
მომავალი სახალხო დამცველი პრიორიტეტებზე საუბრობს
ომბუდსმენი არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც ”მთავრობასთან, საჯარო მოხელეებთან მუდმივად კონფლიქტში მყოფი ადამიანი,” განაცხადა სახალხო დამცველის კანდიდატურამ გიორგი ტუღუშმა 31 ივლისს პარლამენტში გამოსვლისას.
პარლამენტმა დღეს მმართველი პარტიის კანდიდატურა გიორგი ტუღუში ახალ სახალხო დამცველად დაამტკიცა ხუთი წლის ვადით; მოვალეობების შესრულებას იგი 16 სექტემბრიდან შეუდგება, როდესაც ამჟამინდელი სახალხო დამცველის სოზარ სუბარის უფლებამოსილების ვადა იწურება. ამ პოსტზე წარდგენილ კიდევ ერთ კანდიდატს – დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომელიც საპარლამენტო უმცირესობამ დაასახელა – მმართველმა უმრავლესობამ ხმა არ მისცა.
“სახალხო დამცველი უნდა ითვლებოდეს ამ სტრუქტურების დამხმარედ, რათა ერთის მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან არ მოხდეს კანონებისა და ადამიანის უფლებების დარღვევა და მეორე მხრივ აღდგეს მოქალაქეების დარღვეული უფლებები,” – განუცხადა ტუღუშმა დეპუტატებს კენჭისყრის დაწყებამდე.
მან ასევე განაცხადა, რომ სახალხო დამცველმა არ უნდა შეიკავოს თავი დაუპირისპიდეს მათ, ვინც კანონი დაარღვია.
პარლამენტის წინაშე საუბრისას, მთლიანობაში ტუღუში თავს იკავებდა სოზარ სუბარის ხუთწლიან საქმიანობაზე კომენტარის გაკეთებისგან, და აცხადებდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო შეეფასებინა პოლიტიზირებული იყო თუ არა სუბარი. ამ ბრალდებას ხელისუფლება და მმართველი პარტია მუდმივად უყენებდა სუბარს და მას ”ოპოზიციურ პოლიტიკოსს” უწოდებდა. ანალოგიური ბრალდებები 31 ივლისის პარლამენტის სხდომაზე კვლავ გაისმა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე სუბარი თავისი პოლიტიკურ მიზნებისთვის იყენებდა, იმის მაგივრად რომ ადამიანის უფლებები დაეცვა.
დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, ტუღუშს, რომელიც ამჟამად ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში მუშაობს, რომლის მიზანიც სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობის გაძლიერებაა, რამოდენიმე მოუხდა სუბარის მუშაობაზე კომენტარის გაკეთება და სახალხო დამცველის მისამართით რამოდენიმე შენიშვნაც გააკეთა. თუმცა ტუღუშმა აღნიშნა, რომ მას ძალიან კარგი თანამშრომლობა ჰქონდა სუბართან. სახალხო დამცველმაც განაცხადა ორიოდე დღის წინ, რომ მას ”ნაყოფიერი თანამშრომლობა” ჰქონდა ტუღუშთან წლების მანძილზე, როდესაც ეს უკანასკნელი ადამიანის უფლებათა საკითხებზე მუშაობდა სხვადასხვა რანგში. სუბარმა ტუღუშს ”კარგი სპეციალისტი” უწოდა.
”მა ვახსენე უკვე, რომ მაქვს განსხვავებული მოსაზრებები, რაზეც მე და ბატონ სუბარ გვისაუბრია არაერთხელ და მე მითქვამს ხშირად, რომ შეიმჩნეოდა რაღაც ტენდენციურობა გარკვეულად მის ანგარიშებში,” – განუცხადა ტუღუშმა დეპუტატებს.
თხოვნაზე დაეკონკრეტებინა მან განაცხადა: ”მე ვეუბნებოდი მას, რომ შეეძლო არააგრესიული ყოფილიყო რაღაც საკითხებზე, უფრო ზუსტი სამართლებრივი ანალიზი გაეკეთებინა ზოგ საკითხებზე. ეს არის და ეს”.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ოპოზიციურმა დეპუტატებმა დააყენეს იყო ”პოლიტპატიმრების” თემა – იმ პირთა საკითხი, რომელიც ადამიანის უფლებათა დამცველი ზოგიერთი ჯგუფის, ოპოზიციური პარტიების და სოზარ სუბარის აზრით, ხელისუფლებამ თავიანთი პოლიტიკური საქმიანობის და ოპოზიციურ პარტიებთან კავშირის გამო დააპატიმრა ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მოტივით.
ტუღუშმა განაცხადა, რომ ასეთი საკითხი, რაც ”სერიოზული ბრალდებაა”, ფრთხილ დამოკიდებულებას საჭიროებს.
”თითოეული ეს შემთხვევა ზედმიწევნით უნდა შეისწავლოს სახალხო დამცველმა და შემდეგ გააკეთოს განცხადებები,” – განაცხადა მან.
დეპუტატებმა საპარლამენტო უმცირებოსიდან ასევე დააყენეს პოლიციის მიერ 2007 წლის 7 ნოემბერს და 2009 წლის 6 მაისს არალეტალური იარაღის გამოყენების საკითხი. სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ხშირად ადანაშაულებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრს ვანო მერაბიშვილს კანონის დარღვევაში ამგვარი იარაღის გამოყენების გამო. პარლამენტმა ივლისის შუა რიცხვებში კანონში პოლიციის ცვლილებები შეიტანა და არალეტალური იარაღი იმ სპეციალური საშუალებების სიაში შეიტანა, რომლის გამოყენებაც პოლიციას შეუძლია.
კითხვაზე უკანონო იყო თუ არა არალეტალური იარაღის გამოყენება, ტუღუშმა უპასუხა: ”იყო გამოყენებული გადამეტებული ძალა 7 ნოემბერს. ეს დაადასტურა ასევე Human Rights Watch-ის დასკვნებმაც. თუმცა, რაც შეეხება არალეტალურ იარაღს, მე არ მიმაჩნია, რომ ომბუდსმენის ფუნქციაა განსაზღვროს ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, თუ არა. ეს არ შედის მის უფლებამოსილებაში”.
”ომბუდსმენი უნდა ეცადოს მაქსიმალურად თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები,” – განაგრძო მან. ”მე მახსოვს ბატონი სოზარის გაკეთებული რეკომენდაციები, ასევე მახსოვს ხელისუფლების არგუმენტი, რომ ეს იყო ნაგულისხმები. უმჯობესია, რომ კანონში ეს იყოს გაწერილი, თუმცა, ვიმეორებ, კანონი ვერ იქნება ამის რეგულირების ზუსტი საშუალება. უნდა იყოს დამატებითი ინსტრუქციები გამოცემული”.
დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ხათუნა გოგორიშვილმა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ ჰკითხეს ტუღუშს იზიარებს თუ არა ის სოზარ სუბარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის დადებული კონკორდატი არღვევს თანასწორობის პრინციპს, რადგანაც შეთანხმება მნიშვნელოვან პრივილეგიებს ანიჭებს მართლმადიდებლურ ეკლესიას საქართველოში არსებულ სხვა რელიგიურ ჯგუფებთან შედარებით. ტუღუშმა განაცხადა, რომ მას საჭიროდ არ მიაჩნია ამ კონკორდატის ”გადახედვა”.
პარლამენტში თავის პრიორიტეტებზე საუბრისას ტუღუშმა განაცხადა, რომ იგი ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებათა დაცვაზე წინასწარი დაკავების საკნებში; ასევე დევნილთა, უმცირესობების, ბავშვთა, საკუთრების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატში ეფექტიანი მექანიზმები უნდა ჩამოყალიბდეს იმ ”ათასობით საჩივარის” განსახილველად, რომელითაც მოქალაქეები ყოველწლიურად მიმართავენ სახალხო დამცველის აპარატს. ”ასევე საჭიროა მოქალაქეებისთვის კონსულტაციების გაწევის ძლიერი მექანიზმების შექმნა”, – დასძინა მან.
ტუღუშმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ანგარიშები საკმაოდ მოცულობითია და საჭიროა მათი შემოკლება, ”რაც სულაც არ ნიშნავს, რომ რაღაც გამოტოვებული იქნება მასში”. ”ანგარიში კითხვადი უნდა იყოს,” – დასძნა მან.