ახალი ამბები

დვანში ინციდენტების პრევენციის ფარგლებში მესამე შეხვედრა გაიმართა

ქართული და სამხრეთ ოსური მხარეები დღეს მესამედ შეიკრიბნენ ინციდენტების პრევენციის მექანიზმების ფარგლებში რუსი წარმომადგენლების მონაწილეობით.

შეხვედრა, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებულია, სოფელ დვანში, ადმინისტრაციული საზღვრის ქართულ მხარეს გაიმართა. უკანასკნელი შეხვედრა ამ ფორმატში 29 მაისს შედგა. მას შემდეგ ქართული და ოსური მხარეები 31 ივლისს რუსული მხარის მონაწილეობის გარეშე რიგგარეშედ შეიკრიბნენ.

დღევანდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადრება 12 აგვისტოს სროლის ფაქტზე გაამახვილა, რომელის დროსაც შსს-ის ინფორმაციით, დვანთან ქართული პოლიციის საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს.

საქართველოს შსს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ, რომ მოლაპარაკებების დროს სამხრეთ ოსურმა მხარემ აღიარა, რომ სროლას მართლაც ჰქონდა ადგილი და ცხინვალმა პირობა დადო რომ გამოიძიებს ამ ინციდენტს.

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კომენტარებში ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი მერაბ ჩიგოევი აცხადებს, რომ ”სროლის ფაქტი დაადასტურა ჩვენმა თავდაცვის სამინისტრომ”.

”იმასთან დაკავშირებით, რომ არავინ და პირველ რიგში, სამხრეთ ოსეთი არ არის დაინტერესებული, რომ ამგვარი ინციდენტები ხდებოდეს, ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუკი სროლა მართლაც სამხრეთ ოსური მხრიდან განხორციელდა, მივიღებთ ყველა ზომას მომხდარის გარემოებების გასარკვევად. ასევე ჩვენ მოვითხოვეთ ზუსტად ასეთივე მიდგომა ინციდენტებისადმი, რომლებიც ქართული მხარის გამო ხდება,”- განაცხადა ჩიგოევმა.

მან ასევე განაცხადა, რომ შეხვედრაზე მოითხოვა იმ ხუთი ადამიანის ბედის გარკვევა, რომლებიც ცხინვალის განცხადებით, ქართულ მხარეს ჰყავს დაკავებული. ჩიგოევის თქმით, ორი მათგანი შარშან 8 აგვისტოს დაიჭირეს, სამი კი ოქტომბერში.

მხარეები შეთანხმდნენ შემდეგი შეხვედრა სექტემბრის დასაწყისში სოფელ ერგნეთში გამართონ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button