მან.

მისი ვარაუდით, რუსეთი ცდილობს ნიადაგი მოსინჯოს იმისთვის, რომ სოხუმის პორტი გამოიყენოს ერთ-ერთ მიმღებ პორტად საოლიმპიადო მშენებლობის ტვირთებისთვის. ”ეს არის ნიადაგის მოსინჯვა, როგორც ჩვენთან, ისე დასავლეთთან იმიტომ, რომ რუსეთს კატასტროფულად არ ყოფნის ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ ოლიმპიადა ჩაატაროს 2014 წელს,” – დასძინა მან.

იაკობიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში დაგეგმილი სტრატეგიული დოკუმენტის ერთ-ერთი მიზანი იქნება წინადადებების მომზადება იმ ”მექანიზმების და ინსტრუმენტების” შესაქმნელად, რომელიც აღკვეთს ან შეამცირებს მაინც ამ ტიპის ინციდენტების გამეორებას.

მისი თქმით, ეს სტრატეგიული დოკუმენტი ”ღია კარის პოლიტიკას” დაეფუძნება.

”ჩვენ არ ვაპირებთ არანაირად იზოლაციაში მოვაქციოთ ოკუპირებული ტერიტორიები და ვუბიძგოთ მათ რუსეთისკენ იმაზე მეტად, ვიდრე ისინი უკვე არიან დამონებულები რუსების მიერ,” – დასძინა იაკობაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button