skip to content
ახალი ამბები

მოსკოვის თქმით, სეპარატისტული რეგიონების აღიარება ”ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებიდან ერთი წლის თავზე აცხადებს, რომ შარშან აგვისტოს ომის ”მომენტისთვის შექმნილ პირობებში ეს რუსეთის ხელმძღვანელობის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო”.

”მშვიდობიან ცხინვალზე ქართული სამხედრო მანქანის ბარბაროსული თავდასხმის ფონზე, რომელმაც გამოიწვია ასობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი, ეს ნაბიჯი დაეხმარა შემდგომი სისხლისღვრის შეჩერებას, აგრესორის დაგმობას და რეგიონში სიტუაციის ნორმალიზებას,”- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც 25 აგვისტოს – სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობის წლისთავამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა.

რუსეთის გარდა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა მხოლოდ ნიკარაგუამ აღიარა. მოსკოვი აცხადებს, რომ ის საერთაშორისო თანამეგობრობაზე არ განახორციელებს ზეწოლას ამ პროცესის გასაფართოვებლად, რაც ”უდაოდ შეუწყობდა ხელს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შემდგომ განმტკიცებას”.

”თუმცა  გასაგებია, რომ სამხრეთ კავკასიაში ახალი სამხედრო-პოლიტიკური და სამართლებრივი რეალიების აუღიარებლად შეუძლებელი იქნება საერთაშორისო ყოფნის რაიმე ფორმების განვითარება და გაფართოვება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე,”- ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ რეგიონში განლაგებულ რუს სამხედროებს და მესაზღვრეებს ”აუცილებელი კონტაქტები” აქვთ ევროკავშირის დამკვირვებლებთან, რომელთაც სეპარატისტულ ტერიტორიებზე შევლის უფლებას არ აძლევენ და მხოლოდ ადმინისტრაციული საზღვრისპირა მონაკვეთების მონიტორინგით შემოიფარგლებიან.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევისა და პრემიერ-მინისტრ პუტინის ბოლო დროინდელი ვიზიტები სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, შესაბამისად, ხაზს უსვამს მოსკოვისთვის მათთან ურთიერთობის პრიორიტეტულობას.

”ჩვენ გავაგრძელებთ სოციალურ-ეკონომიკური დახმარების აღმოჩენას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ძმური ხალხებისთვის, მათთან სრულფასოვანი სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობას და ასევე მათი პოზიციების საერთაშორისო არენაზე გაძლიერების ხელშეწყობას,”- აცხადებს სამინისტრო.

განცხადების თანახმად, ამ ეტაპზე ცხინვალთან და სოხუმთან 12 ოფიციალური შეთანხმებაა გაფორმებული. ასევე იგეგმება სამხრეთ ოსეთთან დამატებით 36 და აფხაზეთთან 43 ორმხრივი დოკუმენტის ხელმოწერა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button