skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: ”პუტინის გეგმა საქართველოს საბოლოო განადგურების შესახებ ჩაიშალა”

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ”ისტორიულმა ვიზიტმა” თბილისში და ვაშინგტონის მიერ საქართველოსთვის გამოხატულმა ძლიერმა მხარდაჭერამ ”ახლა ნამდვილად ჩაშალა პუტინის გეგმები საქართველოს სრული ოკუპაციის და განადგურების თაობაზე,” განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 24 ივლისს.  

მმართველი პარტიის დეპუტატებთან საუბრისას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”გუშინ, როგორც არასდროს, მძაფრად და ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბდა დემოკრატიული სამყაროს პოლიტიკა საქართველოს თავისუფლების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს მომავლის მიმართ”.

”გამოიკვეთა, რომ ყველაფერი ის, რასაც ჩვენი ქვეყნის დამპყრობელი და საქართველოს მტერი მთელი ეს წლები ნერგავდა საქართველოს გარშემო და საქართველოს შიგნით და ცდილობდა ჩაენერგა საქართველოს პოლიტიკურ კლასში – ყველა სტერეოტიპი, ყველა ტყუილი, რომ საქართველო იზოლირებულია, საქართველოს პატივს არავინ სცემს, რომ საქართველოს მომავალი არ აქვს, რომ დემოკრატიას და თავისუფლებას საქართველოში მომავალი არ აქვს, რომ მთავრობა სასწრაფოდ გამოსაცვლელია იმიტომ, რომ სხვანაირად ჩვენ არავინ არ დაგველაპარაკება – ყველაფერი ეს, როგორც ჩვენ ისედაც ვიცოდით, მაგრამ გუშინდელის შემდეგ ამის ლაპარაკი ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. ყველაფერი ეს იყო მტკნარი სიცრუე,” – განაცხადა მან.

”ჩვენმა მტერმა, იმის დამატებით, რასაც ადრე აკონტროლებდა, აიღო რამდენიმე – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც რამდენიმე, თუნდაც ათეული ქართული სოფელი. მაგრამ მან დაკარგა ვითომ მშვიდობიანი მომრიგებლის და ნეიტრალური მსაჯულის როლი. საქართველომ მოიპოვა სერიოზული დიპლომატიური გამარჯვებები… სრულიად ნათლად გამოიკვეთა, რომ ეს არ არის ჩვენი ადგილობრივი პრობლემა, ეს არის მსოფლიო მნიშვნელობის მასშტაბის პრობლემა და აქ საქართველო მარტო არ არის”.

”მინდა, რომ ჩვენმა რუსეთუმებმა დაუსვან კითხვა საკუთარ თავს. რომელი რუსი თანამდებობის პირი, მოხელე, ჩინოვნიკი შეძლებდა ქართველებთან ასე ლაპარაკს, როგორც როგორც გუშინ ილაპარაკა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა? რომელ რუს ჩინოვნიკს შეუძლია ამდენი ადამიანობის ჩვენება, ამდენი სოლიდარობის, ამდენი შენ მდგომარეობაში შესვლის და გაზიარების ჩვენება?” – განაცხადა სააკაშვილმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button